8 ტურის შემდეგ უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ მადრიდელთა წარმატება იოტისოდენადაც არ არის შემთხვევითი.
"ლოს როხიბლანკოსს" ჰყავს შედეგზე ორიენტირებული ძალიან ყოჩაღი ახალგაზრდა მწვრთნელი, ჰყავს მსოფლიოში ალბათ საუკეთესო ცენტრფორვარდი (რომელსაც ახლახან "მარკამ" ოქროს საბადო უწოდა) და არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდს უდიდესი ტრადიციები მოსდგამს. "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" 22-22 ქულა აქვთ - ყველაფერი სერიოზულადაა.
ბარსა-რეალობა
ორივე გრანდი უკვე ჩემპიონთა
ლაკორუნიული თრილერი სეზონის საუკეთესო მატჩობის თამამი კანდიდატია, "დეპორტივომ" 0:3-ზეც კი დიდებულად გაიბრძოლა. რომ არა ლეო მესი, ალბათ, მიზანსაც მიაღწევდა. არგენტინელმა გოლების, ხოლო სესკ ფაბრეგასმა საგოლე პასების ჰეთ თრიკი შეასრულეს.
"რეალის" თამაშში ყველაზე საინტერესო ჟოზე მოურინიომ შემოგვთავაზა - მან სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად დააყენა ლუკა მოდრიჩი, მესუთ იოზილი და კაკა.
ეს ტრიო კი არა, აქედან ორიც კი იშვიათად თამაშობს ერთად. "სელტასთან" პირველი ტაიმი კი სამივემ ერთად ითამაშა.
სპეციალისტთა დასკვნები გაიყო - იმ ტაიმში "რეალის" ბურთის ფლობის ფანტასტიკური პროცენტი (76) ჰქონდა "ბარსას" სტილში, მაგრამ ზოგის თქმით, მოდრიჩის აქტიურობა თრგუნავდა იოზილისას. გერმანელი უფრო ცენტრში შედიოდა და მარჯვნიდან "რეალი" კარგად ვერ უტევდაო. ვნახოთ, მოეწონა თუ არა მოუს ექსპერიმენტი, მომავალ ტურში გავიგებთ.
მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "დეპორტივოსთან" 5:4-ით მოგებულ შეხვედრაში. კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, 4-ჯერ ზუსტად, გაიტანა 3 გოლი. მის წინააღმდეგ წესი 2-ჯერ დაარღვიეს, თავად 3-ჯერ დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "სელტასთან" 2:0-ით მოგებულ შეხვედრაში. კარისკენ 9-ჯერ დაარტყა, ერთხელ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი (პენალტით). მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაარღვიეს წესი, ერთხელ რონალდო თამაშგარეში მოხვდა.
ჩვენს "ტურნირში" ანგარიში საყაიმო იყო, თუმცა მესის უპირატესობა აშკარაა. ამიტომაც დიდ დაპირისპირებაში არგენტინელი დაწინაურდა - 5:4.
იცით თუ არა, რომ...
* "ატლეტიკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ ბოლო 10 მატჩში 16 გოლი გაიტანა, რითაც ლეო მესის რეკორდი გაიმეორა. ფალკაოს აუცილებლად გაჰქონდა ყოველ შეხვედრაში.
* "ანოეტაზე" მოგების შემდეგ "ატლეტიკო" ზედიზედ 20 მატჩშია დაუმარცხებელი - 17 მოგება და 3 ფრე. ბოლოს მადრიდელებმა აპრილში "რეალთან" 1:4 წააგეს.
მესის ტოლი ხესუსი
"მარკა" ახალი სეზონიდან მკითხველს ანდობს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას. გამოცემა არჩევს სამ საუკეთესოს და შემდეგ ინტერნეტით წყდება, მათ შორის ვინ უფრო მეტ ხმას მიიღებს.
შემდეგ "მარკა" ყოველ გამარჯვებულს 3-ს, მეორე ადგილზე გასულს - 2-ს და მესამეადგილოსანს 1 ქულას აძლევს.
8 ტურის შემდეგ 15-15 ქულით მესი და "სევილიას" უპირობო ლიდერი ხესუს ნავასი ლიდერობენ. 12-12 ქულა აქვთ იაგო ასპასსა და ფალკაოს. 10 - პატრიკ ებერტს (ვალიადოლიდი). აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდოს სულ 8 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.
ტურის ფრაზები
მანუელ პელეგრინი: "რეალი" არ უნდა დარბოდეს ბურთისთვის, არ მიყვარს მხოლოდ შედეგზე მოთამაშე გუნდები", - "მალაგას" თავკაცი ყოფილ გუნდზე.
ტიტო ვილანოვა: "ჩვენ მეტად ვეღარ ვნახავთ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მესია", - "ბარსას" თავკაცი თავის შეგირდზე.
ფილიპ მონტანიე: "მსაჯმა დიდი როლი შეასრულა ამ შეხვედრაში. არადა, "ატლეტიკო" ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და მას მსაჯების მიმხრობა არ ესაჭიროება", - "რეალ სოსიედადის" ფრანგი თავკაცი 0:1-ით მარცხის მერე.
მიჩელი: "ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მებრძოლი ხასიათი გვაქვს", - "სევილიას" თავკაცი "მალიორკასთან" მატჩის მერე.
რადამელ ფალკაო: "ეს ჩემს პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი იყო საჯარიმო დარტყმით", - კოლუმბიელი ფორვარდი მას მერე, რაც ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
მანოლო ხიმენესი: "სანაკრებო პაუზა ბრწყინვალედ გამოვიყენეთ", - "სარაგოსას" თავკაცი სტუმრად "გრანადას" დამარცხების შემდეგ.
ხოსე ლუის ოლტრა: "ორმაგი გრძნობა მაქვს. წავაგეთ და ვნანობ, მაგრამ რა მატჩი ვითამაშეთ? "ბარსელონას" 4 გოლი გავუტანეთ", - "დეპორტივოს" თავკაცი.
ტურის დებიუტი
"ბარსელონას" ფეხბურთელმა ანდრეუ ფონტასმა პირველად ითამაშა "მალიორკაში", სადაც სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. სხვათა შორის, ამპლუით მცველი ხოაკინ კაპაროსმა საყრდენ ნახევარმცველად ათამაშა. "მალიორკას" რიგებში დებიუტი ჰქონდა ჯოვანი დოს სანტოსს. მექსიკელმა ფორვარდმა დებიუტი ორი საგოლე პასით აღნიშნა. სხვათა შორის, ისიც ყოფილი ბარსელონელია და მისი უმცროსი ძმა ჯონათანი ახლაც ამ კლუბშია.
ტურის საუკეთესო გოლი
გონსალო იგუაინი (რეალი) - "სელტას" კარში
ტურის საუკეთესო პასი
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა) - საგოლე პასი ლიონელ მესის.
ტურის სტატისტიკა
34 გოლი ტურში (3,4 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 58 ყვითელი და 6 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
დუბლი: ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი), არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო ნეგრედო (სევილია), პიცი (დეპორტივო), ლეო კარილიო (რაიო ვალეკანო).
ხოაკინმა (მალაგა) ვერ გაიტანა პენალტი "ვალიადოლიდის" კარში.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფრანსისკო ალკასერი (ხეტაფე, 19 წლის).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 70 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 500 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 24 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - ვალენსია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 18 - გრანადა, რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი კუთხური: 15 - სევილია
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - ესპანიოლი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 71% - მალაგა
მომდევნო ტური
27 ოქტომბერი: ესპანიოლი-მალაგა, ბეტისი-ვალენსია, სელტა-დეპორტივო, რაიო ვალეკანო-ბარსელონა.
28 ოქტომბერი: სარაგოსა-სევილია, ლევანტე-გრანადა, ბილბაო-ხეტაფე, ატლეტიკო-ოსასუნა, მალიორკა-რეალი.
29 ოქტომბერი: ვალიადოლიდი-რეალ სოსიედადი.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 2-4-1-3
კურტუა (ატლეტიკო) - სერხიო რამოსი (რეალი), სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე) - ლეო კარილიო 3 (რაიო ვალეკანო), ჟოან ვერდიუ 3 (ესპანიოლი), სესკ ფაბრეგასი 3 (ბარსელონა), პიცი (დეპორტივო) - ლიონელ მესი 5 (ბარსელონა) - არიც ადურისი 2 (ბილბაო), რადამელ ფალკაო 3 (ატლეტიკო), ალვარო ნეგრედო 2 (ატლეტიკო).
მე-12 ფეხბურთელი: ისკო (მალაგა)
ვიცით, რომ 2-4-1-3-ს პრაქტიკაში არავინ იყენებს, თუმცა ამ ტურს ეს განლაგება უფრო შეეფერება, იმდენად გამოიჩინეს თავი შემტევმა ფეხბურთელებმა - 6-მა ფეხბურთელმა დუბლი და მეტი შეასრულა და თითოეული მათგანი ალალად იმსახურებდა სიმბოლურში ადგილს.
ტურის გმირი
რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
ისევ ფალკაო! 90-ე წუთზე "ატლეტიკოს" 3 ქულა მოუტანა საჯარიმო დარტყმით.
ბომბარდირები
11- ლიონელ მესი (ბარსელონა)
9 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი)
6 - ტომერ ჰემედი (მალიორკა), არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო ნეგრედო (სევილია)
ასისტენტები
5 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
4 - ბენიატ ეჩებარია (ბეტისი), ლიონელ მესი (ბარსელონა)
3 - ემილიო ნსუე (მალიორკა), იბაი გომესი (ბილბაო), ალეხანდრო დომინგესი (ვალეკანო)
გოლი+პასი
15 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
9 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"