ლა ლიგა. IV ტურის წინ: მესტალიას შურისძიება სწყურია

AutoSharing Option

ტურის ცენტრალურ მატჩს "მესტალია" მასპინძლობს - ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ვალენსია" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს. კიკე ფლორესის გუნდი ვალენსიაში პრობლემებით დახუნძლული ჩადის - "ბარსელონასთან" მატჩის ანტიგმირ ტომაშ უიფალუშის ავტომატურად დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა შეიძლება უარესიც მოხდეს - წესდების მიხედვით, 32 წლის ჩეხ მცველს შეიძლება დისკვალიფიკაციის მაქსიმალური ვადა შეუფარდონ - ეს კი 12 მატჩის ტოლფასია.

მადრიდულ გუნდს ვალენსიაში საერთოდ არ გაჰყოლიან სერხიო აგუერო და ტიაგო. აგუერომ ტრავმირებულმა ითამაშა "ბარსელონას" წინააღმდეგ. არგენტინელი ფორვარდი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოცვალეს და გასიებულ კოჭზე ყინულები დაადეს. კიკე ფლორესმა აღარ

გარისკა და ლიდერთან სათამაშოდ "კუნი" აღარ წაიყვანა. "ვალენსია" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს, არგენტინელი ევერ ბანეგა ტრავმირებულია, ხოლო დავიდ ნავარო - დისკვალიფიცირებული.
გასულ სეზონში ეს ორი კლუბი ევროპის ლიგაზე გადაეყარა ერთამანეთს, მაშინ "ატლეტიკომ" იყოჩაღა, ახლა კი "ლოს ჩეს" რევანშის დროა, თუმცა უნაი ემერი ახლა რევანშზე არ ფიქრობს: "არ მსურს რევანშზე ლაპარაკი. გუნდი უბრალოდ მოსაგებად გავა მოედანზე. გუნდში კარგი განწყობაა. ყველანი სამი ქულის მოპოვებაზე და "მესტალიაზე" შეკრებილი გულშემატკივრების გახარებაზე ვფიქრობთ", - განაცხადა "ვალენსიას" ბასკმა თავკაცმა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია: სესარი - მიგელი, რ. კოშტა, მადურო, ალბა - ალბელდა, ტ. კოსტა - ხოაკინი, მატა, ვისენტე - ადურისი.

ატლეტიკო: დე ხეა - პერეა, გოდინი, დომინგესი, ა. ლოპესი - რეიესი, ასუნსაო, რ. გარსია, სიმაო - ფორლანი, კოშტა.

"მესის შეცვლა ძნელი იქნება", - "ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, რომლის გუნდსაც არგენტინელი სუპერვარსკვლავი, სულ მცირე, 10 დღით დააკლდება: "მესი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მის გარეშე შევუტიოთ".

"კამპ ნოუს" ხიხონის "სპორტინგი" სტუმრობს, რომლის მწვრთნელი მანუელ პრესიადო "ბარსელონასთან" მატჩისთვის ერთბაშად 8 ცვლილების (!) განხორციელებას გეგმავს. პრესიადომ მხოლოდ ნაჩო ნოვო დაკარგა ტრავმის გამო, დანარჩენი სავარაუდო ცვლილება კი ტაქტიკური ხასიათისა იქნება. პრესიადო ცნობილი ტაქტიკოსია, მაგრამ რამდენად უშველის ეს ცვლილებები "სპორტინგს", საკითხავია...

ბარსელონა (სავარაუდო): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, მასკერანო - პედრო, ვილია, ინიესტა.

ესპანეთი. ლა ლიგა. IV ტურის წინ

ალმერია-ლევანტე 22:00
ბარსელონა-სპორტინგი 22:00
სარაგოსა-ერკულესი 22:00
ვალენსია-ატლეტიკო 00:00

ხვალ
ხეტაფე-მალაგა 22:00
ვილიარეალი-დეპორტივო 22:00
სევილია-რასინგი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული