ჟოზე მოურინიომ დორტმუნდში მარცხის შემდეგ სწორი დასკვნები გამოიტანა, თუმცა ეს ნაკლებად აისახა შემადგენლობაში - სასტარტოში სულ ორი ცვლილება იყო, ერთი იძულებითი (ტრავმირებული ხედირა მოდრიჩმა შეცვალა), მეორე როტაციული ხასიათის (იგუაინი ამჯობინა ბენზემას).
შედეგმაც არ დააყოვნა; თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველ 25 წუთში გადაწყდა, როცა
ეს დუეტი საუკეთესო იყო მოედანზე. საბოლოოდ, არგენტინელის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასი, ხოლო პორტუგალიელის - 2 გოლი და პასი აღმოჩნდა. "მალიორკა" ბოლოს შეცვლაზე შესულმა ხოსე კალეხონმა დაამწუხრა.
რონიმ ფორმა აკრიფა
27 წლის რონალდო საუცხოო ფორმაშია - მან საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა - ზედიზედ 8 მატჩია, რაც რონალდოს "რეალის" მაისურით გოლი გააქვს - ბოლო 8 შეხვედრაში პორტუგალიელმა სულ 14-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
რონიმ თავისივე მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც თებერვალ-მარტზე მოდიოდა - გოლი ზედიზედ 7 მატჩში (სულ 11 გოლი). საინტერესოა, რომ პერსონალური რეკორდი მან იმ სტადიონზე გააუმჯობესა, სადაც "რეალის" მაისურით პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.
ეს სერია 18 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, როცა კრიშტიანომ "მანჩესტერ სიტის" გაუტანა, ხოლო "რეალმა" ინგლისური კლუბი 3:2 დაამარცხა.
ამ 8 შეხვედრაში მის ანგარიშზე ორი ჰეთ თრიკი ("დეპორტივოსთან" და "აიაქსთან") და ორი დუბლია ("ბარსელონასთან" და "მალიორკასთან").
მიზანი ერთია: ჩემპიონობა
ჟოზე მოურინიო, ბუნებრივია, ყველაფრით კმაყოფილი იყო თამაშის მერე: "გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. ხანდახან რამდენიმე საგოლე მომენტი გვჭირდება, რომ გავიტანოთ.
ახლა კი პირველ და მეორე შესაძლებლობისთანავე შევაგდეთ, რამაც ამოცანა ძალიან გაგვიმარტივა. მიკაელ ესიენი ითამაშებს იმ პოზიციაზე, რომელზეც მე ვეტყვი.
დასანანია, რომ ყვითელი ბარათი მიიღო ჩაბი ალონსომ. ახლა მას მომდევნო ტურის გამოტოვება მოუწევს, თუმცა ჩაბი თასზე შეძლებს თამაშს, ჩემპიონატში კი მას როგორმე ჩავანაცვლებთ.
რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს - მარტში 10 ქულით ვუსწრებდით მეტოქეს, მაგრამ ვიცოდით, რომ ინტრიგა ცოცხლობდა. ახლა კი ჯერ მხოლოდ ოქტომბერია, ცხრილის ლიდერებს კი მხოლოდ 8-8 ქულით ჩამოვრჩებით", - განაცხადა მოუმ მატჩის შემდგომ.
გონსალო იგუაინი: "ორი გოლი გავიტანე და გუნდს გვარიანად დავეხმარე. ძალიან გახარებული ვარ, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მიღწევით, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. ახლა თასის მატჩზე უნდა გადავერთოთ "ალკოიანოს" წინააღმდეგ".
რაფაელ ვარანი: "ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ იმ სტადიონზე, სადაც სტუმრებს ძალიან უჭირთ. იმედი მაქვს, გავაგრძელებ კარგად თამაშს და გუნდის დახმარებას მომავალშიც".
სერხიო რამოსი: "გუნდმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. შეტევებში, უბრალოდ, ყველაფერი გამოგვდიოდა. იგუაინი და რონალდო საოცრად თამაშობდნენ, თუმცა არც სხვები მოიკოჭლებდნენ".
ეს გამარჯვება არგენტინელი ანხელ დი მარიას მადრიდულ კარიერაში საიუბილეო, 50-ე იყო ლა ლიგაში. შეგახსენებთ, რომ დი მარია მესამე სეზონია, "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავს.
ჩაბი ალონსო "რეალის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ბასკი ნახევარმცველი შაბათს "სარაგოსასთან" დაპირისპირებას გამოტოვებს.
ვეტერანი რეზერვისტი და განხეთქილების ვაშლი
საოცარია, მაგრამ არსებობენ სარეზერვო გუნდების ვეტერანებიც. "რეალ კასტილია" ახლა უკვე სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს.
მისმა მარცხენა მცველმა ხორხე კასადომ "რეალის" მეორე გუნდის მაისურა უკვე 75-ედ მოირგო, თითქმის ყოველთვის ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. არადა, კასადო სულ რაღაც 23 წლისაა.
სხვათა შორის, ახლა ძირითად გუნდს მარცხენა მცველის პოზიციაზე უჭირს, მარსელო და ფაბიო კოენტრაო ტრავმირებულები არიან, თუმცა პირველ გუნდში კიდევ ერთი მარცხენა მცველია - ნაჩო ფერნანდესი და გუნდის განაცხადში ის ხვდება ხოლმე. თამაშით კი მიკაელ ესიენი თამაშობს, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია.
ნაჩო კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ. ეს ფეხბურთელი უნებლიედ ჟოზე მოურინიოსა და "რეალ კასტილიას" თავკაცის, ალბერტო ტორილის განხეთქილების მიზეზი გახდა. "მალიორკასთან" მატჩის წინ "განსაკუთრებულს" დაეკითხნენ, რატომ არ აძლევს ნაჩოს თამაშის შანსს, რაზეც მან შემდეგი მიუგო: "აქ ერთი პრობლემაა - სარეზერვო გუნდში ნაჩო ცენტრალურ მცველად თამაშობს, ხოლო პირველ გუნდში ვარჯიშობს, როგორც განაპირა მცველი. მას არ აქვს სათამაშო პრაქტიკა პოზიციაზე, რომელზეც მჭირდება და აქვს გამოცდილება იქ, სადაც არ მჭირდება".
ტორილმა თქვა, რომ ჟოზეს მოსაზრებას არ იზიარებს, თუმცა "რეალში" ბოსი ის არის და ის წყვეტს: "ჩემი აზრით, ნაჩოს თამაში დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია, თუმცა გადაწყვეტილებას მოურინიო იღებს".
ტორილს იმაზეც დაეკითხნენ, როგორ უყურებს სარეზერვო ფეხბურთელთა გამოძახებას პირველ გუნდში, ძირითადად, მათ ხომ თამაშის შანსი არ ეძლევათ და მეორე გუნდსაც აკლდებიან: "ამ შემთხვევაში ჩვენ უძლურები ვართ, ბრძანება ზემოდანაა მოსული და უნდა დავემორჩილოთ. მოურინიოს ვინც მოეწონება, ნებისმიერ დროს შეუძლია წაიყვანოს და ათამაშებს თუ არა, მასზევეა დამოკიდებული".
ჟოზე და დელ ბოსკე
ჟოზე მოურინიომ "რეალის" თავკაცის პოსტზე უკვე 31-ე საგარეო გამარჯვება იზეიმა. ამისთვის მას ორ სეზონზე ოდნავ მეტი ეყო. ამით პორტუგალიელი ჰოლანდიელ ლეო ბეენჰაკერს გაუტოლდა და ახლა უკვე მხოლოდ ერთი საგარეო გამარჯვებით ჩამორჩება ვისენტე დელ ბოსკეს.
ამ კუთხით, "რეალის" ისტორიაში საუკეთესო მიგელ მუნიოსია 91 საგარეო მოგებით (15 სეზონის განმავლობაში). მოურინიო ალბათ ამ შედეგს ვერ შეწვდება, მაგრამ მას 31 მოგებისთვის 43 მატჩი ეყო, მაშინ, როცა დელ ბოსკეს 32-ის მოსაგებად 77 შეხვედრა დასჭირდა, ხოლო მუნიოსს 91-ის მოსაგებად - 213.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"