ლა ლიგის მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები goal.com-მა 3-4-3 ტაქტიკური სქემით შეადგინა. სხვათა შორის, საუკეთესო 11-ეულში ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო, რომელმაც "დეპორტივოს" კარში დუბლი შეასრულა, ერთხელაც "აიძულა" გალისიელი მცველი საკუთარ კარში გაეტანა. სიმბოლურში ერთბაშად 6 სამხრეთ ამერიკელია, აქედან 4 არგენტინელი.
მეკარე
კლაუდიო ბრავო (რეალ სოსიედადი): ჩილელმა გოლკიპერმა "ესპანიოლს" გოლის გატანა არ დაანება, არადა ბარსელონური კლუბი ბევრად სჯობდა ბასკურს და სახიფათოდ უტევდა მასპინძელთა კარს. მატჩის მიწურულს ალვარო ვასკესს 100%-იანი საგოლე მომენტი ჩაუშალა. ასე რომ, სან სებასტიანელები სამ ქულას ბრავოს უნდა უმადლოდნენ.
მცველები
ალექსისი (სევილია): "ვალენსიადან" გადასული ცენტრალური მცველი ანტონიო ალვარესის ხელმძღვანელობით ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ, ანდალუსიურ კლუბში გრეგორიო მანსანოს მისვლის შემდეგ კი ალექსისი მთლიანად შეიცვალა, დაცვის ცენტრში გაუვალი კლდესავით გახდა. ეს ჯერ "დორტმუნდთან" მატჩში გამოჩნდა, ახლა კი - "ატლეტიკოსთან" შეხვედრაშიც.
ივან რამისი (მალიორკა): არა გვგონია "მალიორკას" მცველებმა ამ სეზონში კიდევ ერთხელ მაინც გამოსცადონ მსგავსი ზეწოლა, რაც მათ "კამპ ნოუზე" შეემთხვათ, მაგრამ, ფაქტია, კუნძულელებმა გაძლეს და ბალეარებზე სენსაციური ქულით დამშვენებულნი დაბრუნდნენ. რამისი პოზიციებს დიდებულად არჩევს, ის თიYთქმის არასოდეს ცდება, დაცვის გულში "მალიორკას" შეუცვლელი წევრია.
ნახევარმცველები
ანხელ დი მარია (რეალი): ვეღარ გავიგეთ, რა კატა-თაგვობანას ეთამაშება ჟოზე მოურინიო დი მარიას: რამდენჯერაც მწვრთნელმა არგენტინელს ძირითადში ადგილი ანდო, იმდენჯერ გაიბრწყინა მან. ვფიქრობთ, დროა მოურინიომ მას "შეუცვლელის" სტატუსი მიანიჭოს, როგორც რამდენიმე დღის წინ - კრიშტიანო რონალდოს. ანხელ დი მარია ახალი სეზონის "რეალის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა.
დიეგო პეროტი (სევილია): კიდევ ერთი არგენტინელი სიმბოლურ ნაკრებში. პეროტიმ "ატლეტიკოსთან" სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე გოლი, საგოლე პასი და ლამაზი შემტევი ფეხბურთია.
დანიელ პარეხო (ხეტაფე): "რეალის" ყოფილ წევრს "ლოს აზულონესის" რიგებში საუკეთესო სეზონი აქვს. 21 წლის ნახევარმცველი "ხეტაფეს" ახალი იარაღია, რომლის წყალობითაც მიჩელი კიდევ ერთხელ აპირებს სრულიად ესპანეთის გაოცებას. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი მუდამ შემართული, კრეატიული და კარზე დაგეშილია.
ხავიერ მასკერანო (ბარსელონა): "ბარსელონამ" შინ ვერ მოიგო სუსტ გუნდად მიჩნეულ მეტოქესთან და მისი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებშია - წარმოიდგინეთ, რა კარგად უნდა ეთამაშა მას. "ბარსელონას" ბურთის ფლობის უდიდესი უპირატესობა (90% პირველ 15 წუთში, შემდეგ - 70%) ჰაერიდან არ მოსულა, არგენტინელის (კიდევ ერთი არგენტინელი!) დამსახურებაა. მეორე ტაიმში, როცა "მალიორკა" იკბინებოდა, მასკერანო იყო ბოლო ზღუდე, რომლის იქითაც სტუმართა კონტრშეტევები აღარ განვითარებულა.
თავდამსხმელები
ნილმარი (ვილიარეალი): ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი 5 გოლით ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. მე-7 წუთზევე გაიტანა "რასინგის" კარში და "ვილიარეალს" ზედიზედ მე-5 გამარჯვებაში დაეხმარა.
გონსალო იგუაინი (რეალი): გაგეცინებათ და ისიც არგენტინელია. 22 წლის ფორვარდი ამ სეზონში რამდენჯერმა საფუძვლიანად გააკრიტიკეს, რადგან უსაშველოდ ანიავებდა საგოლე მომენტებს. მაგრამ "დეპორტივოსთან" ძველი, შარშანდელი სეზონის იგუაინი ვიხილეთ - გაიტანა და თანაგუნდელებსაც გაატანინა.
არიც ადურისი (ვალენსია): ადურისი ამტკიცებს, რომ უნაი ემერი მართალი იყო, როცა დაჟინებით ითხოვდა ამ თავდამსხმელის ყიდვას. ძალიან კარგი დუეტის დაბადების მომსწრენი ვხდებით "ლოს ჩეს" შეტევაში, ადურისი და სოლდადო ერთმანეთს კარგად უგებენ და ავსებენ.
სხვები, რომელთაც შეეძლოთ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა: კრიშტიანო რონალდო (რეალი), მესუთ იოზილი (რეალი), ფლორან სინამა-პონგოლე (სარაგოსა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ემილიო ნსუე (მალიორკა), ალვარო ნეგრედო (სევილია), ვალტერ პანდიანი (ოსასუნა), ანხელი (ვილიარეალი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"