"ელ კლასიკოს" დასკვნები და ტაქტიკური გარჩევა

AutoSharing Option
დღეისათვის შესაძლებელი ვარიანტებიდან საუკეთესო საფეხბურთო მატჩის ყურება "ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირებისას შეიძლება.

ამიტომაც კლასიკოზე კარგა ხანს საუბრობენ, მაშინაც კი, როცა ის ჩავლილია. მაშ ასე, "მარკა" კიდევ ერთხელ შეეხო 2:2-ით დასრულებულ სუპერმატჩს და 10 დასკვნა დადო.

სტატიაში აგრეთვე იხილავთ თამაშის ტაქტიკურ გარჩევას; გაიგებთ, რას ნიშნავს რონალდოს ახალი ვარცხნილობა და რამდენი წლისა დაეწევა პორტუგალიელი ესპანური ფეხბურთის ლეგენდას; ასევე, გეტყვით, როდის თამაშობს ტიტო ვილანოვა ცეცხლთან...

10 ვერდიქტი
1. ლა ლიგაში ინტრიგა მოკვდა? ვინ თქვა, ჯერ რა დროსია! 8-ქულიანი უპირატესობა დიდია, მაგრამ ჯერ ხომ
მხოლოდ 7 ტურია ნათამაშები. ასეც რომ არ იყოს, შეხედეთ "ატლეტიკოს"!

2. მესი-რონალდო: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რას ნიშნავენ ეს ფეხბურთელები თავიანთი გუნდებისთვის და მსოფლიო ფეხბურთისთვის. თანამედროვე ფეხბურთის ორი ფენომენი.

3. ტიტო-მოუ: ამ ორს შორის ურთიერთპატივსაცემი და სპორტული ურთიერთობა შეიმჩნეოდა, რამაც კლასიკოს ტემპერატურა დააგდო. ამის წარმოდგენაც კი ჭირდა ცნობილი ინციდენტის მერე. ჩვენ კი არა, ტიტო ვილანოვას უკვირს, ჟოზე ადრე არ მესალმებოდაო, ახლა კი პატივს მცემსო.

4. მოუ და მსაჯები: მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ ვირტუოზულად, დიპლომატიურად ისაუბრა მსაჯობაზე, რომელიც მას არ მოეწონა.

5. მსაჯი: დელგადო ფერეირომ გადამწყვეტ მომენტებში მართებული გადაწყვეტილებები მიიღო. არ იყო პენალტი პეპეზე ინიესტას წინააღმდეგ და არც მასკერანოს დაურღვევია საჯარიმოში თამაშის წესი იოზილთან ორთაბრძოლისას.

6. პეპე და თეატრი: ბარსელონას ფეხბურთელთა მსახიობობაზე სჯობს სხვა პიროვნებამ ილაპარაკოს. ტიტოს პასუხი იყო ბრწყინვალე პეპეს ფრაზებზე. სხვათა შორის, მართლა კარგი იდეაა პეპეს "ვაჟკაცობებზე" მინი-ფილმის გადაღება.

7. კასილიასი-ვალდესი: ისე მოხდა, რომ საქმე თითქმის არ ჰქონიათ - 4-დან მხოლოდ 1 ბურთის აღება იყო შესაძლებელი (პირველის).

8. ვილია: საოცარია, რომ ვერ ვიხილეთ "ელ გუახე". ის ნელ-ნელა შედის ფორმაში, მაგრამ ტიტოს აზრით, ასეთი თამაშებისთვის პირველი არჩევანი აღარ არის.

9. ბარსას დაცვა: პუიოლის, პიკეს, დანი ალვეშისა და აბიდალის გარეშე (ტაიმნახევარი ზუსტად ასე იყო) ეს ის "ბარსა" აღარ არის. საინტერესოა, როგორ აპირებს ტიტო ამ პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში.

10. ბენზემა-იგუაინი: მოურინიომ ფრანგი არჩია, მაგრამ ბენზემამ სათანადოდ ვერ ითამაშა. ვერც მის ნაცვლად შემოსული არგენტინელი ჩაერთო მატჩში სათანადოდ. პასუხი - არც ერთი.

კლასიკოს ტაქტიკური გარჩევა
მასპინძლებმა 4-3-3-ით ითამაშეს, ხოლო სტუმრებმა 4-2-3-1-ით. ტიტოს მთავარი სიურპრიზი ადრიანოს (და არა სონგის ან ბარტრას) დაყენება იყო ჟერარდ პიკეს პოზიციაზე. ანდრეს ინიესტა მარცხენა ფლანგიდან, უფრო სიღრმიდან უტევდა.

ჟოზემ შემადგენლობა არ შეცვალა, მესუთ იოზილმა ითამაშა გამთამაშებლად. არ მოინახა ესიენისა და მოდრიჩის ადგილები. იგუაინს პორტუგალიელმა ბენზემა არჩია.

მატჩი განვითარდა ცნობილი სცენარით: "ბარსა" ბურთს ფლობს, "რეალი" სწრაფი კონტრშეტევებით იჩხვლიტება. ტაქტიკაში ცვლილებები ბევრი არ იყო.

ინიესტა უჩვეულო როლს თამაშობდა "ბარსას" სქემაში - სიღრმეში შემოსული მარცხენა გარემარბისა თუ ფართოდ მოთამაშე ცენტრალური ნახევარმცველის როლს. ანდრესის მიზანი არბელოას თავისი პოზიციიდან გამოტყუება იყო. სესკი, ფაქტობრივად, თავისუფალი იყო დირექტივებისგან.

კლასიკოს დროს მოურინიოს 4-4-1-1 ან 4-5-1 გამოუყენებია, მაგრამ ამჯერად მან თავი შეიკავა ექსპერიმენტებისგან. გუნდს ეტყობოდა, რომ ჩვეული სქემის დარღვევა არაფრით არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო მოუს დირექტივა.

დი მარია უფრო სიღრმიდან თამაშობდა, ვიდრე იოზილი და რონალდო. ჩაბი ალონსო ცდილობდა ჩავისთვის სივრცის მოსპობას, ჩავი კი უჩვეულოდ უკნიდან თამაშობდა.

"ბარსას" მიზნები და შესრულება
: "ბარსას" მიზანი არ იყო ნახევარდაცვაში უპირატესობის მოპოვება, არამედ გამწვავება, მაგრამ თავიდან გუნდს ეს არაფრით გამოსდიოდა, მცველთა ზურგსუკან პასები არ გადიოდა.

ფაბრეგასი ვერ სარგებლობდა ინიესტას მიერ ზონის განთავისუფლებით და ცენტრიდან არ გამოდიოდა. მხოლოდ ალბას ჩართვები არ იყო საკმარისი.

სანამ მესი დუმდა, "ბარსას" ფეხბურთელთაგან ყველაზე სახიფათო და არაორდინალური პედრო იყო, თუმცა პირველი გოლის ეპიზოდში მას ინიესტა მიეშველა, ის მოულოდნელად გადავიდა მარჯვენა ფლანგზე, მარსელო კი ორად ვერ გაიჭრებოდა, პედროს ჩაწოდებაც გავიდა (პეპეს შეცდომის გამო) და მესიმ საპასუხო გოლი გაიტანა.

"რეალის" მიზნები და შესრულება: თავიდან "რეალი" უფრო ახერხებდა ჩანაფიქრის განხორციელებას. ამას ხელს უწყობდა უფრო მოქნილი სქემა, რომლის დაშლასაც ყოველმხრივ გაურბოდა მოურინიო.

"რეალი" ახერხებდა სახიფათო ჩაწოდებების შესრულებას. იოზილი პირველ ტაიმში ვერ კომბინირებდა, მაგრამ მუდამ თავისუფალი ზონების ძიებაში იყო, რითაც მასპინძელთა მცველებს ქანცავდა.

საინტერესო დეტალი: როცა რონალდომ გაიტანა, ეს უკვე "რეალის" მესამე მომენტი იყო და დანი ალვეშის პოზიციიდან.

როცა ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო, მონტოიამ უკეთ გადაკეტა ზონა. ასე რომ, "ბარსას" ეს ცვლილება უდავოდ წაადგა.

"რეალი" იყო პირდაპირი შეტევებისას. გუნდი მცირე რესურსითაც ახერხებდა ამას. ჩაწოდებები კი ძალიან სახიფათო იყო, რადგან ისედაც დაბალი "ბარსა" კვირას კიდევ უფრო დაბალი იყო, სერხიო რამოსს სანტიმეტრები დააკლდა თავურ გოლამდე.

მართალია, ბენზემა უშნოდ ურტყამდა, მაგრამ კარგად კომბინირებდა თანაგუნდელებთან.

მეორე ტაიმი: მესი გამოცოცხლდა, ფაბრეგასმა იკადრა მარცხნივ გადასვლები. ტიტომ პირველ ცვლილებას მიმართა, მაგრამ ალექსის სანჩესმა ვერ გაამართლა.

იოზილი ძალიან სახიფათო გახდა, რაც მის ბრწყინვალე საგოლე გადაცემაშიც გამოიხატა. ბოლო 20 წუთი ბურთი სულ "ბარსასი" იყო, მაგრამ მომენტები ვერ იქმნებოდა, თუ არ ჩავთვლით მონტოიას სახიფათო დარტყმას (ხარიხა).

ტიტომ ორ შეცვლაზე მეტი არ გააკეთა, მოუმ კი ბოლოს ესიენი გამოიყვანა, 4-5-1-ზე გადავიდა, რითაც ფაქტობრივად განაცხადა, რომ ფრეზე ყაბულს იყო.

დასკვნა: ამ შეხვედრაში არ იყო დიდი ტაქტიკური ცვლილებები. ორივე გუნდი თავის თამაშს თამაშობდა. ეს იყო კლასიკური მაგალითი, სადაც დომინანტი მესის და რონალდოს დაპირისპირება იყო.

ეს დაპირისპირება ვერც ერთმა მოიგო, ვერც მატჩი...

მის გარეშე სხვა რეალი იქნებოდა

"რეალის" დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ ცაში აიყვანა ქებით კრიშტიანო რონალდო:

"ის საოცარი ფეხბურთელია. რონი ყოველთვის გუნდისთვის იღწვის. ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია გაიღოს ამდენი საკუთარი გუნდისთვის.

"რეალის" ისტორიაშიც კი ძნელია ასეთი ფეხბურთელის პოვნა. მე ძალიან მომწონს მისი შემართება - ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედნიდან არ გამოვიდა.

"რეალი" რონალდოს გარეშე სულ სხვა გუნდი იქნებოდა",
- აღნიშნა ბუტრაგენიომ, რომელმაც დაამატა, რომ ფრე სამართლიანი შედეგია, მაგრამ "რეალის" უპირატესობა პირველი საათის განმავლობაში შესამჩნევი იყო.

როდის დაეწევა რონი რაულს?

მოგეხსენებათ, კრიშტიანო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ექვს კლასიკოზე გაიტანა. სულ ამ 6 შეხვედრაში პორტუგალიელმა 10 გოლი გაიტანა.

რონიმ ივან სამორანოს (ზედიზედ 5 კლასიკო) გადაუსწრო. რონალდომ ლა ლიგის 108 შეხვედრაში 120 გოლი გაიტანა.

27 წლის პორტუგალიელი ამ ჩემპიონატის ისტორიაში "რეალის" მე-9 ბომბარდირია (მან ამანსიოს გაუსწრო).

ახლა მას სამი გოლი აშორებს ბუტრაგენიოს და პირის შედეგებთან. ამ სეზონში რეალურია ხენტოს დაწევაც (126 გოლი).

აქვე ლა ლიგის პირველ ხუთ ბომბარდირსაც ჩამოვთვლით: 1. რაული - 228 გოლი, 2. დი სტეფანო - 216, 3. სანტილიანა - 186, 4. უგო სანჩესი - 164, 5. პუშკაში - 156.

გახდება კრიშტიანო ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი? მან უკვე გაიტანა რაულის გოლების 49,8%, მაშინ, როცა რაულის თამაშების 20,9% ითამაშა. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. "მარკას" გამოთვლით, პორტუგალიელი 31 წლის ასაკში დაეწევა რაულს.

მშვიდი მებრძოლი ომის შემდეგ

კრიშტიანო რონალდო "კამპ ნოუზე" ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა, ყურთან მას ლათინური V ჰქონდა ამოპარსული.

პორტუგალიელს ეს ვარცხნილობა ცნობილმა ძმებმა სტილისტებმა, ხოსე და მიგელ სიერო ლეალებმა გაუკეთეს.

კრიშტიანომ მათ შაბათს, თამაშის წინა დღით დაურეკა და ვარცხნილობაში ახალი დეტალის შემატება სთხოვა.

ის რაიმე ახლებურსა და თვალშისაცემს ითხოვდა.

"ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და შევთავაზეთ ეს სიმბოლო, რომელიც მებრძოლის სიმშვიდეზე მიუთითებს ბრძოლის შემდეგ და ის დაგვთანხმდა", - განუცხადეს "მარკას" ძმებმა.

იოზილმა გაიმარჯვა
მატჩის წინ მოურინიოს დიდი თავსატეხი ჰქონდა - ვინ დაეყენებინა ძირითადში - მესუთ იოზილი, რომელსაც ბოლო დროს აღარ ენდობოდა სუსტი თამაშის გამო, ლუკა მოდრიჩი, რომელიც ჯერ ვერ გვაჩვენებს "რეალის" დონის თამაშს, თუ კაკა, რომელიც მოუმ ბოლოსღა გაიხსენა.

"მარკას" გამოკითხვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ფანები ბრაზილიელს ითხოვდნენ, მაგრამ როდის ითვალისწინებდა პორტუგალიელი ფანების აზრს? მოედანზე იოზილი ვიხილეთ იმ ლოგიკით, რომ გერმანელი "კამპ ნოუზე" ბოლო დროს კარგად თამაშობს.

და იოზილმაც გაამართლა: ბოლოსკენ, რა თქმა უნდა, მოუკლო, როგორც იცის ხოლმე, მაგრამ მანამდე გერმანელი "ბარსას" დაცვისა და ბუსკეტსის თავისტკივილი იყო. "ასულგრანას" მცველებს ძალიან უჭირდათ იოზილის დაჭერა. მას მადრიდელთაგან ყველაზე ხშირად ჰქონდა ბურთი.

ყოველთვის ცდილობდა ადრიანოსა და მასკერანოს ზურგსუკან გაღწევას. მესუთის მილიმეტრებში ზუსტმა პასმა რონალდოს დუბლი შეასრულებინა. მოურინიომ მოედანზე 75 წუთი დატოვა. მეტი უკვე დანაშაული იქნებოდა, რადგან იოზილი უკვე ვერაფერს აკეთებდა, გამოფიტული იყო.

"იოზილმა ითამაშა კარგად და აჩვენა მაღალი კლასი", - ეს მოურინიოს სიტყვებია. მოკლედ, იოზილმა ამ ეტაპზე ორივე კონკურენტს მოუგო ძირითადის ადგილი.

მოუ დი სტეფანოს გაუტოლდა
კვირას ჟოზე მოურინიომ 83-ედ გამოიყვანა "რეალი" მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით პორტუგალიელი ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა და ახლა "სამეფო კლუბის" ისტორიაში მე-8 მწვრთნელია თამაშების რაოდენობით.

83-დან მოუმ 64 თამაში მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. დი სტეფანოს მონაგარი გაცილებით მწირია: 49 მოგება, 15 ფრე და 19 წაგება.

მოურინიო "კამპ ნოუზე" ერთ რეკორდს უმიზნებდა, მაგრამ ვერ შეწვდა - დღემდე "რეალს" ამ სტადიონზე ერთზე მეტჯერ მხოლოდ მიგელ მუნიოსმა მოაგებინა. მოურინიომ "კამპ ნოუზე" პირველად გასულ სეზონში მოიგო (2:1).

ფრთხილად, ვილიასთან თამაში სახიფათოა
უკვე ვწერდით, რომ დავიდ ვილია ტიტო ვილანოვასთვის სარეზერვო იარაღად გადაიქცა, თუმცა 44 წლის მწვრთნელს უჯობს, ფრთხილად მოეპყროს ბომბარდირს - 30 წლის "ელ გუახე" ხომ ძალიან ამბიციური ფეხბურთელია.

ის კი, ალექს სონგთან და ბარტრასთან ერთად მეორე ტაიმში, 20 წუთის განმავლობაში ვარჯიშობდა და შემოსასვლელად ემზადებოდა.

ერთ მომენტში ვილიამ გახურება შეწყვიტა კიდევაც და გამომწვევად იყურებოდა სათადარიგოთა სკამისკენ.

თამაში მორჩა თუ არა, ფორვარდი პირველი გაემართა გასახდელისკენ თავჩაღუნული. გასაგებია, რომ კლასიკოს გამოტოვება არავის სურს, მაგრამ როცა გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ და გრძნობ, რომ მზად ხარ თამაშისთვის, რეალობასთან შეგუება ერთიორად ძნელია.

არადა, ვილია მართლა მზადაა. ამ სეზონში ფორვარდი მხოლოდ ერთხელ მოხვდა "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში. ეს იყო "გრანადასთან", ტიტომ ის 54-ე წუთზე შეცვალა.

მისთვის საუკეთესო შეხვედრა კი სევილიაში გაიმართა, როცა თამაშის დასრულებამდე 16 წუთით ადრე შევიდა მოედანზე და ბოლოს გამარჯვების გოლი გაიტანა.

იცით თუ არა, რომ...
* იმ ფეხბურთელთაგან, რომელთაც შეუცვლელად ითამაშეს "ბარსელონას" რიგებში, ყველაზე ცოტა ზუსტი პასი პედრომ გააკეთა - 38, მაგრამ ეს მაჩვენებელი მაინც მეტია "რეალის" რიგებში საუკეთესოზე - ჩაბი ალონსოზე (35 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური: 2:2 - აქეთ მესი, იქით რონალდო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენიოსი არა ფეხები, რონალდო იმენნა მაგარია იმტომ რომ:
1. გუნდისთვის მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე მესის,
2. უფრო მეტი პოზიციიდან უტევს მეტოქის კარს ვიდრე მესი,
3. თავით უკეთ თამაშობს ვიდრე მესი.
4. უფრო ძლიერი ინდივიდუალისტია ვიდრე მესი (ნაკრების მატჩები აიღე, ლამის მარტო ათრევს პორტუგალიას)

აი ბურთის თრევას რაც შეეხება ეგ კარგად გამოდის მესის (თანაც მარტო ბარსელონაში, თორემ ბრაზილიელ ოლიმპიელებს ძლივს მოუგეს ძირითადმა არგენტინელებმა 3:2), მაგრამ ბოლო მატჩებია რეალთან ბურთის მოედნის ცენტრში გორება უწევთ, იმის იქეთ იშვიათად მიდიან
madeira
20:32 10-10-2012
0
სტატიის ავტორი რეალის ბალეშიკია:)) კი ბაზ არაა კრისტინა მაგარია, მაგრამ მესი რომ გენიოსია ამას რატო არ იძახის? ტიპი მთელი თამაში დატასაობდა ბურთს რო დაითრევდა რეებს აკეთებდა ამის გადმოცემა შეუძლებელია უჯარიმოთ ბურთს ვერ ართმევენ მეტი რა ქნას
ლეოN1 და ეგეთად დარჩება ყოველთვის:)))
messi
15:39 10-10-2012
0

სიახლეები პოპულარული