რატომ აფურთხეს მოურინიოს სან სებასტიანში?

AutoSharing Option

რონალდოს ფეხით და პეპეს ზურგით მოტანილი სამი ქულა

ჟოზე მოურინიოს პირველი საგარეო გამარჯვება პრიმერა დივიზიონში (როგორც პირველი საშინაო) თანამემამულეებმა მოუტანეს, მაჯერად კრიშტიანო რონალდომ და პეპემ - მატჩის დასრულებას 15 წუთი უკლდა, "ანოეტას" ტაბლოზე 1:1 კიაფობდა, როცა "რეალ სოსიედადის" კარში საჯარიმო დაინიშნა, მანძილი დიდი იყო, მაგრამ რონალდოს სჩვევია ამ დისტანციიდან დარტყმა - ბურთი გზად პეპეს ზურგს შეეხო, მიმართულება იცვალა და ბასკთა ჩილელი კაპიტანი კლაუდიო ბრავო ხახამშრალი დატოვა - 2:1 "რეალის" სასარგებლოდ.

"რეალ სოსიედადის" ფანები ძალიან ცუდად დახვდნენ ჟოზე მოურინიოს, როცა ეს

უკანასკნელი კლუბის ავტობუსიდან ჩამოვიდა - სამი წელია "რეალს" სან სებასტიანში არ უთამაშია და გუნდის "ულტრასები" "სამეფო კლუბს" მოუთმენლად ელოდნენ. ყველაზე მეტად აგრესიულები პორტუგალიელი სპეციალიტს აფურთხებდნენ კიდეც და გაჰყვიროდნენ - "აი, ეს არის პორტუგალიელი ნაბიჭვარი"...

თამაში დაიწყო და, როგორც ფავორიტს შეშვენის, "სამეფო კლუბი" შეტევაზე გადავიდა, ხოლო "რეალ სოსიედადი" კონტრშეტევებით პასუხობდა მეტოქეს. პირველ ათ წუთში "რეალი" 5-ჯერ დაემუქრა ბრავოს კარს. ნელნელა ბასკები სიტუაციაში გაერკვნენ და ინიციატივაც მოიპოვეს, განსაკუთრებით მათი მარჯვენა ნახევარმცელი ჩაბი პრიეტო აქტიურობდა, რომლის ჩაწოდებები მუდამ სახიფათო იყო, პირველ ტაიმშAი მან პირწმინდად დაჩაგრა ბრაზილიელი ვიზავი მარსელო. ფრანგ ანტუან გრიზმანს ორი საგოლე მომენტიც შეექმნა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა ორივეჯერ ააცილა. ახლა უკვე მადრიდელები გადავიდნენ კონტრშეტევებზე, მაგრამ I ტაიმში რონალდო, მესუთ იოზილი და გონსალო იგუაინი თითქმის არ ჩანდნენ. განსაკუთრებით ცუდად გერმანელი თამაშობდა, რომლის ჭკვიანური პასები, თითქოს, სადღაც გაქრა.

მეორე ტაიმი დაიწყო და ანხელ დი მარიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მცველებთან ბრძოლაში ბურთი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და ბრავოს შორეულ კუთხეში გაუტანა. მადრიდელებს გოლით ვეტერანმა ფორვარდმა რაულ ტამუდომ უპასუხა - ექს-ესპანიოლელმა საჯარიმოში ჩაწოდებისა და "რეალის" ცენტრალურ მცველთა შეცდომის შემდეგ ახლო მანძილიდან გაუტანა იკერ კასილიასს. მსოფლიო ჩემპიონი მეკარის მშრალი სერია 331-ე წუთზე შეწყდა. სავარაუდოდ, ტამუდო პასის მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ თანამსაჯმა ეს ვერ შენიშნა. ამას კი 75-ე წუთზე რონალდოს სუპერგოლი მოჰყვა...
ბასკებს გათანაბრება მაინც შეეძლოთ, მათმა საუკეთესო ფეხბურთელმა პრიეტომ კარგად ჩაახვია ბურთი, იკერი უკვე უღონო იყო, მაგრამ "რეალი" ხარიხამ იხსნა. შემდეგ მადრიდელებს კიდევ ორი გოლის გატანა მართებდათ - იგუაინმა მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა, რონალდოს დამატებული კი კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, ბოლოს მარსელომ ნახევარი "რეალ სოსიედადი" მოატყუა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვეღარ გაიტანა. რონალდოს გამარჯვების გოლის მიუხედავად, "სამეფო კლუბში" საუკეთესოები ანხელ დი მარია და ჩაბი ალონსო იყვნენ, მასპინძლებში კი - პრიეტო და გრიზმანი. აღვნიშნავთ, რომ ჩაბი ალონსომ პირველად ითამაშა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. 

თამაშის შემდეგ ანხელ დი მარია ძალიან გახარებული იყო, ეს ხომ მისი საუკეთესო მატჩია "რეალის" რიგებში. "ძალიან კარგი გოლი გამომივიდა, თანაც იმ ფეხით გავიტანე, რომელსაც საერთოდ ვერ ვხმარობ. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრ გოლს გავიტან", - განაცხადა არგენტინელმა მატჩის შემდეგ.

როგორც ჩანს, მოურინიოსა და "რეალის" ხელმძღვანელობას შორის შავმა კატამ გაიარა - ამის მიზეზი პორტუგალიის ფეხბურთის
ფედერაციის შემოთავაზებაა. ეტყობა მოუს, მართლაც გულით სურდა ორი მატჩით ჩაებარებინა ეროვნული ნაკრები: "არ მესმის რატომ არ გამიშვეს პორტუგალიაში. როგორც ვიცი, მე-4 ტურის შემდეგ 10-დღიან შვებულებას მაძლევენ და ის მადრიდში უნდა გავატარო, რატომ" - აინტერესებს "განსაკუთრებულს"...

ასტურიაში ბილბაოს "ატლეტიკმა" ქულის გადარჩენა შეძლო - პირველ 25 წუთში ბასკებმა მეკარე გორკა ირაისოსის მიუტევებელი შეცდომების "წყალობით" ორი გოლი გაუშვეს (დე ლას კუევასი და სანგოი) "სპორტინგისგან", მაგრამ გურპეგიმ თავურით იგორ მარტინესის ჩაწოდების შემდეგ პირველ ტაიმშივე გაქვითა ერთი გოლი, 58-ე წუთზე კი თავითვე მსოფლიოს ჩემპიონმა ფერნანდო ლორენტემ გაიტანა - ორბაისმა კუთხური ჩააწოდა, ლორენტემ კი მასპინძელთა ცენტრალურ მცველს დაასწრო - 2:2.

მიქაელ ლაუდრუპმა სამწვრთნელო დუელი მოუგო ხოსე კამაჩოს - "მალიორკა" შინ კვლავ დაუმარცხებელია, პირველ ტაიმში გონსალო კასტრომ პენალტი გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს თავი ჰოლანდიელმა ჯონათან დე გუზმანმა გამოიჩინა - 2:0. "ესპანიოლისა" და "ალმერიას" დაპირისპირების ბედი ხოსე კალეხონის კურიოზულმა გოლმა გადაწყვიტა, მასპინძლის არცთუ ძლიერი დარტყმა ჯერ მცველმა, შემდეგ კი ბრაზილიელმა მეკარე ალვეშმა გაატარეს - 1:0. "ესპანიოლს" გამარჯვება ძვირად დაუჯდა, ტრავმა მიიღო შემტევმა ივან ალოსნომ და ის "რეალთან" ვეღარ ითამაშებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური

ესპანიოლი-ალმერია  1:0
გოლი: 1:0 კალეხონი (47)


მალიორკა-ოსასუნა 2:0
გოლები: 2:0 კასტრო (25-პენ), 2:0 დე გუზმანი (93)


სპორტინგი-ბილბაო 2:2
გოლები: 1:0 დე ლას კუევასი (12), 2:0 სანგოი (23), 2:1 გურპეგი (28), 2:2 ლორენტე (58)

რეალ სოსიედადი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 დი მარია (51), 1:1 ტამუდო (61), 1:2 რონალდო (75)

სეგუნდა დივიზიონი. IV ტური

ბარსელონა B-ელჩე 2:0
გოლები: 1:0 სორიანო (41), 2:0 ნოლიტო (81)


ტენერიფე-სელტა 0:2
გოლები: 0:1 ტრაშორასი (13), 0:2 კატალა (25)


ალკორკონი-ხირონა 3:1
გოლები: 0:1პერაგონი (1), 1:1 ქუინი (15პენ), 2:1 ქუინი (78), 3:1 ქუინი (92)
გაძევება: პერაგონი (36. ხირონა)


კორდობა-ხერესი 0:2
გოლები: 0:1 მორენო (34), 0:2 რედონდო (83)


უესკა-სალამანკა 0:1
გოლი: 0:1 პერიკო (59)
გაძევება: ეჩაიდე (89. უესკა)


ნუმანსია-კარტახენა  2:0
გოლები: 1:0 ნაგორე (64), 2:0 ბარკერო (72)

 ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული