მთავარი კითხვა მინსკამდე: ვინ იმეგობრებს სერხიო რამოსთან

AutoSharing Option
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მორიგი საკვალიფიკაციო მატჩისთვის ემზადება.

პარასკევს ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები მინსკში ბელორუსის ნაკრებს შეხვდებიან. ესპანელებისთვის ეს მეორე შეხვედრაა I ჯგუფში თბილისში გაჭირვებით მოგებული (1:0, გოლის ავტორი რობერტო სოლდადო) მატჩის შემდეგ.

გახსოვთ, ალბათ, საქართველოში "ფურია როხას" დაცვის ცენტრში ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი იდგნენ. ახლა პიკე ტრავმირებულია, დელ ბოსკეს კი მისი პარტნიორი ჰყავს მოსაძებნი და პრობლემებს გადაეყარა.

მაშინ, როცა ასევე ტრავმირებულია კ
არლეს პუიოლი, ესპანელ მარკიზს არჩევანი მწირი აქვს: რაულ ალბიოლს სექტემბერ-ოქტომბერში საერთოდ არ უთამაშია "რეალის" რიგებში და ბუნებრივია, მასზე დაყრდნობა სარისკოა; ხავი მარტინესი, რომელიც დელ ბოსკემ ნაკრებში დააბრუნა, "ბაიერნში" ნახევარდაცვაში თამაშობს და ცენტრალური მცველობის პრაქტიკა მას აღარ აქვს; არის კიდევ ერთი სათადარიგო ვარიანტი, სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც "ბარსელონა" დიდი ხანია, აღარ იყენებს მცველად და მხოლოდ მის ბუნებრივ პოზიციაზე ათამაშებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბელორუსთან მატჩის შემდეგ ესპანელებს კიდევ უფრო დიდი გამოცდა ელით - ფრანგებთან დაპირისპირება.

მიუხედავად ამისა, დელ ბოსკე მაინც მხნედაა:

"ჩვენ ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ეს საკმარისია", - აცხადებს ესპანელთა თავკაცი.

შეკრების პირველივე ვარჯიშზე დელ ბოსკემ რამოსს ბუსკეტსი შეუწყვილა, ხოლო ფლანგებზე არბელოასა და ალბას დაეყრდნო.

შესაძლოა, სწორედ ასეთი განლაგებით ვიხილოთ ესპანეთის ნაკრები მინსკში. ასეთი გადანაცვლება თავისთავად გამოიწვევს ცვლილებებს შუა ხაზშიც, რადგან ბუსკეტსის ადგილი თავისუფლდება. ასეთ შემთხვევაში ჩაბი ალონსოს სესკ ფაბრეგასი შეუწყვილდება.

ვიმეორებთ, ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც დელ ბოსკე განიხილავს და არა ერთადერთი. მეორე ვარიანტად ხავი მარტინესის დაცვაში თამაში იქნება, მესამე კი ასეთია - არბელოა შეიწევს ცენტრში და რამოსს შეუწყვილდება, "ატლეტიკოს" ხუანფრანი კი ძირითად შემადგენლობაში მოხვდება.

Sportall.Geკასილიასის ფრანგული ხუმრობა
ეროვნულ ნაკრებში შეკრებილები გააკვირვა იკერ კასილიასმა, რომელიც ბაზაზე... საფრანგეთისდროშიანი მაისურით მივიდა.

შეიძლება, ამისთვის ყურადღება არც არავის მიექცია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სამშაბათს ესპანელები დიდიე დეშამის გუნდს მასპინძლობენ.

ეს შეხვედრა მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება. კაპიტანს ხშირად უყვარს ხოლმე თანაგუნდელების გაკვირვება.

ბონუსები, ბონუსები...
პირველ ვარჯიშამდე ესპანეთის ნაკრების წევრები "სიუდად დე ფუტბოლის" დარბაზში სასიამოვნო პროცედურისთვის შეიკრიბნენ - მათ ევრო 2012-ზე წარმატებული ასპარეზობისთვის დამსახურებული ბონუსები გადასცეს.

თითოეულ ფეხბურთელს დაახლოებით 148 ათასი ევრო შეხვდა 300 ათასიდან. ნახევარზე მეტი ესპანეთის ხაზინაში წავიდა, როგორც გადასახადი.

აღსანიშნავია, რომ დაბეგვრა ყველას შეეხო, ვინც გადასახადებს ესპანეთში იხდის და წელიწადში 183 დღეზე მეტს ატარებს ამ ქვეყანაში.

ყველაზე მეტად ნაკრების იმ მოთამაშეებს გაუმართლათ, რომლებიც ინგლისში თამაშობენ. ბრიტანული კანონმდებლობით, სხვა ქვეყანაში ნაშოვნი ფული არ იბეგრება.

ასე რომ, ნაკრების ოთხი წევრი, რომელიც ევრო 2012-ისთვის ლეგიონერი იყო ინგლისში, 300-300 ათას ევროს მიიღებს.

ესენია: ფერნანდო ტორესი და ხუან მატა "ჩელსიდან", დავიდ სილვა "მანჩესტერ სიტიდან" და პეპე რეინა "ლივერპულიდან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული