ლა ლიგის დანაკარგები და იმედები

AutoSharing Option


სიმაო მადრიდში ბედნიერია

მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი ნახევარმცველი სიმაო საბროსა მზადაა კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. სიმაო ხელშეკრულებით სეზონის ბოლომდე "ატლეტიკოს" წევრია, თუმცა 30 წლის ფეხბურთელს "ვისენტე კალდერონზე" ყველაფერი აკმაყოფილებს და კვლავ გუდნში დარჩენა სურს. პორტუგალიელმა მთლიანად საკლუბო კარიერაზე გადართვა გადაწყვიტა, სეზონის წინ განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრებში თამაში დაამთავრა და ახლა მხოლოდ "ატლეტიკოზე" ფიქრობს. ამ სეზონში სიმაო კიკე ფლორესის გუნდში მუდმივად სასტარტოში თამაშობს.
"ატლეტიკოში" უზომოდ ბედნიერი ვარ, სათამაშო პრაქტიკა არ მაკლია. ახალი სეზონიდან თავს ისე ვგრძნობ, თითქოს, ახალ საფეხბურთო კარიერას ვიწყებ. ვიმედოვნებ, რომ

სეზონის ბოლომდე ჩემი კონტრაქტის საკითხს მოვაგვარებ და კვლავ მადრიდში დავრჩები", - განაცხადა გუშინ სიმაომ პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროპის ლიგის მორიგ მატჩს მიეძღვნა.


ლიდერს ლიდერი დაემტვრა

პრიმერა დივიზიონის ლიდერ "ვალენსიას" ერთ-ერთი ლიდერი ხუან მატა დაემტვრა. "ლოს ჩეს" პლეიმეიქერმა მარცხენა ფეხის კოჭი გუშინდელ ვარჯიშზე დაიზიანა. არადა გუნდმა ძალიან მსუბუქი ვარჯიში მოაწყო დილით, მაგრამ მატას არ გაუმართლდა. ვარჯიშის ბოლომდე მას კლუბის ექიმები აკვირდებოდნენ. სავარაუდოდ, მატას ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა საბოლოო დასკვნა დღეს იქნება ცნობილი. "ვალენსიას" არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა ალეხანდრო დომინგესმა კი უკვე ნორმალურად ივარჯიშა, მან ბოლომდე მოირჩინა ტრავმა.


ვალდესი სუბისარეტას გაუთანაბრდა

ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონას" მაისურით 177-ე (268-ე თამაშში) გამარჯვება მოიპოვა და კლუბის ორ სახელოვან მეკარეს გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით ანტონი რამალეტსს და ანდონი სუბისარეტას. 28 წლის ვალდესს "ბარსელონაში" დებიუტი ლუის ვან გაალის მეთაურობით 2002 წლის სექტემბერში. მას შემდეგ 8 წელიწადია ვალდესი "ბარსას" გოლკიპერია. ის თამაშში საშუალოდ 0,84 გოლს უშვებს.
"მარაკანას კატა" - ასე ეძახდნენ ანტონი რამალეტსს, რომელმაც 1950 წლის მუნდიალზე სასწაულები აკეთა ამ სტადიონზე. რამალეტსმა ესპანურ ლიგაში 288 თამაშში მიიღო მონაწილეობა. 86 წლის რამალეტსი ახლაც თავს კარგად გრძნობს. "ბარსელონას" საფეხბურთო დირექტორი ანდონი სუბისარეტა კი 301-ჯერ იცავდა ესპანურ ლიგაში "ბარსელონას" კარს.  


მალიორკამ მცველი დაკარგა

"რეალ სოსიედადთან" 2:0 გამარჯვება ძვირი დაუჯდა "მალიორკას" - მიქაელ ლაუდრუპის გუნდმა ტრავმის გამო ორი-სამი კვირით გამოცდილი პორტუგალიელი მცველი ჟოზე კარლუშ ნუნიეში დაკარგა. ბასკებთან შეხვედრაში ნუნიეშმა მეორე ხარისხის დაზიანება მიიღო კოჭზე და ის პირველივე ტაიმში რუბენით შეცვალეს. 33 წლის ნუნიეში 2006 წლიდან "მალიორკაში" თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი კაპიტანია. 


ნაჩო გონსალესი ნახევარი წლით დაისვენებს

"ლევანტეს" ნახევარმცველი ნაჩო გონსალესი ნახევარი წლის განმავლობაში ვერ დაეხმარება ვალენსიურ კლუბს. მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგების მძიმე დაზიანება დაუდგინდა და ხუთშაბათს ოპერაცია ელის. იმ შემთხვევაში, თუ მუხლის ოპერაცია წარმატებით ჩაივლის, ნაჩო გონსალესს 6 თვე სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს. ურუგვაელი მადრიდის "რეალთან" მატჩში დაშავდა. 24 წლის გონსალესი "ვალენსიას" საკუთრებაა და "ლევანტეში" იჯარით იმყოფება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული