თავისი "ერკულესი" ყოველ გრანდს ჰყავს, "სამეფო კლუბისთვის" ასეთი ესპანური პრიმერას უსუსტესი კლუბი (სპეციალისტთა შეფასებით) "ლევანტე" გამოდგა. მართალია, ჟოზე მოურინიო წაუგებლად "გამოძვრა", მაგრამ "რეალმა" ლიდერობა სეზონის სენსაცია "ვალენსიას" გადააბარა...
V ტურის ცენტრალური მატჩით დავიწყოთ, "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკი" ჩემპიონს მასპინძლობდა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კვლავ დაშავებული ლეო მესის გარეშე ასპარეზობდა. ამ თამაშში გადამწყვეტი მომენტი 34-ე წუთზე დადგა, როცა ფერნანდო ამორებიეტა ანდრეს ინიესტას ეუხეშა და მასპინძელთა გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. ვფიქრობთ, ვალენსიელმა არბიტრმა მატეუ ლაოსმა გადაამეტა, ყვითელი ბარათი ბასკთა ცენტრალური მცველისთვის უფრო ადეკვატური
მეორე ტაიმის დასაწყისშივე დავიდ ვილიას გამჭოლი პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა სეიდუ კეიტამ გახსნა ანგარიში, ხოლო ოციოდე წუთში ჩავის საჯარიმოს სიახლოვედან დარტყმული გზად ბასკთა მცველს მოხვდა და რიცხობრივ უმრავლესობაში მყოფი "ბარსელონა" 2:0 დაწინაურდა. სამ წუთში დავიდ ვილიას შეეძლო ბრძოლისთვის წერტილი დაესვა, მაგრამ ფორვარდმა დუელი ვერ მოუგო გორკა ირაისოსს.
"ატლეტიკმა" მაინც გაიბრძოლა, თამაშის დასრულებას ბევრიც აღარაფერი უკლდა, როცა ვილია გააძევეს, მსოფლიო ჩემპიონმა სილა გააწნა კარლოს გურპეგის, მას შემდეგ, რაც ბასკი ნახევარმცველი იდაყვით ეუხეშა "ელ გუახეს". მასპინძლები შტურმზე წავიდნენ და იგორ გაბილონდომ "ბარსას" საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ერთი გოლი გაქვითა. მასპინძლები უკვე მთელი გუნდით გადავიდნენ იერიშებზე და დაისაჯნენ კიდეც, სერხიო ბუსკეტსმა მაღალ შორეულ კუთხეში გაუტანა "ატლეტიკს". ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა კოკისპირულ წვიმაში და არასტუმართმოყვარე "სან მამესზე" მესის გარეშე მოიპოვა სამი ქულა - 3:1.
"მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს, მათ სული და გული "სან მამესზე" დატოვეს. "ბარსელონა" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ამორებიეტას გაძევებამ მეტოქეს საქმე გაუიოლა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ფერნანდო წითელ ბარათს იმსახურებდა. აუცილებლად ვნახავ ამ ეპიზოდს კიდევ ერთხელ. ისე, როცა ფეხბურთში კარგად გათვითცნობიერებული 40 ათასი კაცი ინიესტას უსტვენს, ეს რაღაცას აუცილებლად ნიშნავს. ვილია ისეთ დროს გააძევეს, რომ ვეღარ შევძლებდით მატჩის გადარჩენას, ჩვენ მაინც შევეცადეთ და "ბარსელონას" მესამე გოლიც ლოგიკურად გავუშვით", - განაცხადა მატჩის შემდეგ ხოაკინ კაპაროსმა.
"აქ მოპოვებულ სამ ქულას სხვა ფასი, მით უფრო ასეთ პირობებში. თამაშით და შედეგით კამყოფილი ვარ. ძალიან მეწყინა, რომ პუბლიკამ ანდრესს უსტვინა, თუმცა გულშემატკივარი თავისუფალია არჩევანში, მას შეუძლია ტაში დაუკრას ან უსტვინოს, ამაში არაფერია საგანგაშო", - ეს უკვე გამარჯვებულთა თავკაცის სიტყვებია.
დავიდ ვილიამ პროფესიული კარიერის 8 სეზონში მე-5 წითელი ბარათი მიიღო, ბოლოს ის 2008/09 წლების სეზონში "რიასორზე" გააძევეს.
"სიუტატ დე ვალენსიაზე" მოურინიოს ბიჭებმა ვერაფერი მოუხერხეს "ლევანტეს" დაცვას, რომელმაც წინა 4 ტურში 10 გოლი გაუშვა (ყველაზე მეტი ჩემპიონატში). მართალია, "რეალი" სულ უტევდა (იკერ კასილიასის კარში ერთი დარტყმაც არ წასულა), მაგრამ არავინ იყო, ვინც შეძლებდა მანუელ რეინას კარის აღებას, სათავდამსხმელო კრიზისი "სამეფო კლუბში" სახეზეა. შესაძლოა, ჟოზეს კრიშტიანო რონალდოს წინ გადასროლა დასჭირდეს მომავალ თამაშებში. საოცარ უუნარობას ამჟღავნებს "რეალის" გასული სეზონის ბომბარდირი გონსალო იგუაინი - შაბათს მან 4 მეტრიდან "ლევანტეს" კარს გადააცილა ბურთი, რაც უფრო რთულად შესასრულებელი იყო, ვიდრე გატანა. შემდეგ ანხელ დი მარიამ ძალა ვერ დაატანა დარტყმულს და რეინამაც აუღო. ამ ეპიზოდში არგენტინელს ბრწყინვალე პასი რონალდომ გადააწოდა, რომელსაც I ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა. ტაიმის მიწურულს იგუაინმა გაიტანა... მაგრამ თამაშგარე მდგომარეობიდან.
მეორე ტაიმში "რეალი" "ლევანტეს" ნახევარზე "დასახლდა", სტუმრები ბევრს ურტყამდნენ და აწოდებდნენ, მაგრამ მეტოქეს ვერა დააკლეს. ვერც მოურინიოს შემოყვანილმა ქარიმ ბენზემამ და პედრო ლეონმა გააწყვეს რამე სტუმართათვის სახეირო. 78-ე წუთზე ამ ორმა კარგი კომბინაცია კი გაითამაშა, მაგრამ ბენზემა იგუაინს "არ ჩამორჩა" და ახლო მანძილიდან ააცილა კარს. მართალი იყო მოურინიო, სეზონის წინ რომ ამბობდა, ფორვარდი მჭირდებაო, მაგრამ ფლორენტინო პერესმა არსებული რესურსით დაკმაყოფილება ურჩია. ხუთ თამაშში "რეალმა" მეტოქეთა კარში 105-ჯერ დაარტყა და მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, ლა ლიგაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ხიხონში "ვალენსიამ" მეტოქეს სალამი არ აცალა, მე-10 წუთზე "ლოს ჩე" უკვე 2:0-ს იგებდა და ამის შემდეგ არც არაფერი შეცვლილა. უნაი ემერიმ ექსპერიმენტებს მიმართა 4-4-2 სქემით ითამაშა და შეტევაში ერთდროულად სოლდადოსა და ადურისის დუეტი დააყენა, მათ უკან კი ფერნანდეში ათამაშა. მე-3 წუთზე სტუმრებმა (ფერნანდეში) კუთხური ჩამოაწოდეს და მეჰმეთ თოფალმა "ვალენსიას" მაისურით პირველი გოლი თავურით გაიტანა. ხუან მატამ მარცხენა ფლანგიდან გადააწოდა სოლდადოს, რომელიც "სპორტინგის" მცველებს უმეთვალყურეოდ დარჩათ და ფორვარდმაც ახლო მანძილიდან გაიტანა.
"ელ მოლინონზე" გამარჯვებას დიდი გამოცდილება სჭირდება. ვფიქრობ, ვისწავლეთ სტუმრად მოგებები. სამი ქულა ჩვენია, რაც მთავარია, თუმცა კარგი იქნება, რომ ბურთის კონტროლი უკეთ ვისწავლოთ", - განაცხადა ლიდერის თავკაცმა უნაი ემერიმ.
ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური
ლევანტე-რეალი 0:0
სპორტინგი-ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 თოფალი (7), 0:2 სოლდადო (10)
ბილბაო-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 კეიტა (54), 0:2 ჩავი (73), 1:2 გაბილონდო (89), 1:3 ბუსკეტსი (91)
გაძევება: ამორებიეტა (34), ვილია (87)
სეგუნდა დივიზიონი. V ტური
ხერესი-ტენერიფე 2:0
გოლები: 1:0 მარი (20), 2:0 კორდერო (27)
ალბასეტე-ბეტისი 2:1
გოლები: 1:0 ტატო (28), 1:1 კასტრო (38), 2:1 კუევასი (78)
რაიო ვალეკანო-უესკა 4:0
გოლები: 1:0 არმენტეროსი (19), 2:0 ბორხა (46), 3:0 კოკე (82), 4:0 პიტი (90)
გაძევება: კორონა (76. უესკა)
ლას პალმასი-გრანადა 1:1
გოლები: 1:0 გონსალესი (60), 1:1 კალვო (78)
გაძევება: გეიხო (69. გრანადა)
ხირონა-ვილიარეალი 2:3
გოლები: 1:0 ჩეჩუ (2), 2:0 დესპოტოვიჩი (37), 2:1 კორია (45), 2:2 კაბრერა (86), 2:3 აირამი (90)
კარტახენა-კორდობა 1:2
გოლები: 0:1 უსერო (18), 1:1 ტოჩე (26), 1:2 უსერო (52)
გაძევება: კალა (64. კარტახენა), ბეობიდე (88. კორდობა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"