"ბარსელონა". ეპოქის დასასრული: ADIOS ანუ ADEU პეპ!

AutoSharing Option
დილით ბაზაზე მივიდა და პირველი ფეხბურთელებს განუცხადა, რომ მიდის. კატალონიურად Adeu-ც (მშვიდობით) უთხრა, თუმცა კი გუნდს სეზონის ბოლომდე ისევ გაუძღვება - 41 წლის ხოსეპ გვარდიოლამ, როგორც იქნა, საბოლოოდ თქვა პასუხი და ის უარყოფითია: "ბარსელონადან" მიდის, დიდ გუნდში დიდი ეპოქა დასრულდა... პეპის ეპოქა.

ნაშუადღევს, პრესკონფერენციაზე მივიდა, სადაც საზოგადოებას აცნობა, რომ ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ივნისიდან "ბარსას" აღარ გაწვრთნის. თქვა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შემოდგომით (!!!) მიიღო, მაგრამ მხოლოდ ჩემპიონობის შანსის დაკარგვისა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ჩათვალა საჭიროდ თავისი არჩევანის საჯაროდ გამოცხადება.

მოუბოდიშა ფანებს, ბოლო კვირების გაურკვევლობის გამო, აღნიშნა, რომ მიდის იმიტომ, რომ ფეხბურთში მოტივაცია შეინარჩუნოს.

მიდის, მაგრამ სად? კითხვა, რომელიც ამ დღეებში ყველაზე აქტუალური იქნება მსოფლიო ფეხბურთში. თავად ამბობს, რომ - არსად...

"ყოველთვის მოკლევადიან კონტრაქტებს ვთანხმდებოდი, რადგან "ბარსელონაში" დიდი მოთხოვნები და პასუხისმგებლობაა. მე აქ ვცხოვრობდი, როგორც ფეხბურთელი და მერე როგორც მწვრთნელი. და კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული დეტალი.

მიმაჩნია, რომ 4 წელი ასეთ კლუბში მუშაობის შანსი ძალიან დიდი დროა, უსასრულობაა. შემოდგომით შევედი პრეზიდენტთან და დირექტორთან კაბინეტში და ავუხსენი, რომ ჩემი ეპოქა "ბარსელონაში" სრულდებოდა. მაგრამ ამის თქმა ფეხბურთელებისთვის ვერ გავბედე.

ახლა, როცა ორი მნიშვნელოვანი ტურნირის ტიტულისთვის ბრძოლას ჩამოვცილდით, თქმის დროც მოვიდა.

ოჯახი არაფერ შუაშია, ჩემი მეუღლე იმ დროიდან მიცნობს, როცა ფეხბურთელი ვიყავი, ბავშვები ჯერ პატარები არიან. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, არც საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ ჯერ. უბრალოდ, ფეხბურთიდან გვერდზე გავდგები, დავისვენებ".


წუთებში მისი შემცვლელიც გამოცხადდა - ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ზაფხულიდან გვარდიოლას საქმეს (1 სეზონი) მისი ასისტენტი ტიტო ვილანოვა განაგრძობს.

გვარდიოლას ტიტულები (13)
2008/09 წწ: ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა
2009/10 წწ: ლა ლიგა, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, სუპერკოპა, უეფას სუპერთასი
2010/11 წწ: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, სუპერკოპა
2011/12 წწ: საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, სუპერკოპა, უეფას სუპერთასი

ფრანსესკ "ტიტო" ვილანოვა
დოსიე:
42 წლის
საფეხბურთო კარიერა: ნახევარმცველი. "ბარსელონას" აღზრდილი
1984-1988 - "ბარსას" ასაკობრივი გუნდები
1988-1990 - "ბარსელონა II"
1990-1992 - "ფიგუერესი"
1992-1995 - "სელტა"
1995-1996 - "ბადახოსი"
1996-1997 - "მალიორკა"
1997-1998 - "ლეიდა"
1998-2000 - "ელჩე"
2000 -2002 - "გრამენეტი"

მწვრთნელი
2007-2008 - "ბარსელონა II" (ასისტენტი)
2008-2012 - "ბარსელონა" (ასისტენტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული