პრიმერაში ყველას დამარცხებული სჯობია

AutoSharing Option

ორი ჩემპიონი და კატალონიური დაცვა

საოცარია, მაგრამ ფაქტია - გამოცემა გოლ.კომ-ი ლა ლიგის III ტურის სიმბოლურ ნაკრებს აქვეყნებს და კვლავ რჩეულთა შორის ერთი ფეხბურთელიც არაა, რომელიც წინა ტურებში მოხვდა სიმბოლურში. მაშ ასე, ახალი 11-ეული (3-4-3 ტაქტიკური სქემით) ასე გამოიყურება.

მეკარე
დავით დე ხეა (ატლეტიკო): სეზონში პირველად სიმბოლურ გუნდში მოხვდა მეკარე, რომელმაც არა მარტო გოლი გაუშვა, არამედ მისმა გუნდმა თამაში წააგო. 19 წლის გოლკიპერს ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯობას უწინასწარმეტყველებენ და დე ხეაც დღითიდღე ამართლებს სპეციალისტთა იმედებს. რომ არა მეკარე, "ლოს კოლჩონეროსი" უფრო

დიდი ანგარიშით უნდა დამარცხებულიყო დიდებულად მოთამაშე "ბარსელონასთან". დე ხეამ ვილიას, ჩავის და პედროს რთული ბურთები აუღო. ყველაზე ნაკლებად ის იყო კატალონიელებთან მარცხში დამნაშავე.
მცველები

ენრიკე (რასინგი): "ბარსელონადან" სანტანდერში განათხოვრებული ბრაზილიელი მცველის კარგმა თამაშმა "ვერდიბლანკოსს" სეზონში პირველად "მშრალად" შეუნახა კარი. ენრიკემ შეტევაშიც იყოჩაღა და თავურით გუნდის მეორე გოლიც შეაგდო.

კარლეს პუიოლი (ბარსელონა): "ვისენტე კალდერონი" "ბარსელონასთვის" ყველაზე არასტუმართმოყვარე სტადიონია, თუმცა ამ სეზონში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ნავსი გატეხა, რაშიც კაპიტნის დამსახურება დიდია. როცა "ატლეტიკომ" ძლიერად შეუტია,
პუიოლი იყო ის კაცი, რომელიც საჯარიმოში ჩაწოდებულ-დარტყმულ ნებისმიერ ბურთს გადაეღობა. ამასთან, მან ფეხი არ გაანძრევინა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელ დიეგო ფორლანს. როგორც ჩანს, "ბარსელონას" "ერკულესთან" სწორედ პუიოლი აკლდა.

ხოსე კასერესი (სევილია): სიმბოლურის დაცვის ხაზი მთლიანად "ბარსელონას" ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუკი პუიოლი "ბლაუგრანას" კაპიტანია, ენრიკე და კასერესი სხვა გუნდებში არიან განათხოვრებულნი. ანდალუსიურ დერბიში "სევილიას" სწორედ კასერესის გოლმა მოაგებინა "მალაგასთან". კასერესმა დაცვის ცენტრში ითამაშა, იმ პოზიციაზე, რომელზეც ყველაზე მეტად უყვარს თამაში. ის თანაგუნდელებთან ერთად კარგად გაუმკლავდა "მალაგას" სამკაციან თავდასხმას, რომელმაც წინა ტურში 5 გოლი შეაგდო. ტაიმის მიწურულს კი კასერესმა "ნერვიონენსესის" რიგებში პირველი გოლიც გაიტანა.
ნახევარმცველები

ანხელ დი მარია (რეალი): "რეალ სოსიედადთან" მატჩში "რეალის" რამდენიმე ვარსკლავმა ვერ გამოიჩინა თავი, სამაგიეროდ ანხელ დი მარიამ იყოჩაღა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. "ბენფიკას" ყოფილი ვინგერი ნელნელა "რეალის" ლიდერთაგანი ხდება.

პაბლო ერნანდესი (ვალენსია): მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დავიდ ვილიამ და დავიდ სილვამ " დატოვეს - პაბლო ერნანდესი პირველად თამაშობდა "ლოს ჩეს" სასტარტოში. "ერკულესთან" 2:1 მოგებულ მატჩში პაბლო სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო. ერნანდესმა 20 მეტრიდან სუპერგოლი გაიტანა და ხუან მატას გოლშიც ლომის წილი დაიდო. ვფიქრობთ, პაბლო უკვე ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებას იმსახურებს.

დიეგო პეროტი (სევილია): "სევილიას" ტრავმის გამო ხესუს ნავასი არ ჰყოლია, მაგრამ ულიდერობა გუნდს პეროტიმ არ დაატყო. ახალგაზრდა არგენტინელმა ფლანგებზე (დიახ, ფლანგებზე!) გაინავარდა. მან ნამდვილი კოშმარი მოუწყო "მალაგას" კაპიტან ხესუს გამესს რამდენიმე ეპიზოდში (მათ შორის, ალფაროს გოლისას). პეროტიმ ყველას აჩვენა, რა შეუძლია, როცა ფორმაშია.
ჯონათან დე გუზმანი (მალიორკა): კუნძულელებმა ზაფხულში ბევრი დაკარგეს და მხოლოდ ერთი ხეირიანი ფეხბურთელი შეიძინეს - "ფეიენოორდიდან" პლეიმეიქერი ჯონათან დე გუზმანი გადმოიბირეს. დე გუზმანმა შესანიშნავი დრიბლინგი აჩვენა ბოლო ტურში და ბრწყინვალე სოლო-გოლიც გაიტანა.

ფორვარდები
ლიონელ მესი (ბარსელონა): მესიმ ისე ითამაშა, როგორც საუკეთესოს შეეფერება. გოლი, რომელიც მან გაიატანა უმაღლესი ხარისხისა იყო. სამწუხაროდ, მესისთვის ტრიუმფული მატჩი კოჭის ტრავმით დასრულდა და ის მომავალ ორ მატჩს გამოტოვებს პრიმერაში.
ნილმარი (ვილიარეალი): "ელ სუბმარინოს" რეკორდულმა შენაძენმა "ლევანტეს" კარში დუბლი შეასრულა. ამ თამაშში ბრაზილიელმა თანაგუნდელებთან ურთიერთთანხმობის დიდი უნარი გამოავლინა, პირველ გოლში ბურთი კარგად გაითამაშა სანტი კასორლასთან, მეორე შემთხვევაში კი - ჯუზეპე როსისთან.

ფერნანდო ლორენტე (ბილბაო): სიმბოლურში სულ ორი მსოფლიოს ჩემპიონი მოხვდა: კარლეს პუიოლი და ფერნანდო ლორენტე. "ლოს ლეონესს" ქულა ხიხონში სწორედ ლორენტეს დარტყმამ მოუტანა.

ისინი, ვისი აღნიშვნაც გვსურდა: ჩავი (ბარსელონა), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), მარსელო (რეალი), ხუან მატა (ვალენსია), სესარი (ვალენსია), დიდიე ზოკორა (სევილია), ხუან ფორლინი (ესპანიოლი), იგორ მარტინესი (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული