ჟოზე მოურინიო - ყველაზე სწრაფი "რეალში" და არამარტო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" ამაღლებულ განწყობაზე ხვდება - ლა ლიგაში ზედიზედ სამი თამაშია, იკერ კასილიასს გოლი არ გაუშვია, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბმა" ზედიზედ მეექვსედ მოიგო.

"რეალი" უკვე პოდიუმზე ავიდა და მეორეადგილოსან "ატლეტიკოსთან" სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, ხოლო მისმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდულ კლუბში საიუბილეო, მე-100 გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე სწრაფი რეალში და არამარტო

100 გამარჯვებასაც ხომ გააჩნია - 49 წლის მოურინიოს საამისოდ მხოლოდ 133 მატჩი დასჭირდა. მართალია, "ს
ამეფო კლუბის" ისტორიაში არიან მწვრთნელები, რომელთაც 100-ზე მეტი გამარჯვება აქვთ მოპოვებული, მაგრამ "განსაკუთრებულმა" ამ ნიშნულს ყველაზე სწრაფად უწია. 100 მოგება ასე განაწილდა: 67 - ლა ლიგა, 20 - ჩემპიონთა ლიგა, 12 - კოპა დელ რეი და ერთიც ესპანეთის სუპერთასზე.

"რეალის" ისტორიაში 100-ზე მეტი გამარჯვება მხოლოდ 4 მწვრთნელს აქვს: მიგელ მუნიოსს - 352 (100-ს მიაღწია 140 შეხვედრაში), ვისენტე დელ ბოსკეს - 135 (180-ში), ლეო ბეენჰაკერს - 122 (160-ში) და ლუის მოლოუნის - 108 (170-ში).

მოურინიოს კარიერაში ყველაზე მეტი მოგება "ჩელსის" მწვრთნელობისას აქვს - 124. შემდეგ უკვე "რეალი" მოდის. მერე მოდიან: "პორტუ" - 91, "ინტერი" - 67, "ლეირია" - 9 და "ბენფიკა" - 6.

ერთი დეტალიც: მოუმ პეპ გვარდიოლასაც აჯობა - 100 მოგებას "ბარსელონაში" გვარდიოლამ 138 თამაშში მიაღწია.

არ მოეწონა, მაგრამ კმაყოფილია
სხვათა შორის, თავად "იუბილარი" უკმაყოფილო დარჩა შეგირდებით: "თამაში დიდად არ მომეწონა. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, დღევანდელზე უკეთ ვითამაშოთ.

თუმცა დროდადრო კომბინაციები გამოგვდიოდა, რასაც ფანები აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ", - განაცხადა ჟოზემ, თუმცა დაამატა: "რაც მომწონს, ისაა, რომ ალონსოს და ხედირას გარეშე, რომლებიც ჩვენი გუნდის მოწინავე ფეხბურთელები არიან, შევძელით საკმარისის ჩვენება, რომ მოგვეგო დამაჯერებელი ანგარიშით.

ადრე ამის გამო შეიძლებოდა პრობლემები შეგვქმნოდა, მაგრამ ის დრო წარსულს ჩავაბარეთ".

მიკაელ ესიენმა და ლუკა მოდრიჩმა "რეალში" პირველი გოლები გაიტანეს. აი, რა თქვა მათზე მოურინიომ:

"თითოეულმა მათგანმა ბევრი იშრომა და გოლიც გაიტანა. მათით ძალიან კმაყოფილი ვარ".

მოურინიომ აღნიშნა, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, ეს თამაში 3:1 რომ დასრულებულიყო.

იცით თუ არა, რომ...
* "რეალის" განაცხადში ორი ძმა იყო: 22 წლის ნაჩო ფერნანდესი და 20 წლის ალექს ფერნანდესი. მე-2 ტაიმში ნაჩო მოედანზეც გამოჩნდა.

* ალვარო არბელოა ლა ლიგას "ელ კლასიკოს" მერე დაუბრუნდა. მას მერე კი თითქმის თვე გავიდა.

* რაც ჟოზე მოურინიოა მწვრთნელი, "რეალმა" 153 მილიონი ევრო დახარჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული