მეტი, ვიდრე შეუძლებელი
შაბათს გაჩახჩახებულ "კამპ ნოუზე" პარაგვაელი ფორვარდი ნელსონ აედო ვალდესი თავისი ახალი კლუბის ნამდვილი გმირი იყო. 26 წლის სამხრეთ ამერიკელს "ერკულესში" დებიუტი ჰქონდა და მან ეს დებიუტი ვიქტორ ვალდესის კარში გატანილი ორი ბურთით აღნიშნა.
მისი კარიერის პირველი წლები კი სულ სხვანაირი იყო, "ერკულესის" გმირი ზუსტად 10 წლის წინათ სამშობლოში თავისი გუნდის სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნის ქვეშ გამართულ სახელდახელო მიწურში ათენებდა ღამეებს, რომ ფეხბურთის თამაშით 6 და-ძმა გამოეკვება. ნელსონი 1983 წლის ნოემბერში დაიბადა პატარა ქალაქ სან ხოაკინში, რომელიც კაგუაზუს მხარის
ჭაბუკი ფორვარდი ქალაქ იპანეს გუნდ "კლუბ ატლეტიკო ტემბეტარიში" ვარჯიშობდა და მთავარ გუნდში ცდილობდა მოხვედრას. 2000 წელს ის მართლაც აიყვანეს მთავარ გუნდში, რომელიც პარაგვაის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობდა - 16-17 წლის ვალდესმა 22 თამაშში 11 გოლი გაიტანა. ნელსონს სურდა მასზე 2,5 წლით უფროსი ნელსონ კუევასის გზა გაეარა, რომელიც ასევე "ტემბეტარიში" თამაშობდა, 1998 წელს კი "რივერ პლეიტში" გადაიყვანეს.
სწორედ მაშინ ბიჭი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა, ბინის ქირას და-ძმების გამო ზოგავდა და 5-ათასიანი სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნის მიწურში ცხოვორბდა, სადაც ზამთრობით სუსხისგან თავს "სახლის" ერთადერთი ავეჯის წყალობით იცავდა - ნელსონმა საიდანღაც მოათრია ძველი საწოლი და ის იმაზე ეძინა. მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხოვრება მეტად ერთფეროვანი იყო - დილაობით თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, თამაშობდა, ღამ-ღამობით კი დრო თავის მიწურში გაჰყავდა. ასე გადიოდა დრო მშობლიური ქალაქიდან მოცილებული ფეხბურთელისთვის, რომელსაც თანაგუნდელებმა "უსახლკარო" შეარქვეს. მაგრამ ვალდესს შრომა და მოთმინება დაუფასდა...
და სწორედ აქ გამოჩნდა კლაუს ალოფსი... წარსულში ცნობილი გერმანელი ბომბარდირი, ევრო-80-ის გამარჯვებული და 1986 წლის მუნდიალის ფინალისტი გუნდის წევრი. იმ ხანობას კლაუს ალოფსი ბრემენის "ვერდერის" სკაუტი გახლდათ და თავის მისიას სამხრეთ ამერიკაში ასრულებდა. 2001 წლის დეკემბერში მან 18 წლის ნელსონ ვალდესის თამაში ნახა და მოეწონა. ალოფსმა ვალდესს ბრემენის "ვერდერში" სინჯები შესთავაზა!
ვალდესს წამიც არ უყოყმანია, მოაგროვა ყველა პირადი ნივთი, რაც კი თავის "სახლში" ებადა და ალოფსს ევროპაში გაჰყვა. სინჯები ფეხბურთელმა ჩააგდო, ის "ვერდერში" არ მოეწონათ. მაგრამ ევროზღაპარი ამით არ დასრულებულა, კლუბის პრეზიდენტმა იურგენ ბორნმა გადაწყვიტა თინეიჯერისთვის მეორე შანსი მიეცა. ამის მიზეზი კი მისი მეუღლე იყო, რომელიც წარმოშობით პარაგვაელი იყო.
ნელსონ ვალდესმა თამაში "ვერდერის" მეორე გუნდში დაიწყო გერმანულ რეგიონალლიგაში. მას საშუალოდ ყოველ ორ თამაშში ერთი გოლი მაინც გაჰქონდა ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და თომას შააფმა "უსახლკარო" პირველ გუნდში დააყენა. "ეს ბიჭი ერთობ მოწადინებულია და ერთი სული აქვს, როდის მიეცემა შანსი", - ირწმუნებოდა შააფი. მართლაც, ნელსონი მალე სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდა. მას ბრაზილიელ აილტონთან და ივან კლასნიჩთან გვერდიგვერდ უწევდა თამაში. "ვალენსიაში" ახლაც ავად ახსოვთ ნელსონ ვალდესის სახელი. სწორედ პარაგვაელმა გამოაგდო "ლოს ჩე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან - შეცვლაზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა, ის მატჩი "ვერდერმა" 2:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ასე რომ, სანამ ვალდესი "კამპ ნოუს" სკალპს მოინადირებდა, დიდი ხნით ადრე "მესტალია" ჰყავს დაჩოქებული.
შემდეგ "ვერდერში" მიროსლავ კლოზე გადავიდა და ნელსონ ვალდესს სათამაშო დრო შეუმცირდა, 2004 წელს "უსახლკარომ" კლუბი გამოიცვალა, დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა, სადაც შარშან დედით პარაგვაელ ლუკას ბარიოსთან ერთად შეტევის წყვილი შექმნა.
"უსახლკაროსთვის" ეროვნული ნაკრების კარიც გაიხსნა, სადაც ნელსონ კუევასი, სალვადორ კაბანიასი, როკე სანტა კრუსი და ოსკარ კარდოსო თამაშობდნენ. მაგრამ თავიდან ყველაფერი რთულად იყო, ვალდესს ურუგვაელი ანიბალ "მანო" რუისი იშვიათად აყენებდა. 2006 წლის მუნდიალის წინ ამის შესახებ ხმამაღლა გამოთქვა შეშფოთება ვალდესმა. "ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ მე და სანტა კრუსი ვთამაშობთ წარმატებით, სანტა კრუსი თამაშობს ძირითად შემადგენლობაში, მე კი არც მიწვევენ, საოცარია", - განაცხადა მაშინ ვალდესმა. რუისმა წყენა გულში არ ჩაიდო და ვალდესიც მიიწვია, არც ინანა, ნელსონი "გუარანის" (ასე ეძახიან პარაგვაის ეროვნულ ნაკრებს სამშობლოში) ფანთა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი გახდა, გაიტანა რამდენიმე გადამწყვეტი ბურთი ნაკრების მაისურით. სწორედ მისმა გოლმა მოუპოვა პარაგვაის ნაკრებს წლევანდელი მუნდიალის საგზური. ნაკრებმა აფრიკაში იმდენად კარგად ითამაშა, რომ სამშობლოში უკვე ლამის მუნდიალის მოგებაზე ალაპარაკდნენ. ვალდესისა და მისი გუნდელების ოცნება მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებმა დაასამარა.
ახლა მისი საფეხბურთო კარიერის ახალი ეტაპი დადგა, მან პირველად ითამაშა ესპანურ პრიმერა დივიზიონში, თანაც როგორ - ლამის უძლეველ "ბარსელონას", რომლისაც ყველას ეშინია, მოკრძალებული "ერკულესი" გაუსწორდა, ორივე გოლი კი სწორედ მან გაიტანა, "უსახლკარომ", ერთ დროს საფეხბურთო გუნდის ტრიბუნის მიწურში მხოვრებმა ნელსონ აედო ვალდესმა!
26 წლის ფეხბურთელი უკვე გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე ის სტადიონი, რომლის მიწურშიც ცხოვრობდა მთელი წლის განმავლობაში, სანამ მხსნელად კლაუს ალოფსი არ მოევლინა. ალიკანტეური კლუბის ისტორიაში პარაგვაელი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, მასში ყველაზე მეტი გადაიხადეს და მას ყველაზე დიდ ხელფასს უხდიან, ტრეზეგეზე მეტსაც კი... დანახარჯის მიუხედავად, "ერკულესის" პრეზიდენტი ვალენტინ ბოტელია კმაყოფილი უნდა იყოს, ვალდესს სუპერდებიუტი გამოუვიდა.
"ამ დღეს ცხოვრებაში არ დავივიწყებ დებიუტი "კამპ ნოუზე" დუბლით აღვნიშნე, ეს იმაზე მეტია, ვიდრე შეუძლებელი", - ამბობს ვალდესი. ამასობაში პარგვაის უკიდურეს სამხრეთში პატარა ქალაქი სან ხოაკინი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა, ყველასგან მივიწყებული და მიტოვებული. იქაური ფოლკლორი ამბობს, რომ ქალაქი პოეტებისა და მუსიკოსების სამშობლოა, თუმცა ყველაზე მეტად ამ ქალაქში იმით ამაყობენ, რომ იქ დაიბადა ბავშვი დიდი საფეხბურთო ნიჭით და ლომის გულით, რომ ერთ დროს უსახლკარო ნელსონ აედო ვალდესი, "ბარსელონას" დამმარცხებელი, მათიანია...
ლელო