ჟოზე მოურინიო: მთვარეზე გავფრინდი

AutoSharing Option

დღეს
ბილბაო-მალიორკა 22:00
ოსასუნა-რეალ სოსიედადი 22:00
რეალი-ესპანიოლი 00:00


სერხიო კანალესი სამი კვირით დაშავდა

ესპანური პრიმერას მესამე და მეოთხე ტურს შორის სულ რაღაც 23-საათიანი პაუზაა, დღეს ჩემპიონატში სამი მატჩი გველის, რომელთაგანაც ყველაზე საინტერესო მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირებაა, ოღონდ არა მთავარი - "რეალი" ბარსელონას მეორე კლუბს, "ესპანიოლს" მასპინძლობს.

ჟოზე მოურინიოს სან სებასტიანში მრავალფეროვანი ვიზიტი გამოუვიდა, ბასკთა მიწაზე ფეხი არ ჰქონდა დადგმული, რომ "რეალ სოსიედადის" ფანებმა "რეალის" ავტობუსს ალყა შემოარტყეს. განსაკუთრებით "განსაკუთრებულს" "მოხვდა" - მას აგინეს და აფურთხეს, თუმცა მოუმ მიზანს მიაღწია - "ანოეტადან" სამი ქულა წამოიღო. მადრიდში დაბრუნებული

"რეალი" პორტუგალიელმა საგულდაგულოდ ჩაკეტა, დასვენების დღე გააუქმა და ბაზაზე კვირას და ორშაბათს დახურულ კარს მიღმა ავარჯიშა "ესპანიოლთან" მატჩისთვის.

გვეგონა მოურინიოს "რეალის" ხელმღძღვანელობასთან პრობლემები შეექმნებოდა იმის გამო, რომ მან პორტუგალიის ნაკრებში არ გაშვებისთვის ხმამაღლა გამოხატა უკმაყოფილება გუნდის შეფობისადმი. გუშინ ჟოზე პრესკონფერენენციაზე გაბადრული დაუხვდა ჟურნალისტებს და "რეალის" მწვრთნელობა მთვარეზე გაფრენას შეადარა.

"ესპანიოლი" ძალიან კარგი გუნდია და, დარწმუნებული ვარ, აქ მოსაგებად ჩამოვა. არ შეიძლება რომელიმე მეტოქეს მსუბუქად მიუდგე და ჩვენ ამას არც ვაპირებთ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ცხრილის სათავეში, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ, მთავარია მოგეგები გავაგრძელოთ და გუნდს სტაბილურობა შევძინოთ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შემდეგ კი მან "რეალის" მწვრთნელობის პატივზე ილაპარაკა: "რეალის" მწვრთნელად გახდომა იგივეა, რაც მთვარეზე გაფრენა. ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია მსოფლიოში. მე ამას მივაღწიე, თუმცა ჯერ არაფერი მომიგია. ჩემი მწვრთნელობის 10-მა წელმა ჩქარა გაირბინა და ისეთივე მოწადინებული ვარ, როგორც - მაშინ. ვფიქრობ, 10 წლის მერეც არაფერი შეიცვლება. ალბათ, ალექს ფერგიუსონივივით ვიქნები, რომელსაც 70 წლის ასაკშიც არ განელებია მწვრთნელობის ჟინი".
შემდეგ მოურინიომ ბევრი ილაპარაკა კრიშტიანო რონალდოზე, აღნიშნა, რომ რონალდო ნამდვილი ლიდერია, ვარჯიშებზე ბევრს შრომობს და თანაგუნდელებსაც დიდად ეხმარება.

ვარჯიშები დახურული კი იყო, მაგრამ იქიდან "რეალის" გულშემატკივრებისათვის უსიამოვნო ამბავი მაინც გამოვიდა - ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა "რეალის" თინეიჯერმა პლეიმეიქერმა სერხიო კანალესმა. გუშინ გადაღებულმა რენტგენმა აჩვენა, რომ კანალესს სამი კვირის განმავლობაში მოედანზე არ უნდა ველოდოთ.

ზუსტად ასეთი ტრავმა მოირჩინა რაულ ალბიოლმა, რომელიც მალე სრული დატვირთვით ივარჯიშებს, თუმცა ალბიოლი "ესპანიოლთან" მატჩში არ იქნება. კაკა, გარაი და გაგო კიდევ კარგა ხანს ვერ დაეხმარებიან "სამეფო კლუბს".
უკეთეს მდგომარეობაში არც "ესპანიოლის" არგენტინელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინიოა - ბოლო ტურში კოჭი დაიზიანა გუნდის შემტევმა ივან ალონსომ და მისი თამაში ერთი თვე გამორიცხულია. თუ გავიხსენებთ, რომ მეორე ტურში ამდენივე ხნით კლუბმა იტალიელი ფორვარდი პაბლო დანიელ ოსვალდო დაკარგა, "ესპანიოლს" მასპინძელთა კართან ხიფათის შექმნა ძალიან გაუჭირდებათ. ბრაზილიელი ფელიპე მატიონი კი "ესპანიოლის" რიგებში მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდება. ერთადერთი პოზიტიური ისაა, რომ მცველ ჩიკას დისკვალიფიკაცია მოეხსნა.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი - ს. რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო - ხედირა, ალონსო - რონალდო, იოზილი, დი მარია - იგუაინი.
ესპანიოლი: კამენი - ჩიკა, რუისი, ფორლინი, დ. გარსია - დუშერი, ვერდიუ, მარკესი - დატოლო, ლ. გარსია, კალეხონი.


მესის 10 დღე და SMS-ით გაგზავნილი ბოდიში

"ბარსელონას" ფანებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა გაიგეს, რომ ლიონელ მესის ტრავმა ისეთი მძიმეც არ აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო"-"ბარსელონას" შეხვედრის მიწურულს არგენტინელს ტომაშ უიფალუში ეუხეშა, ჩეხმა მეტოქეს მარჯვენა ფეხის კოჭში ჩაარტყა. რის შემდეგაც მესიმ თამაში ვერ გააგრძელა, ხოლო მისი კოჭი თვალსა და ხელს შუა გასივდა.
გუშინ მესის ყველანაირი სკანირება ჩაუტარეს და დადგინდა, ის მოედანზე იმაზე ადრე გამოვა, ვიდრე თავიდან ივარაუდეს - "ბარსელონას" ექიმები ირწმუნებიან, რომ, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, მას ფეხზე 10 დღეში წამოაყენებენ. ამგვარად "ლა პულგა" პრიმერას ორ მატჩს გამოტოვებს "სპორტინგთან" და "ბილბაოსთან", "ბარსას" კი ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაუბრუნდება, ყაზანში "რუბინის" წინააღმდეგ.

გუშინ მადრიდში პრესკონფერენცია მოაწყო ტომაშ უიფალუშიმ, რომელმაც საჯაროდ მოუბოდიშა ლეო მესის. ის ირწმუნება, რომ ბურთზე ითამაშა და წინასწარ განზრახვით არ დაუზიანებია არგენტინელი. "მე ჯერ ბურთს შევეხე და მხოლოდ ამის შემდეგ იყო კონტაქტი მესის ფეხთან. გუშინ ეს შეუძლებელი იყო, დღეს კი სერხიო აგუეროს დახმარებით, მესის SMS გავუგზავნე", - განაცხადა ჩეხმა და "ბარსელონას" ვარსკვლავს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

უიფალუშიმ ხოსეპ გვარდიოლასაც უპასუხა, რომელმაც კვირის ინციდენტის შემდეგ, საჯაროდ მოითხოვა "ბარსელონას" ვარსკვლავთა დაცვა უხეში ფეხბურთელებისაგან. "უხეშობისგან ყველა ერთნაირად უნდა დაიცვან და არა მხოლოდ საუკეთესო", - განაცხადა ჩეხმა. 


ლა ლიგა. III ტური


დეპორი, ისევ ფრე


წუხელ მე-3 ტური გალისიურ-მადრიდული დაპირისპირებით დასრულდა, მოვლენებით დახუნძლულ მატჩში "დეპორტივომ" და "ხეტაფემ" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 2:2. "დეპორს" სეზონში ჯერ არც მოუგია და არც წაუგია. პირველ ტაიმში "აზულონესი" მასპინძელთა მცველის, დიეგო კოლოტოს შეცდომამ დააწინაურა. მეორეში კი სტუმართა კარში ორი პენალტი დაინიშნა და მექსიკელმა ანდრეს გუარდადომ ორივე გოლად აქცია. მიჩელის გუნდმა ქულა მაინც იხსნა, ხავიერ არისმენდი საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ "ხეტაფემ" ბოლო ათი წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გაძლო, მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის პედრო მოსკერა გააძევეს.

დეპორტივო-ხეტაფე 2:2
დეპორტივო (4-2-3-1): მანუ  - მ. პაბლო, ლოპო, კოლოტო, მორელი - პერესი, ტომასი - ურეტა (42. დეზმარე), მიჩელი (39. ლასადი), გუარდადო - ადრიანი (80. რიკი).
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი (15. კოდინა) - მ. ტორესი, დიასი, მარკანო, მანე - ბოატენგი, მოსკერა - მანუ, პარეხო, არისმენდი (69. მიკუ) - კოლუნგა (80. კასკერო).
გოლები: 0:1 კოლოტო (33 ს.კ.), 1:1 გუარდადო (49-პენ), 2:1 გუარდადო (56-პენ), 2:2 არისმენდი (69)
გაფრთხილება: ლასადი-მოსკერა, მარკანო, ბოატენგი, დიასი, მანუ.
გაძევება: მოსკერა (80)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 26-12 (11-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 000

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალენსია 3 3 0 0 6-2 9
2. სევილია 3 2 1 0 6-2 7
3. რეალი 3 2 1 0 3-1 7
4. ატლეტიკო 3 2 0 1 7-3 6
5. ვილიარეალი 3 2 0 1 6-2 6
6. ბარსელონა 3 2 0 1 5-3 6
7. ესპანიოლი 3 2 0 1 4-5 6
8. ხეტაფე 3 1 1 1 7-6 4
9. ბილბაო 3 1 1 1 4-4 4
10. სოსიედადი 3 1 1 1 4-4 4
11. მალიორკა 3 1 1 1 2-2 4
12. სპორტინგი 3 1 1 1 4-6 4
13. ერკულესი 3 1 0 2 3-3 3
14. დეპორტივო 3 0 3 0 2-2 3
15. მალაგა 3 1 0 2 7-8 3
16. რასინგი 3 1 0 2 2-4 3
17. ალმერია 3 0 2 1 2-3 2
18. სარაგოსა 3 0 1 2 3-7 1
19. ოსასუნა 3 0 1 2 0-3 1
20. ლევანტე 3 0 0 3 3-10 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული