სალამანკური მატჩი ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდ ფერნანდო ლორენტეს ბენეფისად იქცა - ტანმაღალმა ბასკმა ლიტვის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა, პირველი დუბლი მის სანაკრებო კარიერაში. რა თქმა უნდა, ლიტველთა კარში ლორენტემ ორივე გოლი თავით გაიტანა. ბასკი ვისენტე დელ ბოსკეს აღმოჩენაა, პირველად ის თითქმის ორი წლის წინათ გამოიძახეს ნაკრებში ჩილესთან ამხანაგურ მატჩში. 2009 წლის თებერვალში კი ფერნანდომ ესპანეთის ნაკრების მაისურით პირველი გოლიც შეაგდო - ინგლისელთა კარში. დელ ბოსკემ ლორენტე კონფედერაციების თასზეც ათამაშა სამხრეთ აფრიკაში, მერე და მერე მიივიწყა და უპირატესობა ალვარო ნეგრედოს მიანიჭა, თუმცა
პირველ ტაიმში მსოფლიოს ჩემპიონებს გვარიანად გაუჭირდათ კარგად ორგანიზებული ბალტიური დაცვის რედუტების გადალახვა. მაგრამ ესპანელებს მაინც ჰქონდათ საგოლე მომენტი, შეიძლება ითქვას, სუპერმომენტიც - დავიდ ვილიამ ნახევარი მეტრიდან (!) ძელს გაარტყა ბურთი. ესპანეთის ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრა, სერხიო რამოსის მორიგ გარღვევას მარჯვენა ფლანგიდან ლორენტეს თავური მოჰყვა. ლიტვა სულაც არ აპირებდა დანებებას, 10 წუთში დარვიდას შერნასი შუახაზიდან დაუძვრა მეტოქეებს, ჟერარდ პიკესა და კარლეს პუიოლს შორის სივრცე იპოვნა და გაათანაბრა. მსოფლიოს ჩემპიონმა პასუხი 120 წამში გასცა მეტოქეს, სანტი კასორლას ჩაწოდებას ლორენტეს შედეგიანი თავური მოჰყვა. "ფურია როხა" აღარ გაჩერებულა, რომ ლიტველებს კონტრშეტევის შანსი მოსპობოდა, სერხიო რამოსის მორიგ ჩაწოდებას ტანდაბალი დავიდ სილვას თავური მოჰყვა, "სიტის" ახალწვეულმა ბურთი ისარივით შეარჭო ჟიდრუნას კარჩემარსკასის კარის მაღალ კუთხეში - 3:1.
ვისენტე დელ ბოსკე: "ეს სამი ქულა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. კომბინაციებს კარგად ვათამაშებდით, მაგრამ პირველ ტაიმში მონდომება გვაკლდა. გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. ამ ორ თამაშში 6 ქულას ვგეგმავთ, არ გვსურს უსიამოვნო სიურპრიზები".
2007 წლის სექტემბერს ესპანეთის ნაკრებმა ისლანდიაში ფრე (1:1) ითამაშა. მას მერე "ფურია როხამ" მოიგო ყოველი საკვალიფიკაციო მატჩი. 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ (მაშინ შვედებთან წააგეს) კი მსოფლიოს ჩემპიონი საკვალიფიკაციო მატჩებში არ დამარცხებულა.
გთავაზობთ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთა goal.com-სეულ შეფასებებს.
იკერ კასილიასი - 6.5: კაპიტანი მაყურებელი უფრო იყო. ბურთს სულ ერთი-ორჯერ შეეხო, ლიტვა ვერ უტევდა. შერნასის გოლისას უძლური იყო, რამე ეღონა.
სერხიო რამოსი - 7.5: როგორც ყოველთვის, დაიპყრო თავისი ფლანგი. პირველ ტაიმში თავურით ძელს გაარტყა ბურთი, მეორეში ორი საგოლე პასი ჩაიწერა ფლანგიდან ჩაწოდებებით.
კარლეს პუიოლი - 6.0: შერნასის გოლისას პოზიციურად შეცდა, თამაშის ბოლოს კი გაუჭირდა დანილევიჩიუსთან გამკლავება.
ჟერარდ პიკე - 7.0: ჩვეულად ითამაშა, თუმცა, რატომღაც, აღარ ერთვებოდა შეტევებში.
ხოან კაპდევილა - 6.5: როგორც რამოსი, ისიც აწუხებდა ფლანგიდან მეტოქეს, თუმცა რამოსის გარჯა უფრო პროდუქტიული გამოდგა.
დავიდ სილვა - 7.0: დელ ბოსკემ შუა ხაზში მარჯვნივ განაწესა. მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და ძალიან მაგარი გოლი გაიტანა.
სერხიო ბუსკეტსი - 6.5: აშკარად ჩაბი ალონსოსთან უკეთ გამოსდის თამაში, კასორლას შეტევითი ფუნქციები გადააბარა და მთლიანად მეტოქის კონტრშეტევების ჩაშლაზე გადაერთო.
ანდრეს ინიესტა - 6.5: ჩავის ცვლიდა მოედნის ცენტრში, თუმცა ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი. მატჩის ბოლოსკენ ერთი-ორჯერ დაემუქრა ლიტველთა კარს.
სანტი კასორლა - 7.0: ჩაბი ალონსოს ნაცვლად მიიღო ადგილი სასტარტოში და გაცილებით შემტევი თამაში აჩვენა. ერთი საგოლე პასიც მიითვალა.
დავიდ ვილია - 6.0: რაულის რეკორდი გამეორებული აქვს, ერთი გოლიც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში უპირველეს ბომბარდირად აქცევდა, არადა ნახევარი მეტრიდან ურტყამდა...
ფერნანდო ლორენტე - 8.0: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. დაამტკიცა, რომ "ფურია როხას" სასტარტოს იმსახურებს.
ალვარო არბელოა: ტრავმირებული რამოსი შეცვალა.
პაბლო ერნანდესი: წლეულს პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა.
არიც ადურისი: ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ერთხელ ახლოს იყო თავის გამოჩენასთან.
ლიტვასთან მატჩში გრიპის გამო ვერ ითამაშა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ. ხოლო ბალტიელებთან დაშავდა მისი თანაკლუბელი სერხიო რამოსი, თუმცა ვისენტე დელ ბოსკეს სანერვიულო არაფერი აქვს: გუშინ ორივე მწყობრში ჩადგა და 12 ოქტომბერს, "ჰემპდენ" პარკზე აუცილებლად ითამაშებს. რამოსმა კოჭი დაიშავა და მას მერე "ფურია როხას" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მარჯვენა მცველის დაშავება არ გამოდგა სერიოზული, მან უკვე განაახლა ვარჯიში.
ესპანელთა მეტოქე შოტლანდია კრიზისშია - გუნდი ჩეხეთში 0:1 დამარცხდა, თანაც ისე რომ ერთხელაც არ დაურტყამს მეტოქის კარში. გასაკვირი სულაც არაა, რადგან შოტლანდიას მისი თავკაცი, კრეიგ ლივაინი უცნაურზე უცნაური ტაქტიკური სქემით ათამაშებს - 4-6-0. თუმცა ლივაინი ესპანელებთან უფრო შემტევ თამაშს გვპირდება: "ესპანელების წინააღმდეგ სულ სხვა გეგმა მაქვს. არ ვიტყვი, როგორი, მაგრამ ის უფრო შემტევია", - განაცხადა ლივაინმა პრესკონფერენციაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"