ვისენტე დელ ბოსკე მატჩზე
"კარგად ვითამაშეთ, მატჩს ვაკონტროლებდით, მეტოქე ვერ აგვყვა სათანადოდ და იოლად მოვიგეთ. ბიჭები დიდებულად თამაშობდნენ, ერთმანეთს კარგად უგებდნენ, სიღრმისეულად მოქმედებდნენ, ბურთს მალევე მოიპოვებდნენ. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო.
პედრო ძალიან კარგ ფორმაშია. კლუბშიც კარგად თამაშობს, შეტევაში აგრესიულია და მისი თამაში მეტოქეზე უპირატესობას გვანიჭებს. პედროსთან ერთად მეტოქეზე ერთი
სერხიო რამოსმა მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ შევცვალე. მას თამაში შეეძლო, მაგრამ თავი დავიზღვიეთ.
სილვა ძალიან კარგად კი თამაშობდა, მაგრამ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, თან ინიესტას და სილვას შორის სათამაშო დროს ვაბალანსებ.
საფრანგეთთან ასეთ თამაშს არ ველი, მეტოქეს საოცარი შემადგენლობა ჰყავს. ყველა პოზიციაზე ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. ამასთან, საფრანგეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერია. ძნელი მატჩი გველის".
ვინ როგორ ითამაშა
იკერ კასილიასი: ასე იოლი თამაშები კასილიასსაც კი ცოტა აქვს, ბელარუსები ან აცილებდნენ, ან ხელში უგორებდნენ კაპიტანს ბურთს.
ალვარო არბელოა: დაცვაში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა მარჯვენა ფრთაზე შეტევებში ხშირად ერთვებოდა.
სერხიო რამოსი: მშვიდი საღამო ჰქონდა, საჰაერო დუელებში ყოჩაღობდა, ნახევარმცველები საფრთხეს რამოსამდე არ უშვებდნენ.
სერხიო ბუსკეტსი: ითამაშა ცენტრალურ მცველად. პოზიციას ბრწყინვალედ არჩევდა, ბელარუსთა რამდენიმე კონტრშეტევისას გაუვალი იყო.
ხორდი ალბა: მან გახსნა ანგარიში კარიერაში მეორე გოლით ნაკრების მაისურით. თავისი ფრთიდან მუდამ ხიფათი მიჰქონდა ბელარუსთა საჯარიმოში.
ჩავი: დისციპლინირებული, გააკეთა უამრავი პასი. მისი წყალობით ესპანეთმა ცენტრი მოიგო. პედროს მეორე გოლი მისი პასით გავიდა.
ჩაბი ალონსო: ჩავისთან ბრწყინვალე პარტნიორობა შეძლო. მეორე ტაიმში რამდენჯერმე ბუსკეტსს წინ წასვლის საშუალება მისცა.
სანტი კასორლა: ძალიან კარგად ითამაშა, შლიდა მეტოქის იერიშებს, იწყებდა ესპანეთისას. ახლოს იყო გოლთანაც, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.
პედრო: გაიტანა სამი ბრწყინვალე გოლი, ნაწილებად დაშალა ბელარუსის დაცვის რედუტები, იყო საუკეთესო.
სესკ ფაბრეგასი: რამდენიმე მომენტი გაანიავა, თუმცა მაინც სასარგებლო იყო, პედროს მესამე გოლი მისი პასით გავიდა.
დავიდ სილვა: ძალიან აქტიური იყო თავიდანვე, პედრომ პირველი გოლი მისი პასით გაიტანა.
კასილიასის რეკორდი
იკერ კასილიასს ზედიზედ 9 მატჩია, რაც გოლი არ გაუშვია ესპანეთის ნაკრებში. ეს კი 728 "მშრალი" წუთია (8 წუთი წინა, მე-10 თამაშიდანაა) - ახალი რეკორდი. წინა რეკორდიც (708 წუთი, 2008 წელს) მას ეკუთვნოდა.
იკერისთვის ბელარუსთან მატჩი კარიერაში 141-ე იყო ეროვნულ გუნდში. მსოფლიოს ჩემპიონთა კაპიტანს ბოლოს იტალიელმა ანტონიო დი ნატალემ გაუტანა ევრო 2012-ზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"