ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სურათზე: კატალონიის დროშებით შეიარაღებულმა გულშემატკივრებმა "ბარსელონა"-"რეალის" მატჩის მე-17 წუთზე დასჭექეს - "ინდეპენდენსია" - დამოუკიდებლობა.

"მსოფლიო კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან, როცა ასეთი ჯახია, სანახაობა ტაქტიკურ სქემებში იკარგება და ბრძოლა ხშირად უგოლოდ სრულდება. ამ თამაშს კი ჰქონდა ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი უყვართ", - ჟოზე მოურინიოს ამ სიტყვებზე ჩვენც ვაწერთ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ უკეთესი კლასიკოც გვინახავს ახლო წარსულში. 

ბარსა-რეალობა
რიგით 222-ე კლასიკომ ვერ გამოავლინა გამარჯვებული, "რეალი" კვლავ ერთი მოგებით უსწრებს "ბარსელონას" - სტატუს-ქვო შენარჩუნდა ამ სეზონშიც, თუმცა, არა გვგონია, ეს "სამეფო კლუბის"
ინტერესებში იყოს, "რეალი" ხომ ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება.

თამაშამდე იყო კითხვები ორივე ბანაკში - კატალონიელთა რიგებში ტრავმების გამო, მადრიდელთა შორის კი - კონკურენციის.

კარლეს პუიოლი ვერ ითამაშებდა, ჟერარდ პიკე ბევრს ეცადა, მაგრამ დროულად ვერ გამოჯანმრთელდა - ასე დარჩა "ბარსა" ნატურალური ცენტრალური მცველის გარეშე (იყო მხოლოდ ბარტრა, რომლის შესახებაც ტიტომ თქვა, მისი გამოყვანა ასეთ თამაშში ნაადრევიაო).

მწვრთნელი არც ალექს სონგს ენდო და ხავიერ მასკერანოს მეწყვილედ ცენტრალურ მცველად ადრიანო დააყენა. აი, სიურპრიზი! ტიტომ აღიარა, რომ პირველად ადრიანოს ამის შესახებ პარასკევის ვარჯიშზე უთხრა და ჰკითხა, შეძლებდა თუ არა თამაშს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე. ბრაზილიელის პასუხი დადებითი იყო.

ერთი დეტალიც: მიუხედავად იმისა, რომ კლასიკო მოსაწყენი არ იყო, 4 კარგი გოლიც გავიდა, იყო დრამა და დაძაბულობა, ფაქტია, ორივე გუნდმა კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყა, 5-დან 4 გოლი გავიდა; მხოლოდ ვიქტორ ვალდესმა შეძლო ანხელ დი მარიას საგოლე დარტყმის მოგერიება.

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ
"რეალთან" 2:2-ით დასრულებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი. მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

კრიშტიანო რონალდომ "ბარსელონასთან" 2:2-ით დასრულებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი. მის წინააღმდეგ წესი 5-ჯერ დაარღვიეს.

ჩვენს "ტურნირში" რონიმ და მესიმ 3:3-ით მოაღწიეს. წესების თანახმად, კლასიკო 2-ქულიანია, თუმცა მოგებული როგორ უნდა გაარკვიო, როცა ორივე ფეხბურთელს ყველაფერი ლამის იდენტური აქვს?!

ასე რომ, მე-7 ტურში 1:1 დაფიქსირდა, ანგარიში კი 4:4 გახდა.

მესისა და რონალდოს დუელი საინტერესო ფაზაში შევიდა - ამბობდნენ, ეს თამაში სამ ქულაზე მეტს გადაწყვეტსო; ვინც უკეთ ითამაშებს, სავარაუდოდ, ის დაიმსახურებს "ოქროს ბურთსო". მოკლედ, კლასიკომაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული...

იცით თუ არა, რომ...
* ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა "კამპ ნოუზე".
* არგენტინელს კლასიკოს მატჩებში 17 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს.
* ამ სეზონის 11 მატჩში მესიმ 12 გაიტანა და 5 საგოლე პასი გადააწოდა.
* მესიმ ყველაზე მეტი გოლი "ატლეტიკოს" გაუტანა - 18, მერე მოდის "რეალი" - 17 და "სევილია" - 14.
* მესიმ ყველა შეჯიბრებაში "კამპ ნოუზე" 150 გოლი გაიტანა, ხოლო სტუმრად - 115.
* 2012 წელს მესიმ "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების მაისურით 65 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა.

ტურის ინციდენტი
"ბეტისისა" და "რეალ სოსიედადის" მატჩი 17 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მიზეზი დაახლოებით იგივეა, რის გამოც 2 ტურის წინ "რაიო ვალეკანო"-"რეალი" გადაიდო - განათების პრობლემა, თუმცა ამჯერად საბოტაჟს ადგილი არ ჰქონია, დენი მხოლოდ სტადიონზე არ ჩაქრა, ელექტროენერგია არ ჰქონდათ სევილიის ნაწილში და მის გარეუბნებშიც.

ტურის ფრაზები
ტიტო ვილანოვა:
"თქვენ ის ვარჯიშებზე უნდა ნახოთ, როგორი მონდომებულია. კაციშვილმა არ იცის, სად არის მესის შესაძლებლობების ლიმიტი, რადგან ის სულ წინ მიდის. არა მგონია, ჩვენ კიდევ ვნახოთ ასეთი ფეხბურთელი მომავალში. ის, რა თქმა უნდა, საუკეთესოა", - "ბარსას" თავკაცი ლეო მესის შესახებ.
ჟოზე მოურინიო: "ვფიქრობ, რომ მსოფლიომ ნახა ყველაფერი, რასაც ამ თამაშიდან მოელოდა", - "რეალის" თავკაცი კლასიკოს აფასებს.
ტიტო ვილანოვა: "მაშინაც კი, როცა ჟოზე ამბობს, რომ მსაჯობაზე არ ილაპარაკებს, ის ლაპარაკობს მსაჯობაზე", - მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
პეპე: "ბარსელონას" ფეხბურთელების მსახიობობას უკვე მივეჩვიეთ", - "რეალის" მცველი კლასიკოს შემდეგ.
ტიტო ვილანოვა: "პეპე? პეპეს კიდევ ხმა აქვს ამოსაღები?! ვინმემ გააკეთოს მაგის ქმედებების ვიდეოკოლაჟი", - "ბარსას" თავკაცი პეპეს შესახებ.
ლიონელ მესი: "მოედანზე განსაკუთრებულები არ დარბიან. არ არის სწორი, თითქოს მე და რონალდო განსაკუთრებით მონდომებულები ვიყავით. ეს ეხებოდა 22-ივე ფეხბურთელს", - არგენტინელი კლასიკოს შემდეგ.
მიროსლავ ჯუკიჩი: "ეს იყო ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში ამ სეზონში", - "ვალიადოლიდის" მწვრთნელი "ესპანიოლთან" თამაშის შემდეგ.
მარსელო ბიელსა: "ეს თამაში შეიძლება 1:1 მორჩენილიყო, ან სულაც 4:0", - "ოსასუნასთან" შეხვედრის შემდეგ.
მანუელ პელეგრინი: "მოგებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა. "ატლეტიკოს" "რეალთან" და "ბარსელონასთან" ბრძოლის შანსი არა აქვს", - "მალაგას" ჩილელი თავკაცი "ატლეტიკოსთან" 1:2 მარცხის მერე.
ჟოზე მოურინიო: "ეს ორი სხვა პლანეტიდანაა. ძალიან ძნელია თქმა, რომელი სჯობს - მესი თუ რონალდო", - "რეალის" თავკაცი.
ბერნდ შუსტერი: "ფალკაოც უცხოპლანეტელია, მარტო მესი და რონალდო არა", - "რეალის" ყოფილი მწვრთნელი.

Sportall.Ge

ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენისას ყველაზე ადვილი შემტევი ტრიოს დაკომპლექტება იყო: ფალკაომ, მესიმ და რონალდომ ჯამში 6 გოლი გაიტანეს.

ასევე ღირსეული კანდიდატი იყო მეკარე ადრიანი "ბეტისიდან".

აი, დანარჩენებზე კი ფიქრი დაგვჭირდა, რადგან დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზს ამ ტურში მაინცდამაინც თავი არ გამოუჩენია.

მე-12 ფეხბურთელი
არიც ადურისი (ბილბაო)

ტურის გმირი
რადამელ ფალკაო
(ატლეტიკო)
გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე, მანამდე დაუმარცხებელი "მალაგას" შინ გაწბილებული გაშვება, დუბლი...

ტურის საუკეთესო გოლი
ლიონელ მესი
(ბარსელონა) "რეალის" კარში (საჯარიმო დარტყმა) (იხილეთ ვიდეო)

ტურის საუკეთესო პასი
მესუთ იოზილი
(რეალი) - საგოლე პასი კრიშტიანო რონალდოს.

იუბილე
"დეპორტივოს" ვეტერანმა ნახევარმცველმა ხუან კარლოს ვალერონმა კლუბის მაისურით მე-300 მატჩი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრებში 46 თამაში აქვს გამართული (5 გოლი).

რეკორდი
"ოსასუნას" ცოცხალმა ლეგენდამ პატჩი პუნიალმა 463-ე მატჩი ითამაშა მშობლიური კლუბის მაისურით და ამ მაჩვენებლით პამპლონელთა კლუბის ისტორიაში პირველ ადგილზე მყოფ ხოსე მანუელ ეჩევარიას გადაუსწრო.

ტურის მხვერპლ(ნ)ი
დანი ალვეში (ბარსელონა)
კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ხავი ვარასი (სევილია)
ჟოაო ვიქტორი (მალიორკა)

პირველ ტაიმში "ბარსას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დაშავდა (მარცხენა ფეხი იტკინა) და შესაცვლელი გახდა. ექიმების დასკვნით, დანი სამ კვირას გამოტოვებს.

მეორე ტაიმში კრიშტიანო რონალდომ მაკრატელა დარტყმის შესრულება გადაწყვიტა და ცუდად დაეცა. პორტუგალიელმა მხარი დაიშავა, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.

"სელტას" გოლკიპერმა ვარასმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩის მოთელვაზე მიიღო ტრავმა. ის სერხიო ალვარესმა შეცვალა, კარგადაც.

"მალიორკას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა კი "გრანადასთან" მატჩის დასაწყისში მუხლი სერიოზულად დაიზიანა.

ტურის სტატისტიკა
22 გოლი ტურში (2,2 მატჩში).
6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 72 ყვითელი ბარათი და 7 წითელი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: პაკო ალკასერი (ხეტაფე, 19 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 95 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 12 500 - "ესტადიო ვალეკასი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 18 - ბილბაო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - ხეტაფე
ყველაზე მეტი ჯარიმა: 27 - ხეტაფე
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - ბილბაო, ატლეტიკო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 64% - ბარსელონა

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
ფერნანდეს ბორბალანი
(ვალიადოლიდი-ესპანიოლი) - 2 "მარკა" (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: არასწორად დანიშნა პენალტი მასპინძელთა კარში, ბოლო წუთებზე "ესპანიოლს" აშკარა გოლი არ ჩაუთვალა და ვიქტორ ალვარესი სულ ტყუილად გაუგდო.

მუნის ფერნანდესი (სარაგოსა-ხეტაფე) - 0 "მარკა" (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: დანიშნა არარსებული პენალტი, გააძევა ალვარო არარსებული ჯარიმისთვის. ამაზრზენად იმსაჯა.

ერნანდეს ერნანდესი (მალიორკა-გრანადა) - 2 "მარკა" (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ორივე გუნდი დააზარალა. ერთ ეპიზოდში პენალტი საჯარიმოს გარეთ წაქცევისთვის დანიშნა.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ბარსელონა 7 6 1 0 19-7 19
2. ატლეტიკო 7 6 1 0 18-8 19
3. მალაგა 7 4 2 1 11-4 14
4. ბეტისი 7 4 0 3 12-13 12
5. რეალი 7 3 2 2 14-7 11
6. მალიორკა 7 3 2 2 8-6 11
7. სევილია 7 3 2 2 8-7 11
8. ვალიადოლიდი 7 3 1 3 11-7 10
9. ხეტაფე 7 3 1 3 8-10 10
10. ვალეკანო 7 3 1 3 9-14 10
11. ლევანტე 7 3 1 3 8-13 10
12. სოსიედადი 7 3 0 4 8-11 9
13. სელტა 7 3 0 4 9-8 9
14. ვალენსია 7 2 2 3 8-9 8
15. გრანადა 7 2 2 3 6-10 8
16. ბილბაო 7 2 2 3 9-14 8
17. სარაგოსა 7 2 0 5 5-9 6
18. დეპორტივო 7 1 3 3 9-14 6
19. ოსასუნა 7 1 1 5 7-11 4
20. ესპანიოლი 7 0 2 5 8-13 2

ბომბარდირები
9 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
8 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა)
5 - ტომერ ჰემედი (მალიორკა)

ასისტენტები
4 - ბენიატ ეჩებარია (ბეტისი)
3 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ემილიო ნსუე (მალიორკა), იბაი გომესი (ბილბაო)

გოლი+პასი
11 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
8 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

მომდევნო ტური
20 ოქტომბერი
მალაგა-ვალიადოლიდი, რეალი-სელტა, ვალენსია-ბილბაო, დეპორტივო-ბარსელონა.

21 ოქტომბერი
ესპანიოლი-რაიო ვალეკანო, გრანადა-სარაგოსა, ოსასუნა-ბეტისი, რეალ სოსიედადი-ატლეტიკო, სევილია-მალიორკა, ხეტაფე-ლევანტე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: 2:2 - აქეთ მესი, იქით რონალდო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული