ლა ლიგის ამბები: "ვალენსიას" ბიუჯეტი განახევრდება

AutoSharing Option
ვიგოს "სელტამ" ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა 27 წლის მარცხენა მცველ რობერტო ლაგოს.

ლაგოს და კლუბის პრეზიდენტის, ანტონიო ჩავესის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და კონტრაქტსაც ხელი მაშინვე მოეწერა.

ლაგოს ხელშეკრულება 30 ივნისს უსრულდებოდა, ახლა კი 2016 წლის 30 ივნისამდე გალისიური კლუბის წევრია. სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში მხარეები ვერ თანხმდებოდნენ. იყო პერიოდი, როცა ფეხბურთელი გაურკვევლობაში იყო და კარიერის სხვაგან გაგრძელებაზეც ფიქრობდა.

რობერტო ლაგო "სელტას" აღზრდილია და ამ კლუბის ძირითად გუნდში დებიუტი ხრისტო სტოიჩკოვის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. მომავალი მატჩი "სელტას" სტუმრად "რეალთან" აქვს.
ლაგო მეტისმეტად ოპტიმისტი ჩანს: "ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ "ბერნაბეუზე", ჩვენ ხომ "სელტა" ვართ".

დეპორი: სტილი ხელშეუხებელია
ხოსე ლუის ოლტრას ხელში "დეპორტივო" სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ლაკორუნიული გუნდი აქცენტს ბურთის ფლობასა და შეტევებზე აკეთებს.

ეს სეგუნდა დივიზიონში ამართლებდა. "დეპორტივო" ერთი თავით სჯობდა მეტოქეებს, ვალენსიელი მწვრთნელიც წარმატებული იყო - სეგუნდა დივიზიონში ასეთი წარმატებული სეზონი აქამდე არც ერთ კლუბს არ ჰქონია.

მაგრამ ლა ლიგაში ამას შედეგი არ მოაქვს, უფრო ძლიერი გუნდები იოლად უღებენ ალღოს "დეპორს" და მისი დაცვის სისუსტეს კარგად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გავარდნის ზონაში ჩაეშვა, ხოსე ლუის ოლტრა თამაშის სტილის შეცვლას არ აპირებს. ის ამბობს, რომ ეს ერთადერთია, რასაც არასოდეს შეეხება.

"ვფიქრობ, სახიფათო არაფერია - თუკი რამდენიმე პრობლემას მოვაგვარებთ, უკეთ ავთამაშდებით და შედეგებიც მოვა", - იმედს არც გუნდის ლიდერი ხუან კარლოს ვალერონი კარგავს.

ხეტაფე: სამი ფორვარდი, ნული გოლი
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "სარაგოსასთან" გაძევებულებს, აბდელაზიზ ბარადას და ნდრი რომარიკს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა.

"ხეტაფე" 7 თამაშიდან 10 ქულით ცხრილის შუაშია, რაც მადრიდული კლუბისთვის ურიგო შედეგი არაა, თუმცა არის ერთი დამაფიქრებელი მომენტი - ლა ლიგის 20 კლუბს შორის "ხეტაფე" ერთადერთია, რომლის ფორვარდებსაც ჯერ გოლი არ გაუტანიათ. ალვარო ვასკესს, ადრიან კოლუნგას და პაკო ალკასერს გოლი ვერაფრით გაუტანიათ.

მალაგა: ფაბრისი, რა მოხდა?
18 აგვისტოს მთელი საფეხბურთო ევროპა ახალ ტალანტზე ალაპარაკდა, როცა მოედანზე წუთის წინ შესულმა კამერუნელმა ფაბრის ოლინგამ "მალაგასთვის" გამარჯვების გოლი გაიტანა და ესპანეთის ისტორიაში შევიდა, როგორც ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი - ფაბრისი ხომ მხოლოდ 16 წლისაა.

ამის შემდეგაც მან ძალიან კარგად ითამაშა, თითქოს მანუელ პელეგრინის გუნდსაც მოერგო, მაგრამ მესამე ტურიდან მოყოლებული, მისი როლი დრამატულად შეიცვალა - ის ისევ მონდომებით ვარჯიშობს პირველ გუნდში, მაგრამ თამაშობს სარეზერვოში... ტერსერა დივიზიონში.

რეალ სოსიედადი: ბერგარა 2016-მდე
სან სებასტიანის "რეალ სოსიედადმა" ხელშეკრულება 2016 წლამდე გაუგრძელა 26 წლის ნახევარმცველ მარკელ ბერგარას.

ბასკს კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურებოდა. პრეზენტაციას "ჩური ურდინის" პრეზიდენტი ხოკინ აპერიბაი დაესწრო.

ბერგარა საყრდენი ნახევარმცველია, რომელიც "რეალ სოსიედადის" აღზრდილია, თუმცა იჯარის წესით "ეიბარსა" და "ვესინდარიოში" უთამაშია. ბერგარამ ესპანეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, თუმცა ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში ის არ გამოუძახებიათ.

ვალენსია: ბიუჯეტი განახევრდება
"ვალენსიას" პრეზიდენტი მანუელ ლორენტე აგრძელებს ძიებას ყველა ხერხის, რომ როგორმე კლუბმა ხარჯები შეამციროს. მოგეხსენებათ, "ღამურებს" ვალები ახრჩობთ.

"ბანკიასთან" ჩაშლილი კონტრაქტის მერე კლუბში უკიდურესად ცუდი ფინანსური სიტუაციაა. დღეისათვის კლუბის ბიუჯეტი 100 მილიონი ევროა. ლორენტე მის განახევრებას აპირებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება კლუბის აქციების მფლობელებთან უნდა შეთანხმდეს. კლუბის გენერალური ასამბლეა 9 ნოემბერსაა დანიშნული. მოკლედ, გუნდს არა მხოლოდ საფეხბურთო ასპარეზზე აქვს რთული ვითარება. 

ბილბაო: გაისკა დარჩა
ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელმა გაისკა ტოკერომ კლუბთან ხელშეკრულება გააგრძელა. 28 წლის ფეხბურთელი წლებია, ფორვარდისთვის შეუფერებელი, 2-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს - ის ბასკურ გრანდში 2016 წლამდე დარჩება.

წლეულს ტოკეროს ცუდად მისდის საქმეები, ჯერ გოლი არ გაუტანია და მას მარსელო ბიელსა ნაკლებად ენდობა. სასტარტო შემადგენლობაში, ძირითადად, არიც ადურისი თამაშობს. ტოკეროს ანგარიშზე ერთი საგოლე პასია, ფინურ ჰიკ-თან ევროთასების მატჩში.

აი, მცველის, ფერნანდო ამორებიეტას მოლაპარაკება კლუბის ხელმძღვანელობასთან კი ჩაიშალა. შესაძლოა, ვენესუელური პასპორტის მქონე ფეხბურთელი ბასკური კლუბიდან იანვარში წავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული