ორშაბათს, "ლა როსალედაზე" "ვილიარეალთან" მატჩში მსაჯმა "მალაგას" პორტუგალიელი ნახევარმცველი ელიზეუ გააძევა, მაგრამ ის მორიგი ტურის მატჩს არ გამოტოვებს. ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა ელიზეუს წითელი ბარათი ყვითლად "გადაუკეთა". I ტაიმის მიწურულს ელიზეუს, რომელმაც მანამდე "ელ სუბმარინოს" კარში გოლი შეაგდო, სტუმართა მსოფლიო ჩემპიონი მცველი კარლოს მარჩენა ეუხეშა, რითაც აღშფოთებული პორტუგალიელი მარჩენას მიეჭრა და შეუტია. მსაჯმა ელიზეუ მეტოქისთვის თავის დარტყმის გამო გააძევა, თუმცა მაშინვე გამოჩნდა, რომ მარჩენამ ყველაფერი ოსტატურად გააფორმა. კომიტეტმა დადგინა, რომ ელიზეუ საერთოდ არ შეხებია მეტოქეს თავით, ყვითელი ბარათი
სამართალმა ბოლოს პური კი ჭამა, მაგრამ სწორედ ამ გაძევების გამო "მალაგამ" შინ 2:3 წააგო "ვილიარეალთან". ბუნებრივია, ანდალუსიელებს დაკარგულ ქუელბს არავინ აუნაზღაურებს. 26 წლის სწრაფ ვინგერს არ გასჭირვებია "მალაგასთან" შეწყობა, ის ხომ 2 სეზონის განმავლობაში (2007-2009) აქ თამაშობდა, სანამ მილიონ ევროდ რომის "ლაციოში" გადაბარგდებოდა. ელიზეუ თავიდანვე "მალაგას" სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. შეგახსენებთ, რომ ელიზეუმ შარშანდელი სეზონის მე-2 ნახევარი იჯარით "სარაგოსაში" გაატარა.
სხვათა შორის, ამავე კომიტეტში ბილბაოს "ატლეტიკმაც" იჩივლა, რადგან ბასკური კლუბი მიიჩნევდა, რომ ფერნანდო ამორებიეტაც ტყუილ-უბრალოდ გააძევეს "ბარსელონასთან" მატჩში. კომიტეტმა, ამ შემთხვევაში, კლუბის სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა ბასკი მცველი მხოლოდ 1-მატჩიან დისკვალიფიკაციას დააჯერა.