ლა ლიგა. XXXII ტური: მადრიდული დერბი და ბარსელონური მოლოდინი

AutoSharing Option
ტური ტურს მიება და ვშიშობთ, მკითხველს ერთმანეთში არ აერიოს. თუმცა 31-ე ტურის ბოლო მატჩზე, რომელიც მალაგას "ლა როსალედაზე" გაიმართა, აუცილებლად დაგვრჩა სათქმელი (მხოლოდ სტატისტიკა შემოგთავაზეთ) - მანუელ პელეგრინის "მალაგა" პირველად გადავიდა მესამე ადგილზე.

აი, რა მოიტანა "ვალენსიის" კრიზისმა. 9 აპრილს "მალაგამ" 3:0 მოუგო "რასინგს", რომლის საშველიც არ არის.

ესეც მესამე
კანტაბრიული კლუბი ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ ესპანეთის კი არა, ბევრად სუსტ პირველობაშიც ვერ ასცდება აუტსაიდერობას - ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მატჩის სტატისტიკაა მეტყველი - ანდალუსიელები ბურთს 70%-ით ფლობდნენ, კანტაბრიელებს კი
კარში არცკი დაურტყამთ.

ანგარიში უფრო მეტიც იქნებოდა, მაგრამ მე-5 წუთზე სანტი კასორლამ პენალტი ვერ გაიტანა. იმ დროისთვის "რასინგი" უკვე 10 კაცით თამაშობდა. პენალტი ხომ იმისთვის დაინიშნა, რომ ფრანსისმა საჯარიმოში ხოსე რონდონი მოცელა. 22-ე წუთზე "ვალენსიის" ყოფილმა ნახევარმცველმა ისკომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ანდალუსიელები მომენტს მომენტზე ანიავებდნენ. 64-ე წუთზე, როგორც იქნა, მათ კვლავ გაიტანეს - კასორლამ თავისი შეცდომა გამოასწორა. მესამე გოლი ვეტერანი ჰოლანდიელის, რუუდ ვან ნისტელროის ანგარიშზეა. მან დუდას ჩამოწოდებულს თავით მიუჩინა ადგილი შეცვლაზე შესული გოლკიპერის, დანი სოტრესის კარში.

თუკი გადავხედავთ კალენდარს, ანდალუსიელებს მესამე ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი აქვთ, რადგან ვალენსიელებს უფრო რთული დაპირისპირებები ელით.

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ძალიან კარგია მესამე ადგილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა, მაგრამ სეზონის ფინიშამდე ჯერ კიდევ 7 ტური რჩება. გუნდმა კარგად ითამაშა. მართალია, პენალტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მერე ძალიან ბევრი შანსი შევქმენით. ძალიან ძნელია მესამე ადგილის შენარჩუნება, როცა კონკურენტებად "ვალენსია", "ატლეტიკო" და "სევილია" გყავს. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია".

ერიდეთ რონალდოს
10 აპრილს ლა ლიგის რიგით 32-ე (ოფიციალური ნუმერაციით ეს ტური სულაც 33-ეა) ტურის სამი მატჩი უკვე გაიმართა. მათ შორის - "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" დაპირისპირება. 11 აპრილს 4 შეხვედრაა, ხოლო 12-ში - 3.

ტურის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ მადრიდული დერბია - 11 აპრილს, ღამით, "ვისენტე კალდერონზე" ერთმანეთის პირისპირ "ატლეტიკო" და "რეალი" დადგებიან. "სამეფო კლუბისთვის" ძალიან მოუხერხებელ დროს ტარდება დერბი. ახლა ქულების დაკარგვა ჟოზე მოურინიოს გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტობიდან აუტსაიდერად აქცევს.

"ელ დერბი მადრილენიო" ჩემპიონატში 1928 წლიდან ტარდება. "რეალმა" 80-ჯერ მოიგო, "ატლეტიკომ" - 35-ჯერ, 31-ჯერ კი დერბი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაც "სამეფო კლუბის" დიდ უპირატესობას ასახავს: 262:197. 10 წელზე მეტია, რაც "ატლეტიკოს" "რეალისთვის" არ მოუგია.

ნოემბრის დაპირისპირება ცუდად ემახსოვრებათ "ატლეტიკოს" ფანებს - კრიშტიანო რონალდომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო "რეალმა" მოწინააღმდეგე 4:1 გაანადგურა. მაგრამ ახლა თამაში "ვისენტე კალდერონზეა", ხოლო "რეალს" ზურგს "ვალენსიასთან" დაკარგული ქულები "უმაგრებს".

ობიექტურობისთვის ისიც აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოსაც" ბევრი უკლია სრულყოფილებამდე - წინა ტურში "ათლეტებმა" სულაც წააგეს მეორე ვალენსიურ კლუბთან, "ლევანტესთან" - 0:2.

კრიშტიანო რონალდოსთვის კიდევ ერთი გოლი სეზონში 50-ე იქნება ყველა საკლუბო ტურნირში.

დიეგო სიმეონემ 9 აპრილიდან დაიწყო "ატლეტიკოს" მზადება დერბისთვის. გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანსაღადაა ორის გარდა - მცველები ანტონიო ლოპესი და სილვიო პერეირა ჯერაც ინდივიდუალურად ემზადებიან და დერბის დააკლდებიან. დიეგო სიმეონემ "ლევანტესთან" მატჩში დაასვენა რადამელ ფალკაო, რომელიც 20 გოლით ლა ლიგის ბომბარდირთა მარაქაშია.

ჟოზე მოურინიოს სერხიო რამოსი უბრუნდება, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა. პორტუგალიელი ვეტერანი რიკარდო კარვალიო კვლავ ტრავმირებულია. ბოლო დროს ჟოზე სასტარტოში რონალდოს, იგუაინს და ბენზემას ერთად ათამაშებს. ასეთ განლაგებაში კი კაკას ადგილი აღარ რჩება.

სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუიშ ფილიპე - გაბი, სუარესი - ადრიან ლოპესი, დიეგო, არდა თურანი - ფალკაო.
რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იგუაინი, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

დაკარგულის დასაბრუნებლად, ისევ მადრიდელებთან
"ვალენსიაც" 11 აპრილს თამაშობს და დაკარგული მესამე ადგილის დასაბრუნებლად იბრძოლებს. მეტოქე მადრიდული "რაიო ვალეკანოა". სანდოვალის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. "ელვებმა" ქვა-ქვაზე არ დატოვეს წინა ტურში "ოსასუნასგან" - 6:0 მოუგეს.

"ვალენსიას" რაც შეეხება, მართალია, "ღამურებმა" მე-3 ადგილი დაკარგეს, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კარგი თამაშით და ქულით იმხელა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, რომ შეიძლება ჩარხი ისევ წაღმა შემოატრიალონ. ამისთვის "ვალენსიას" "მესტალიაზე" აუცილებლად ესაჭიროება გამარჯვება.

მიგელმა და სერხიო კანალესმა უკვე განაახლეს ვარჯიში, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელის თამაში გამორიცხულია, პორტუგალიელსაც მცირე შანსი აქვს. უნაი ემერი ალბათ დააბრუნებს რობერტო სოლდადოს სასტარტო შემადგენლობაში.

"რაიო ვალეკანოს" სეზონის ბოლომდე დააკლდა ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ხავი ფუეგო, რომელმაც მუხლის ძვალი გაიტეხა. საეჭვოა, არგენტინელი ემილიანო არმენტეროსის თამაშიც. გუნდის კაპიტან მიჩელს კი მხარი თითქმის მოურჩა. სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო პიტი დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია: გუაიტა - რ. კოშტა, რამი, რუისი, ალბა - ალბელდა, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი, პიატი - სოლდადო.
რაიო ვალეკანო: რობლესი - ტიტო, არიბასი, პულიდო, კასადო - მოვილია, მიჩუ - ლ. ბანგურა, კოშტა, ტრაშორასი - ტამუდო.

ველას "არსენალის" გახსენებაც არ უნდა
23 წლის მექსიკელი კარლოს ველა სამაგალითოდ შეეწყო დროებით კლუბსა და გარემოს - ლონდონის "არსენალის" ფორვარდი იჯარის წესით "რეალ სოსიედადში" თამაშობს. უფრო ზუსტად, ბრწყინავს - ახალგაზრდა ლეგიონერის ანგარიშზე 9 გოლი და 7 საგოლე პასია.

კარლოსი ამბობს, რომ "არსენალის" გახსენებაც არ სურს.

"როცა სატრანსფერო დრო მოვა, მაშინ ვიფიქრებ ამ საკითხზე. ახლა კი მთელი ენერგია ბასკურ გუნდს მინდა მოვახმარო. მინდა, რაც შეიძლება მეტი გოლი და საგოლე პასი მივითვალო. ვტკბები სან სებასტიანში გატარებული თითოეული წუთით, რადგან ძალიან მიყვარს აქაურობა და არ ვიცი, დავრჩები თუ ვერა. ჩემი აზრით, კარიერისთვის ესპანეთში დავრჩე, მიჯობს. თანაც, მენტალიტეტითაც ეს ქვეყანა უფრო ახლოსაა ჩემთან"
, - უთხრა ველამ "მარკას".

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტური
ოსასუნა-ესპანიოლი 2:0
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი (75. ეჩაიდე), ლოლო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ლო - სეხუდო, რ. გარსია (90. ტიმორი), ლამა - ნინო (86. ლეკიჩი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, ფორლინი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, კ. გომესი (74. რომარიკი) - ს. გარსია (63. ვეისი), ვერდიუ, კოუტინიო - კ. უჩე (69. პანდიანი).
გოლები: 1:0 რ. გარსია (53), 2:0 რ. გარსია (69)
გაფრთხილება: გარსია, სეხუდო, დამია - კოუტინიო, ბაენა, ფორლინი, გომესი, მორენო, ლოპესი
გაძევება: კოუტინიო (55), ფორლინი (82)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 14-4 (4-0); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 15 500

სოსიედადი-ბეტისი 1:1
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, ილარამენდი (77. არანბურუ) - ველა, ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე (71. ჩაბი პრიეტო).
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ჩიკა, პაულაუ, ამაია, ნაჩო - სევილია (57. ბენატი), ირინეი, კანიასი (57. ხ. პერეირა), მონტერო (81. მატილია) - რ. კასტრო, სანტა კრუსი.
გოლები: 1:0 ველა (55), 1:1 რ. კასტრო (69)
გაფრთხილება: კანიასი, კასტრო, ჩიკა
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-12 (4-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 23 000

ბარსელონა-ხეტაფე 4:0
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - პუიოლი, მასკერანო (83. მუნიესა), ადრიანო (76. მონტოია) - კვენკა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, პედრო (78. ტელიო).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, კატა დიასი, ალექსისი, მასილელა - კასკერო, რ. პერესი - რიოსი (90. აროიო), ხ. როდრიგესი (67. ბარადა), დ. კასტრო (67. გავილანი) - მიკუ.
გოლები: 1:0 სანჩესი (13), 2:0 მესი (44), 3:0 სანჩესი (72), პედრო (75)
გაფრთხილება: მესი - გავილანი
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-2 (7-0); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 87 000

11 აპრილი
სპორტინგი-ლევანტე 22:00
ტრავმა: გრეგორი, ეგურენი, მენდი - დელ ორნო

გრანადა-ბილბაო 22:00
ტრავმა: იებდა, დიახატე - გურპეგი, ლოპესი, კასტილიო, ოსიო, მარტინესი

ვალენსია-ვალეკანო 22:00
დისკვალიფიკაცია: პიტი (რაიო)
ტრავმა: კანალესი, ბანეგა, მიგელი - მიჩელი (?), ფუეგო, არმენტეროსი (?)

ატლეტიკო-რეალი 00:00
ტრავმა: ლოპესი, სილვიო - რ. კარვალიო

12 აპრილი
ვილიარეალი-მალაგა 22:00
ტრავმა: როსი - ტულალანი, ხოაკინი, ხუანმი, კაბალიერო, როსარიო, ბაპტიშტა

რასინგი-მალიორკა 23:00
დისკვალიფიკაცია: ფრანსისი (რას)
ტრავმა: მარიო, ტონიო, აკოსტა - ოგუნჯიმი, კევინი, ტეხერა

სევილია-სარაგოსა 00:00
ტრავმა: რეიესი, სპაჰიჩი, პეროტი, კამპანია - ლანძარო, ლაკრუსი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 31 25 4 2 100-27 79
2. ბარსელონა 32 24 6 2 94-23 78
3. მალაგა 31 15 5 11 47-43 50
4. ვალენსია 31 13 10 8 46-37 49
5. ლევანტე 31 14 6 11 44-41 48
6. ოსასუნა 32 11 13 8 37-52 46
7. ატლეტიკო 31 11 9 11 42-37 42
8. სევილია 31 11 9 11 36-33 42
9. ესპანიოლი 32 11 9 12 39-43 42
10. ხეტაფე 32 11 9 12 33-43 42
11. ბილბაო 31 10 11 10 45-42 41
12. ვალეკანო 31 12 4 15 48-53 40
13. ბეტისი 32 11 6 15 39-45 39
14. სოსიედადი 32 10 8 14 39-48 38
15. მალიორკა 31 9 10 12 32-40 37
16. გრანადა 31 10 5 16 28-46 35
17. ვილიარეალი 31 7 11 13 31-45 32
18. სარაგოსა 31 7 7 17 28-56 28
19. რასინგი 31 4 13 14 23-48 25
20. სპორტინგი 31 6 7 18 29-58 25

ბომბარდირები
39 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 14 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული