ღამურების შემოდგომა ესპანეთში

AutoSharing Option

ამას ნამდვილად არავინ ელოდა - ოქტომბრის სანაკრებო პაუზების შემდეგ განახლებულ პრიმერაში ერთპიროვნული ლიდერი "ვალენსია" იქნება. კლუბი, რომელიც კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე და 400-მილიონიანი დავალიანებით დარჩა, 6 თამაშიდან 16 ქულით ყველაზე წინაა!

"მესტალიაზე" ლიდერი ბასკურ "ატლეტიკს" მასპინძლობდა, რომელსაც მსოფლიოს ორი ჩემპიონი ჰყავს. "ვალენსია" ტრავმირებული ხოაკინ სანჩესის გარეშე თამაშობდა. უნაი ემერი ბოლო მატჩებში ორ ფორვარდიან ტაქტიკაზე გადავიდა, რამაც გაუმართლა მწვრთნელს - არიც ადურისი და რობერტო სოლდადო შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. მე-10 წუთზე ამის კარგი მაგალითი ვიხილეთ: სოლდადო მარჯვნიდან შეიჭრა ბასკთა საჯარიმოში, მეკარეს თავზე გადაუგდო

ბურთი და ადურისს ახლო მანძილიდან თავით აღარ გასჭირვებია ანგარიშის გახსნა.

მასპინძლებმა ბევრად უკეთ ითამაშეს პირველ ტაიმში, ვიდრე მეორეში, როცა დაღლა შეეტყოთ. პაბლო ერნანდესმა ხოაკინის არყოფნაში ლიდერობა იკისრა, შუაში კი გაუვალი იყო მეჰმეთ თოფალი, თურქი მალევე გახდა "მესტალიას" ფავორიტი. მოულოდნელად კარგად პლეიმეიქერობდა მანუელ ფერნანდეშიც.

თამაშს დრამატული დასასრული ჰქონდა, უკვე დამატებულ წუთებში "ვალენსიამ" კონტრშეტევაზე "დაიჭირა" მეტოქე - ჩორი დომინგესმა საჯარიმოს ცენტრში ვისენტეს გადააწოდა, რომელმაც ერთი მოძრაობით მეკარეს და მცველს წონასწორობა დააკარგვინა და ცარიელ კარში გაიტანა. თურმე ვისენტეს გოლი გადამწყვეტი ყოფილა, რადგან ორ წუთში "ბილბაომ" ერთი გოლის გატანა მოახერხა. შეცვლაზე შესული მუნიაინის აქტიურობას სახიფათო საჯარიმო მოჰყვა, რომელიც გაბილონდომ გოლად აქცია - 2:1. მეორე ტაიმში მეკარე სესართან შეჯახებისას ტრავმა მიიღო ბასკთა ლიდერმა ხავი მარტინესმა, რომელმაც თამაში ვეღარ გააგრძელა. ასე რომ, "ატლეტიკი" ორმაგად დაზარალდა, თან წააგეს და თან ლიდერი დაკარგეს.

უნაი ემერი: "სამი ქულა კარგია, მაგრამ შინ მომენტებს უკეთ უნდა ვიყენებდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ასე გაგვიჭირდება. კარგია, რომ შანსებს ვქმნით, მაგრამ უნდა გავიტანოთ კიდეც. ახლა დასვენება დიდად წაგვადგება, რადგან მერე, შობამდე სულ თამაშები გველის".

ხოაკინ კაპაროსი: "ორი ძალზე განსხვავებული გუნდის თამაში იყო. ლიდერს ნამდვილი ბრძოლა გავუმართეთ, ამიტომ მარცხში არც ერთ ფეხბურთელს არ ვადანაშაულებ. სამწუხაროდ, მეტოქემ ფლანგებიდან "გახსნა" ჩვენი დაცვა".

შაბათს ლა ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. გოლებითა და მოვლენებით დახუნძლული შეხვედრა "ლა რომალედაზე" შედგა, სადაც აუტსაიდერი "სარაგოსა" ხიხონის "სპორტინგს" დაუზავდა - 2:2. "ლოს მანოსი" პირველ ტაიმში საკუთარმა მარცხენა მცველმა ივან ობრადოვიჩმა ავტოგოლით დააღალატა. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდი მარცხისთვის ახლა უკვე ცენტრალურმა მცველმა ირჟი იაროშიკმა გასწირა - რომელმაც პენალტი "აიკიდა" და წითელი ბარათიც მიიღო. დიეგო კასტრომ "სპორტინგი" 2:0 დააწინაურა. მაგრამ "სარაგოსამ" მაინც არ წააგო, რაც ფლორან სინამა პონგოლეს დამსახურებაა, ოთხი წუთის ინტერვალით ფრანგმა ფორვარდმა ასტურიელთა კარში დუბლი შეასრულა. "ესპანიოლში" არაფერი შეიცვალა, გუნდი კვლავ ვერ ახერხებს ქულის მოპოვებას სტუმრად - "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში ხუან ფორლინმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 0:1. ამ მატჩში ბასკთა ახალმა ფორვარდმა რაულ ტამუდომ პირველად ითამაშა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური

სარაგოსა-სპორტინგი 2:2
სარაგოსა (4-2-3-1): დობლასი - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი (46. ბრაულიო) - გაბი, პონსიო - ლაფიტა (68. ხ. ლოპესი), ანდერი, ბერტოლო - ს. პონგოლე (75. მ. პერესი).
სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია (58. ხორხე), გრეგორი, ხ. ანხელი - ეგურენი, რივერა (75. მატაბუენა) - აიოსე, დე ლას კუევასი (70. ბილიჩი), დ. კასტრო - ბარალი.
გოლები: 0:1 ობრადოვიჩი (32 ს.კ.), 0:2 კასტრო (48-პენ), 1:2 ს. პონგოლე (56), 2:2 პონგოლე (61)
გაფრთხილება: დიოგო, ანდერი - ბოტია, ანხელი, ხ. პაბლო
გაძევება: იაროშიკი (47)
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-18 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 23 000


რეალ სოსიედადი-ესპანიოლი 1:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - მარტინესი, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა (87. ლაბაკა) - არანბურუ, რივასი - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (79. სარპონგი) - ტამუდო (67. ხ. ლორენტე).
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - გალანი (31. ჩიკა), ფორლინი, რუისი, დ. გარსია - დუშერი, მარკესი (87. კორომინასი) - ლ. გარსია, ვერდიუ, კალეხონი - ოსვალდო (72. ა. ვასკესი).
გოლი: 1:0 ფორლინი (83. ს.კ.)
გაფრთხილება: გრიზმანი - რუისი, ლ. გარსია, დ. გარსია, ჩიკა
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 18-18 (4-9); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 25 000


ვალენსია-ბილბაო 2:1
ვალენსია (4-4-2): სესარი - ბრუნო, დ. ნავარო, რ. კოშტა, მატიო - პ. ერნანდესი (81. ფეგული), თოფალი, ფერნანდეში, მატა (64. ვისენტე) - ადურისი, სოლდადო (74. დომინგესი).
ბილბაო (4-4-1-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ოსიო, აურტენეჩე - გურპეგი, ხ. მარტინესი (68. მუნიაინი), ორბაისი (46. სუსაეტა), გაბილონდო - იგორი (57. ტოკერო) - ფ. ლორენტე.
გოლები: 1:0 ადურისი (10), 2:0 ვისენტე (91), 2:1 გაბილონდო (93)
გაფრთხილება: თოფალი, სოლდადო, ფერნანდეში - ლორენტე, აურტენეჩე
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 18-13 (6-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 38 395


სეგუნდა დივიზიონი. VI ტური


ვილიარეალი-სალამანკა 0:1
გოლი: 0:1 მარკესი (86-პენ)
გაძევება: გარსია (60. სალამანკა)


ბეტისი-პონფერადინა 3:0
გოლები: 1:0 ემანა (22), 2:0 როვერსიო (41), 3:0 კასტრო (90)


ხიმნასტიკი-ხერესი 0:2
გოლები: 0:1 მარი (8), 0:2 კორდერო (69)
გაძევება: მორენო (25. ხერესი)


უელვა-ლას პალმასი 1:1
გოლები: 0:1 სეხუდო (22), 1:1 ვასკესი (57-პენ)


უესკა-სელტა 1:2
გოლები: 0:1 დე ლუკასი (60), 1:1 კამაჩო (80-პენ), 1:2 როდრიგესი (85)
გაძევება: ტრაშორასი (78)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული