ტრეზეგემ კაცი შეიწირა, ალვარესი მანსანომ შეცვალა

AutoSharing Option

"ჩვენ ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ დღე-ღამეში 24 საათი ვიმუშავებთ და შედეგიც მოვა", - განაცხადა "ერკლულესის" და "სევილიას" მატჩის შემდეგ ანტონიო ალვარესმა, მაგრამ ვინ აცალა... საპრესკონფერენციო დარბაზიდან გამოსულს კლუბის წარმომადგენელმა აცნობა, რომ ჩიტივით თავისუფალია და შეეძლო შინ წასულიყო და დაესვენა დღე-ღამეში 24 საათი, "სევილიასთვის" კი სხვა იმუშავებსო...

დიახ, ანტონიო ალვარესმა პრიმერაში ყველას "დაასწრო" და პირველი სპეციალისტი გახდა, რომელიც ამ სეზონში გუნდს ჩამოაშორეს. კვირას "სევილია" ალიკანტეში ამ სეზონის სენსაცია "ერკულესს" ეწვია და 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი ფრანგმა ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ გაიტანა. სწორედ ტრეზეგემ

შეიწირა ანტონიო ალვარესის ანდალუსიური კარიერა. არადა, თითქოს, პირველი თანამდებობას "ალმერიას" თავკაცი ხუანმა ლილო კარგავდა, მაგრამ კვირას ლილოს გუნდმა "რიასორზე" "დეპორტივო" 2:0 დაამარცხა და მწვრთნელიც იხსნა.

"სევილია" 5 თამაშიდან 8 ქულით მე-5 ადგილზეა. სულაც არ არის ტრაგიკული შედეგი სტარტისათვის, თუმცა "ერკულესთან" მარცხი ბოლო წვეთი იყო კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალაში, მანამდე მას წინ უძღვოდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრა და მწვრთნელის კონფლიქტი ბრაზილიელ ვარსკვლავ ლუიშ ფაბიანოსთან.

ანტონიო ალვარესმა 6 თვის წინ შეცვალა მანოლო ხიმენესი, რომელიც ლა ლიგაში 14 მატჩში მხოლოდ 4 მოპოვებული ქულის გამო გაანთავისუფლეს. ანტონიო ალვარესმა გასული სეზონი კარგად ჩაამთავრა, კლუბმა მე-4 ადგილი დაიკავა და "სამეფო თასი" მოიგო. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ახალ სეზონში: ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ესპანურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 3:5 წააგო "ბრაგასთან", შემდეგ კი ევროპის ლიგის I ტურში "სევილიამ" "პარი სენ ჟერმენთან" დათმო. ანდალუსიურმა კლუბმა წააგო ესპანეთის სუპერთასიც და ვერც სეზონი დაიწყო დამაჯერებლად.

როგორც კი ცნობილი გახდა ალვარესის დათხოვნის შესახებ, მაშინვე გაცხადდა მისი მემკვიდრის სახელი - "სევილია" 54 წლის გრეგორიო მანსანომ ჩაიბარა. გუშინ მან პირველი ვარჯიში ჩაატარა გუნდში, საღამოს კი "სევილიას" პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ გრეგორიო მანსანო პუბლიკას წარუდგინა.

მანსანომ შარშან "მალიორკაში" პროდუქტიულად იმუშავა, ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე ბიუჯეტიანი გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა. მაგრამ გაზაფხულზე ბალეარულ კლუბში სიტუაცია მთლიანად აირია და მანსანომაც გაცლა ამჯობინა. გუშინ საღამოსვე მანსანო გუნდთან ერთად დორტმუნდში გაემგზავრა, სადაც ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურში მანსანოს სამწვრთნელო დებიუტი შედგება "სევილიას" თავკაცის პოსტზე, ანდალუსიელები "ბორუსიას" სტუმრობენ.

55 წლის ანტონიო ალვარესს ფეხბურთელობისას (ცენტრალური მცველი იყო) მთელი კარიერა სამ კლუბში აქვს გატარებული, "სევილიაში", "მალაგაში" და "გრანადაში". საფეხბურთო კარიერა მან 40 წლის ასაკში დაასრულა რანგით მესამე ლიგის "გრანადაში". 2000 წლიდან მან სამწვრთნელო კარიერა "სევილიაში" ხოაკინ კაპაროსის ასისტენტად დაიწყო, ის იყო ხუანდე რამოსის შტაბშიც, შემდეგ ალვარესი კლუბის საფეხბურთო საკითხების დირექტორიც გახდა. 2010 წლის მარტში "სევილიაში" სამწვრთნელო კრიზისი შეიქმნა, მანოლო ხიმენესის ნაცვლად შეგულებულმა ლუის არაგონესმა ანდალუსიელებს საბოლოოდ უარი შეუთვალა. ამიტომაც ალვარესს ისევ სამწვრთნელო საქმიანობაზე მოუწია გადასვლა და კარიერაში პირველად გახდა მთავარი მწვრთნელი. "სევილიას" მან ბოლო 10 მატჩში უხელმძღვანელა (6 მოგება, 4 მარცხი) და ჩემპიონთა ლიგის საგზური გუნდმა ბოლო ტურის ბოლო წუთზე "ალმერიას" 3:2 დამარცხებით მოიპოვა.

ალვარესზე ერთი წლით უმცროსი გრეგორიო მანსანო ბალესტეროსი არაკლასიკური მწვრთნელია, ის არასოდეს ყოფილა ფეხბურთელი. მანსანოც ანდალუსიელია, მან სამწვრთნელო კარიერა 27 წლის ასაკში დაიწყო. 1998 წელს მანსანოს მოღვაწეობა დაბალ ლიგებში შეამჩნიეს და მას სეგუნდა დივიზიონის "ტოლედო" ჩააბარეს. მას გუნდისთვის ადგილი უნდა შეენარჩუნებინა ლიგაში, მანსანომ "ტოლედო" მე-7 ადგილზე გაიყვანა. 1999 წლიდან ის უკვე ლა ლიგას მწვრთნელია, "ვალიადოლიდი" მანსანომ მე-8 ადგილზე გაიყვანა, იმ სეზონში კლუბმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" 1:0 დაამარცხა. შემდეგ სეზონში მანსანომ სანტანდერის "რასინგი" ჩაიბარა. კანტაბრიელებმა იმ სეზონში "ბარსელონა" 4:0 კი შეარცხვინეს, მაგრამ "რასინგი" გავარდნას ვერ გადაურჩა, მანსანო - მოხსნას. 2002 წელს მანსანოს "მალიორკა" ჩააბარეს, გუნდმა სირცხვილი აჭამა "რეალს" (5:1), ხოლო "სამეფო თასი" სულაც ბალეარის კუნძულებზე წაიღო. კლუბების ცვლა მანსანოს სტიქიაა: ამის შემდეგ მან "ატლეტიკო", "მალაგა" და ისევ "მალიორკა" გაწვრთნა. სხვათა შორის, 2006 წელს "მალიორკაში" მან ექტორ კუპერი შეცვალა. 2008 წელს გრეგორიო მანსანო სამწვრთნელო "დონ ბალონის" მფლობელი გახდა, პრიზი ესპანეთის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა. მაშ ასე, "სევილიას" სამწვრთნელო თვალსაზრისით გაცილებით გამოცდილი და ცნობილი სპეციალისტი გაწვრთნის, ვიდრე ანტონიო ალვარესია.

"მე მოვედი დიდებულ გუნდში, უმდიდრესი ისტორიით, რომელსაც ბრწყინვალე ფანები ჰყავს. ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც კლუბში ვარ, მაგრამ თავს უკვე გაშინაურებულად ვგრძნობ, აქ დადებითი აურაა", - განაცხადა გრეგორიო მანსანომ პრეზენტაციაზე.
სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა სეგუნდა დივიზიონშიც - ლა ლიგიდან გავარდნილი "ტენერიფე" სეგუნდაში ბოლო ადგილზეა. გუნდის თავკაც გონსალო არკონადას ნაცვლად კანარის კუნძულების გუნდს ამიერიდან გალისიელი ხუან კარლოს მანდია გაწვრთნის. მანდიას პუბლიკას დღეს წარუდგენენ, მას "ტენერიფე" სეზონის ბოლომდე ჩააბარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული