მსოფლიოს ჩემპიონი გაცხრილულია
8 ოქტომბერს კასტილია ლეონის პროვინციის ქალაქ სალამანკას 18-ათასიანი "ელმანტიკო" ევრო-2012-ის I შესარჩევი ჯგუფის მატჩს მასპინძლობს, მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთსა და ლიტვის ნაკრებს შორის. მას შემდეგ, რაც "ლა როხამ" მუნდიალი მოიგო, გუნდი პირველად ითამაშებს საკუთარი პუბლიკის წინაშე და ეს პატივი წილად პატარა ქალაქ სალამანკას ხვდა...
4-4-2
სალამანკაში გამგზავრებამდე ვისენტე დელ ბოსკემ ბოლო ვარჯიში მადრიდში გამართა. მოგეხსენებათ, გუნდი საკადრო პრობლემებმა შეაწუხა ტრავმების გამო ევრო-2012-ის ოქტომბრის მატჩებს დააკლდნენ: ჩავი და პედრო (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ლივერპული), სესკ ფაბრეგასი (არსენალი) და ხესუს ნავასი (სევილია).
დელ ბოსკემ ვარჯიში ორ ნაწილად გაყო, შესვენებამდე ნაკრებმა 90 წუთის განმავლობაში ინტენსიურად ივარჯიშა, შესვენების შემდეგ კი - მსუბუქად. როგორც ესპანელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, დელ ბოსკე გამალებით ამუშავებს 4-4-2 ტაქტიკურ სქემას და, ალბათ, ლიტვის ნაკრებთან ამ სქემით ითამაშებს. ვარჯიშზე გამოჩნდა, რომ დელ ბოსკე გამოკვეთილ ფორვარდად ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევ ფერნანდო ლორენტეს დააყენებს, შეტევაში მეორე ფორვარდად არიც ადურისი ითამაშებს. დავიდ ვილიას ერთი გოლიღა უკლია ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე. ახლა "ელ გუახე" ამ წოდებას რაულთან ერთად იყოფს, ორივე 44-44 გოლი აქვთ გატანილი ეროვნული მაისურით.
ნახევარდაცვაში დელ ბოსკე დიდ იმედებს ამყარებს "მანჩესტერ სიტიში" გადასულ დავიდ სილვაზე, ხოლო ჩავის არყოფნაში პლეიმეიქერულ ჭაპანს ანდრეს ინიესტა გასწევს. "მარკა" მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვის ფლანგებზე ყოფილი ვალენსიელები, დავიდ სილვა (მარჯვნივ) და დავიდ ვილია (მარცხნივ) ითამაშებენ. თუ მართლაც ასე მოხდა, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა სუპერშემტევი გამოდის.
იჯარით სამშობლოში
ლიტვასთან მატჩი, თუკი ათამაშებენ, 25 წლის ბორხა ვალეროსთვის სადებიუტო იქნება ესპანეთის ნაკრებში. მადრიდის "რეალის" აღზრდილს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია 19-წლამდელების ჩათვლით. 2007 წელს "რეალმა" ფეხბურთელთან ურთიერთობა აღარ გააგრძელა და ის "მალიორკაში" გადაბარგდა. ბრწყინვალე სეზონის შემდეგ ვალერომ "ნისლიანი ალბიონი" დააინტერესა, ის "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა" 7 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც ბირმინგემის გარეუბნის კლუბის ყველა დროის სატრანსფერო რეკორდია. "ვესტ ბრომვიჩი" გავარდა და ბორხა ვალეროც ესპანეთს დაუბრუნდა, შარშანდელი სეზონი მან ისევ "მალიორკაში" გაატარა, ახლა კი "ვილიარეალშია", თუმცა ვალერო ინგლისური კლუბის საკუთრებად რჩება, ესპანეთში კი იჯარით თამაშობს.
ბორხა ვალერო "ყვითელი წყალქვეშა ნავის" (როგორც ესპანეთში "ვილიარეალს" ეძახიან, ტრადიციული ყვითელი მაისურების გამო) "ეკიპაჟის" მე-5 წევრია, რომლითაც ვისენტე დელ ბოსკე დაინტერესდა.
"კვირას კლუბში ჭორის დონეზე მითხრეს ეს ამბავი. ვერაფრით ვიჯერებდი, მაგრამ ორშაბათს ყველაფერი ოფიციალურად გაცხადდა. ძალიან მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მე ხომ ნაკრებში ბიჭების ტრავმების გამო მოვხვდი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ. ესპანეთში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება ნაკრებში თამაშია და დიდებულია, როცა ეს ოცნება რეალობად იქცევა. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრი ჩემი თანაგუნდელი მოხვდება ნაკრებში, ხუთი უკვე ძალიან კარგი შედეგია. ბუნებრივია, გუნდის კარგი თამაში დამეხმარა ნაკრებში მოხვედრაში, შეტევაში ნილმარი და როსი დაფრინავენ, სწორედ მათი წყალობით ჩვენმა პასებმა შედეგი გამოიღო. ასე რომ, ნაკრებში მოხვედრისათვის ამ ბიჭების მადლობელიც ვარ", - განუცხადა "ლა როხას" დებიუტანტმა "დიარიო AS-სს".
ჩვენი ოქრო ჩვენთან!
ესპანელთა თავკაცი "ევრონიუსთან" ინტერვიუში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი "ოქროს ბურთის" კანდიდატებზე ალაპარაკდა: "ფეხბურთი გუნდური თამაშია, მუნდიალზე კი ესპანეთის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ საუკეთესო გუნდია. ამიტომ ბუნებრივი და სამართლიანი იქნება, თუკი "ოქროს ბურთს" რომელიმე ესპანელს მისცემენ", - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.
სხვათა შორის, ბუკმეიკერთა ფავორიტი სულაც არ არის ესპანელი. ბუკმეიკერები "ოქროს ბურთის" კანდიდატთაგან ფსონს ჰოლანდიელ ვესლი სნეიდერზე ჩამოდიან. ანდრეს ინიესტას, დავიდ ვილიას და იკერ კასილიასს კი შედარებით ნაკლებ შანსს აძლევენ.
მოჩვენებითი აშკარა უპირატესობა
ეს ესპანელთა მეორე მატჩია ევრო 2012-ის შესარჩევ ეტაპზე. პირველ ტურში "ლა როხამ" სტუმრად ჯუჯა ლიხტენშტაინს 4:0 მოუგო. ლიტველებთან მატჩის შემდეგ კი, 12 ოქტომბერს ესპანელებს უფრო სერიოზული ტესტი ელით - გლაზგოს "ჰემპდენ პარკზე" შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობენ.
ურთიერთშეხვედრებში ესპანელთა უპირატესობა თითქოს აშკარაა, 4 მატჩიდან პირინეელებმა 3 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, მათ 8 გოლი გაუტანეს ბალტიელებს და ჯერ არც ერთი გაუშვიათ! თუმცა ბოლო დაპირისპირებაში, ლიტვაში გუნდებმა 0:0 ითამაშეს, ესპანეთში კი 1:0 ესპანელთა სასარგებლოდ. ეს 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი ჯგუფის მატჩები იყო. ტოტალიზატოტები ესპანელთა უპირატესობას აშკარად მიიჩნევენ (1.07 - 12.0 - 26.0).
ლა როხა
სალამანკაში ბორხა ვალეროსთან ერთად ნაკრებში დებიუტი შესაძლოა ჰქონდეს "ვალენსიას" ფორვარდ არიც ადურისს, რომელიც 29 წლისაა. ვალენსიელ პაბლო ერნანდესს სულ ორჯერ მოურგია ნაკრების ფორმა (თუმცა გოლის გატანაც მოასწრო), ერთხელ ითამაშა ნაკრებში ბრუნო სორიანომ.
მეკარეები - იკერ კასილიასი (რეალი, 113 თამაში), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა, 3), პეპე რეინა (ლივერპული, 21).
მცველები - ნაჩო მონრეალი (ოსასუნა, 4), ჟერარდ პიკე (ბარსელონა, 26 თ. 4 გ), კარლეს პუიოლო (ბარსელონა, 91, 3), კარლოს მარჩენა (ვილიარეალი, 65, 2), სერხიო რამოსი (რეალი, 69, 5), ხოან კაპდევილა (ვილიარეალი, 53, 4), ალვარო არბელოა (რეალი, 18).
ნახევარმცველები - ბრუნო სორიანო (ვილიარეალი, 1), პაბლო ერნანდესი (ვალენსია, 2, 1), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 51, 8), ჩაბი ალონსო (რეალი, 79, 9), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა, 23), სანტი კასორლა (ვილიარეალი, 26, 2), ბორხა ვალერო (ვილიარეალი, დებიუტანტი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, 41, 9).
ფორვარდები - დავიდ ვილია (ბარსელონა, 67, 44), არიც ადურისი (ვალენსია, დებიუტანტი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო, 10, 4).
ბალტიელები
ესპანეთის ნაკრებს უცილობელ ფავორიტად მიიჩნევენ, მაგრამ, რატომღაც, ლიტველთა შესაძლებლობებს ამცრობენ. არადა გუნდი ფიფას რეიტინგში 42-ეა და რაიმონდას ჟუტაუტასის გუნდმა ევრო-2012 ბრწყინვალედ დაიწყო: 38 წლის კლაიპედელი სპეციალისტის გუნდმა კაუნასში 0:0 ითამაშა შოტლანდიის ნაკრებთან, მეორე ტურში კი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს 1:0 მოუგო. საგარეო გამარჯვებაში ლომის წილი პოლონური "ლოძის" ფორვარდმა დარვიდას შერნასმა დაიდო მატჩის ერთადერთი გოლით.
"ესპანელთა ტიტული თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ყოველ გენერალს უნდა სჯეროდეს თავისი ჯარისკაცების. ვიომებთ და შეიძლება შედეგსაც გამოვკრათ ხელი", - განუცხადა უეფას ოფიციალურ საიტს ლიტველთა თავკაცმა.
ჟუტაუტასი გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლის, ამიტომ სექტემბერთან შედარებით მინიმალური ცვლილებებია, სულ სამი: მეკარე გიედრიუს არლაუსკისის ნაცვლად გამოძახებულია რუმინული "ვასლუის" გოლკიპერი ვიტაუტას ჩერნიაუსკასი. მწვრთნელმა ახალგაზრდული ნაკრებიდან დაიმატა ფორვარდი არტურას რიმკევიჩიუსი და მცველი მანტას ფრიდრიკასი.
მეკარეები - პაულიუს გრიბაუსკასი (ნეფთჩი, 5 თამაში), ჟიდრუნას კარჩემანსკასი (გაზიანთეპი, 44), ვიტაუტას ჩერნიაუსკასი (ვასლუი, დებიუტანტი).
მცველები - მარიუს სტანკევიჩიუსი (ვალენსია, 50 თ. 4 გ.), არუნას კლიმავიჩიუსი (სიბირი, 26, 2), ტადას კიანსკასი (იაგელონია, 4), რამუნას რადავიჩიუსი (ეკრანასი, 1), ანდრიუს სკერლა (იაგელონია, 75, 1), მარიუს ზალიუკასი (ჰართსი, 21), მანტას ფრიდრიკასი (კაუნასი, დებიუტანტი).
ნახევარმცველები - კესტუტის ივაშკევიჩიუსი (ბნეი იეჰუდა, 8), მინდაუგას პანკა (ლოძი, 6), დეივიდას ჩესნაუსკისი (არისი, 37, 4), ედგარას ჩესნაუსკისი (დინამო მ, 25, 1), დეივიდას შემბერასი (ცსკა მ, 67), საულიუს მიკოლიუნასი (არსენალი კ, 34, 2), ვიტაუტას ლუკშა (ილიჩივეცი კ, 6), დომინიკას გალკევიჩიუსი (ეკრანასი, 1), ლინას პილიბატისი (ეტო, 16).
ფორვარდები - დარვიდას შერნასი (ლოძი, 15, 2), ტომას დანილევიჩიუსი (ლივორნო, 59, 19), რობერტას პოშკუსი (ინტერი ბ, 42, 8), არტურას რიმკევიჩიუსი (ასტერასი, დებიუტანტი).
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - სილვა, ინიესტა, ჩაბი ალონსო, ვილია - ადურისი, ლორენტე.
ლიტვა (5-3-1-1): კარჩემარსკასი - შემბერასი, სტანკევიჩიუსი, რადავიჩიუსი, კიანსკასი, სკერლა - ე. ჩესნაუსკისი, დ. ჩესნაუსკისი, მიკოლიუნასი - შერნასი - დანილევიჩიუსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"