რას ვიზამთ, ეს ესპანეთია, სადაც ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება, თუნდაც... ეროვნულმა ჰიმნმა!
27 წამი 52-ის ნაცვლად
კარგახანს ვერ მოხერხდა "სამეფო თასის" ფინალის გამართვის თარიღისა და ადგილის შერჩევა, "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკსა" და "ბარსელონას" საერთოდ არ დაუთმო სტადიონი. საბოლოოდ დადგინდა, რომ მატჩი "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება. ხოსეპ გვარდიოლა შეეცდება, "ბარსელონაში" მუშაობის ფანტასტიკური პერიოდი მორიგი ტიტულით დაასრულოს, მაგრამ...
ამას წინათ სიტყვით მადრიდის ავტონომიის ხელმძღვანელი, ქალბატონი ესტელა აგირე გამოვიდა და იცით, რა
ეს ერთი უკიდურესობა. ახლა მეორეც - ამის შესახებ აზრს "ბარსელონას" მცველ ჟერარდ პიკეს დაეკითხნენ, რომელმაც განაცხადა, რომ თავისუფალ ქვეყანაში ფანებს აზრის გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდენთო.
წარმოიდგინეთ, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ბურჯი ეროვნული ჰიმნის დროს სტვენას "აზრის გამოხატვას" უწოდებს!
და აი, რა გადაწყვეტილება მიიღეს - 25 მაისს "ვისენტე კალდერონზე" ესპანეთის ჰიმნი პროტოკოლით გათვალისწინებული 52 წამის ნაცვლად 27 წამის განმავლობაში გაჟღერდება. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ ოფიციალურად, რომ სტვენის გვეშინიაო და ოფიციალური განმარტება მოიგონეს - თასის ფინალს მეფე ხუან კარლოსი არ ესწრება, სამეფო ოჯახს ფელიპე, ასტურიის პრინცი წარადგენს და ჰიმნის შემოკლებული ვერსიაც ამიტომ გაჟღერდებაო.
ისე, მოხერხებული ფანი 27 წამის განმავლობაშიც კარგად მოახერხებს სტვენას.
28 წლის შემდეგ?
Campeonato de Espana – Copa de Su Majestad el Rey de Futbol - ეს ესპანეთის თასის სრული, ოფიციალური დასახელებაა. ტურნირი 1902 წელს დაარსდა და მის დღევანდელ ფინალში სწორედ ის ორი კლუბია გასული, რომელთაც ყველაზე მეტჯერ მოუგიათ თასი.
"ბარსელონამ" სამეფო ტიტული 25-ჯერ მოიპოვა, "ბილბაომ" - 23-ჯერ. ტიტულების მიხედვით, "რეალი" მხოლოდ მესამეა - 18 გამარჯვება. "ბარსელონამ" ბოლოს 2009 წელს მოიგო თასი, "ბილბაომ" კი - 1984 წელს - 28 წლის წინათ!
ეს ფინალი 2009 წლის შეხვედრის რემატჩია - მაშინ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ხოაკინ კაპაროსის "ბილბაოს" 4:1 მოუგო "მესტალიაზე". 50 ათასმა ფანმა ნახა ეს შეხვედრა ვალენსიაში: გაისკა ტოკერომ მე-8 წუთზე დააწინაურა ბასკები, მაგრამ იაია ტურემ 32-ე წუთზე გაათანაბრა. მეორე ტაიმში გოლები გორკა ირაისოსის კარში ლეო მესიმ (55), ბოიან კრკიჩმა (57) და ჩავიმ (64) გაიტანეს.
სხვათა შორის, მაშინაც დიდი ამბავი გამოიწვია ჰიმნმა, რომელსაც ბასკებმა და კატალონიელებმა ერთიანად უსტვინეს. ესპანეთის ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა და ჰიმნი მხოლოდ შესვენებაზე აჩვენა, ოღონდ სტვენის ხმა აღარ ისმოდა. მაშინ თანამდებობა დაკარგა TVE-ს სპორტის განყოფილების შეფმა ხულიან რეიესმა.
ბარემ ამ მატჩის შემადგენლობებსაც გაგაცნობთ:
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, ოსიო, ამორებიეტა, კოიკილი - ორბაისი (61. ველესი), ხ. მარტინესი, იესტე (კაპიტანი), დ. ლოპესი (56. სუსაეტა) - ფ. ლორენტე, ტოკერო (61. ეჩებერია).
ბარსელონა: პინტო - დანი ალვეში, ი. ტურე (89. სილვინიო), პიკე, პუიოლი (კაპიტანი) - ჩავი (88. პედრო), ბუსკეტსი, კეიტა - მესი, ეტოო, კრკიჩი (84. ჰლები).
ბოლო 10 ფინალი
2011: რეალი-ბარსელონა 1:0 (დ.დ.)
2010: სევილია-ატლეტიკო 2:0
2009: ბარსელონა-ბილბაო 4:1
2008: ვალენსია-ხეტაფე 3:1
2007: სევილია-ხეტაფე 1:0
2006: ესპანიოლი-სარაგოსა 4:1
2005: ბეტისი-ოსასუნა 2:1 (დ.დ.)
2004: სარაგოსა-რეალი 3:2 (დ.დ.)
2003: მალიორკა-უელვა 3:0
2002: დეპორტივო-რეალი 2:1
იქ, სადაც დაიწყო, დამთავრდება?
ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონა" 2008 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ამ თამაშის შემდეგ დატოვებს გუნდს. პეპმა 4 წელიწადში საოცრება ჩაიდინა - 13 ტიტული მოუპოვა გუნდს! აქედან მხოლოდ ერთია ესპანეთის თასი - 2009 წელს "მესტალიაზე" გუნდმა "ბილბაო" 4:1 დაამარცხა.
ეს თამაში უკვე განვიხილეთ. ერთსაც ვიტყვით - ეს იყო პეპის პირველი ტიტული "ბარსელონაში". ახლა მას შანსი აქვს, თასის ფინალით დაწყებული ისევ ფინალით დაასრულოს, მოიგოს მე-14 ტიტული გუნდისთვის და წავიდეს. თანაც, ფინალში ისევ ის მეტოქეა.
ხელთათმანი ნასროლია
იკერ მუნიაინი სულ რაღაც 19 წლისაა, მაგრამ მას უკვე კარგად იცნობს საფეხბურთო სამყარო - ბასკთა ამომავალ ვარსკვლავს სულაც ევრო 2012-ზე თამაშის შანსი აქვს. მაგრამ, რაც მან მატჩის წინა დღეს თქვა, მაინც ნამეტანია - "ესპანელმა მესიმ" განაცხადა, რომ "ბილბაო" "ბარსას" ბურთს დაუმალავს და მეტოქეს იძულებულს გახდის, ირბინოს მთელ მოედანზე და იბრძოლოს ბურთისთვის.
ასეთი რამ, რაც ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონაშია", არასოდეს მომხდარა - ყოველთვის ბურთის ფლობის პროცენტი კატალონიელთა მხარეს იყო, მეტოქეს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ვნახოთ, თამამ განცხადებას რა მოჰყვება. ისე, მუნიაინმა ისიც თქვა, გვარდიოლასთვის "ბილბაო" შესანიშნავი სამუშაო ადგილი იქნებოდაო. არა გვგონია, მარსელო ბიელსას შეგირდის ეს სიტყვები მოეწონოს.
დაცვის გარეშე
მაშინ, როცა ბასკებს თითქმის არ ჰყავთ ტრავმირებული ფეხბურთელები, "ბარსელონაში" ნამდვილი ლაზარეთია - გვარდიოლას დაცვის ხაზი, ფაქტობრივად, არ ჰყავს - დანი ალვეში, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, ანდრეუ ფონტასი - ამათი თამაში გამორიცხულია. გვარდიოლა, სავარაუდოდ, ალვეშს მარტინ მონტოიათი ჩაანაცვლებს, პიკეს ხავიერ მასკერანო შეუწყვილდება, ხოლო მარცხენა ფლანგზე ადრიანო დადგება.
"ბილბაოს" ნახევარმცველი ანდერ იტურასპე ვირუსს ებრძვის. ამიტომაც მან რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, თუმცა თამაშს შეძლებს.
ფაქტები
* "ბილბაო" საშინელ ფორმაშია - ბოლო ხუთი მატჩია, არათუ ვერ მოუგია, გოლი ვერ გაუტანია.
* ეს გუნდები ესპანეთის თასის ფინალში მეშვიდედ ხვდებიან ერთმანეთს. წინა 6 დაპირისპირებიდან 4 კატალონიელებმა მოიგეს, 2 - ბასკებმა.
* "ბილბაომ", რომელმაც ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა, ევროპალიგის საგზური ფინალში გასვლით უკვე მოიპოვა, მაგრამ თუ ფინალს წააგებს, ამ ტურნირში მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, ხოლო თასის აღების შემთხვევაში - პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან.
* "ბარსელონას" ბოლო ხუთი მატჩია, არ წაუგია: 3 მოგება, 2 ფრე.
* ამ სეზონში გუნდების პირველი დაპირისპირება ბილბაოში (ნოემბერში) 2:2 დასრულდა, აპრილში კი "კამპ ნოუზე" "ბარსამ" 2:0 მოიგო.
* * *
მაშ ასე, გვარდიოლამ უკვე ჩაატარა უკანასკნელი ვარჯიში "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში. ახლა უკანასკნელი მატჩის დროა...
25.05. ესპანეთი. კოპა დელ რეი. ფინალი
ბილბაო-ბარსელონა 00:00
ტრავმა: იტურასპე (?) - ვილია, ფონტასი, აბიდალი, დანი ალვეში, პუიოლი
სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - დე მარკოსი, იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.
ბარსელონა: პინტო - მონტოია, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, სანჩესი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"