32 წლის აფრიკელმა გამოაცხადა, რომ "ბარსელონაში" გატარებული "ოთხი ძალიან წარმატებული სეზონის" შემდეგ კლუბიდან მიდის.
კეიტას კონტრაქტით კიდევ ერთი წელიწადი მართებდა "ბარსელონაში" თამაში, მაგრამ ფეხბურთელმა ხელშეკრულების ის პუნქტი აამოქმედა, რომლის თანახმადაც, მას გუნდიდან წასვლის უფლება ექნებოდა, თუკი სეზონში მატჩების ნახევარზე ნაკლებში ვერ მოხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში.
კეიტამ გასულ სეზონში 38 ტურიდან მხოლოდ 14-ში ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, კიდევ 12-ჯერ ის შეცვლაზე
ფეხბურთელის განცხადებას მალევე მოჰყვა კლუბის პასუხი - "სეიდუ კეიტამ განაცხადა, რომ ის აღარ დარჩება "ბარსელონაში" მომავალ სეზონში. კლუბი მადლიერია ფეხბურთელის გარჯისა და თავდადებისთვის და უსურვებს მას წარმატებულ კარიერას", - ვკითხულობთ კატალონიელთა ოფიციალურ საიტზე.
კეიტა მსოფლიომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიცნო, სადაც მალის ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა, თავად ფეხბურთელმა კი "ოქროს ბურთი" მიიღო. ის 17 წლისა ჩავიდა საფრანგეთში და "მარსელის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა.
ლიგა 1-ში დებიუტი მას 1999 წელს ჰქონდა "ტრუასთან" მატჩში, თუმცა 2000 წლის ზაფხულში "ლორიანში" გადავიდა და გუნდს ლიგა 1-ის საგზური მოაპოვებინა, მომდევნო სეზონში კი - საფრანგეთის თასი. 2002 წელს კეიტა "ლანსში" გადავიდა, სადაც მომავალში გუნდის კაპიტანი გახდა.
2007 წლის ზაფხულში აფრიკელი, რომელსაც უკვე ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა, "სევილიამ" შეიძინა და მას 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა, მაგრამ მან ისე კარგად ითამაშა ანდალუსიაში, რომ მომდევნო ზაფხულში 14 მილიონ ევროდ "ბარსამ" შეიძინა. ოთხი სეზონის განმავლობაში კეიტამ "ბარსელონას" მაისურით 119 მატჩში 16 გოლი გაიტანა (სულ 188 თამაში, 22 გოლი), მოიგო 14 ტიტული "ბარსასთან" ერთად. მალის ნაკრებში მას 72 თამაშში 19 გოლი აქვს გატანილი.
და სად მიდის სეიდუ კეიტა? სად და ჩინეთში - "დალიან აერბინის" ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ახლოსაა კეიტას გადაბირებასთან. ჩინელები აფრიკელს 2,5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. თავიდან იყო საუბარი, რომ კეიტას ჩინეთში წელიწადში 14 მილიონ ევროს გადაუხდიდნენ, მაგრამ "დალიანის" მეპატრონე ჟაო მინიანმა ეს ცნობა უარყო. მან განაცხადა, რომ ფეხბურთელი დაახლოებით ამდენს მიიღებს, ოღონდ 2,5 წლის განმავლობაში.
მცველი ფორვარდის სულით
ხორდი ალბას სამედიცინო შემოწმებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი დარღვევა არ გამოავლინა და ესპანეთის ნაკრების მცველმაც 2017 წლის ზაფხულამდე გააფორმა "ბარსასთან" ხელშეკრულება.
ამიერიდან, ვინც კი ალბას შეძენას მოინდომებს, "ბარსელონას" 90-მილიონევროიანი წინადადებით უნდა მიმართოს.
სხვათა შორის, 2012/13 წლების კლუბის მაისურში გამოწყობილ ალბას "კამპ ნოუზე" 10 ათასი გულშემატკივარი დახვდა! "ძალიან განსხვავებული დღეა ჩემს ცხოვრებაში. ყველას მადლობა, ვინც აქ ხართ და მხარს მიჭერთ. მიხარია, რომ სახლში დავბრუნდი", - მიმართა ალბამ "ბარსას" ფანებს.
აი, როგორ დაახასიათა ალბა "ბარსას" დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ: "დინამიკური, ინტენსიური, ძალიან კარგი ტექნიკური არსენალით. ორივე ფეხით კარგად თამაშობს და შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე დადგომა, ძალიან ბრძოლისუნარიანია". სხვათა შორის, ადრეულ ასაკში ალბა ფორვარდი იყო.
ალბამ ერთობ შეაქო დავიდ ვილია, რომლის მადლიერიც ყოფილა: "ის უკვე დიდი ვარსკვლავი იყო, როცა მე მივედი "ვალენსიაში". ვილია ძალზე დამეხმარა. როცა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მქონდა, ერთ-ერთმა პირველმა მან დამირეკა და მომილოცა. ახლაც, როცა "ბარსელონას" ფეხბურთელი გავხდი, ვილიამ პირველმა მომილოცა".
ბარსა და დინამო
11 აგვისტოს "ბარსელონა" წინასასეზონო ამხანაგურ მატჩს ბუქარესტში ადგილობრივი "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. ახლა უკვე ცნობილია გუნდის ყველა წინასასეზონო მატჩი. პირველად ბოლო წლების პრაქტიკაში, "ბარსელონა" წინასასეზონო ტურით არსად მიდის. გუნდი არცთუ შორს მყოფ ქალაქებში ჩავა: ჰამბურგში (24 ივლისს), ტანჟერში (28), პარიზში (4 აგვისტოს), გეტებორგში (8) და ბოლოს ბუქარესტში (11).
ჩავი - ტიტულების მეფე
23 ტიტული პროფესიულ კარიერაში - ეს ესპანელი ფეხბურთელისთვის სარეკორდოა - "ბარსას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ევრო 2012-ის მოგებით ლეგენდარულ პაკო ხენტოს გაასწრო.
მადრიდელი ვარსკვლავის რეკორდმა 41 წელიწადი გაძლო. ჩავიმ "ბარსელონას" მაისურით 20 ტიტული მოიგო, ესპანეთის ნაკრებში კი - 3. და ის ჯერ კიდევ შეეცდება ამ რიცხვის გაზრდას, მხოლოდ 32 წლისაა. განსაკუთრებით ბევრი ტიტული მან ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მოიგო - 14.
ახალი სეზონიდან პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრები ხდებიან: ჯოვანი დოს სანტოსი, მარტინ მონტოია, ბარტრა და მარკ მუნიესა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"