ისტორიანი და აზმანი: რეკორდი, როგორც ანეკდოტი

AutoSharing Option
"სელტას" 3:1 ძლევით 44 წლის ტიტო ვილანოვამ "ბარსას" ისტორია გადაწერა: 10 ტურში 9 გამარჯვება და 1 ფრე ("რეალთან"), 28 ქულა 30 შესაძლებლიდან. ეს კლუბის ახალი მიღწევაა - საუკეთესო სტარტი ისტორიაში.

აქამდე რეკორდი ჰოლანდიელ ლუის ვან გაალს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.

თავის სადებიუტო წელს (1997) მან "ბლაუგრანას" პირველ ათ ტურში 8 მატჩი მოაგებინა. კვირას ტიტოს რეკორდის თამაშის კიდევ უფრო მაღლა აწევა შეუძლია, "ბარსა" "მალიორკას" ეთამაშება.

თავად ვილანოვა ამბობს, რომ მისი რეკორდი ანეკდოტს აგონებს, "ბარსას" წარმატება კი მისი ფეხბურთელების
უდიდეს მონდომებაშია.

"რეკორდებს მიღმა უფრო მთავარი ქულებია, რომლებიც მოვიპოვეთ. ეს რეკორდი ფეხბურთელთა ფასდაუდებელი შრომის და მონდომების შედეგია", - განაცხადა ვილანოვამ.

ვარასის ვარამი
წელიწადზე ოდნავ მეტი გავიდა მას მერე, რაც უკანასკნელმა გუნდმა შეძლო "კამპ ნოუზე" კარის "მშრალად" შენახვა. მაშინ ეს "სევილიამ" მოახერხა, რომლის კარსაც ხავი ვარასი იცავდა. ახლა ეს გოლკიპერი "სელტაში" თამაშობს.

მაშინ "ბარსამ" ანდალუსიელთა კარში 21 ზუსტი დარტყმა განახორციელა, 7-ს აშკარა საგოლე ეთქმოდა, მაგრამ ვარასი გაუვალი კედელივით იდგა. მისმა თამაშმა პეპ გვარდიოლას ათქმევინა: "ეს ის შემთხვევაა, როცა მეკარეები გვახსენებენ თავს".

"სელტასთან" ერთად ვარასმა კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო, თუმცა ურიგოდ ამჯერადაც არ უთამაშია, ლეო მესის კი ორჯერ გოლი არ გაატანინა.

არადა, 25 წლის არგენტინელი გოლის გასატანად ასე მოწადინებული არასდროს ყოფილა - მას წინა დღით შვილი შეეძინა და გოლის პატარა ტიაგოსთვის მიძღვნა სურდა.

იცით თუ არა, რომ...
* "ბარსას" მცველთა ანგარიშზე უკვე 7 გოლია სეზონში (3-3 ალბა და ადრიანო, 1 პუიოლი).

* სესკ ფაბრეგასი და ვიქტორ ვალდესი 10-ივე ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

* დავიდ ვილია ზედიზედ სამ მატჩში იყო სასტარტო შემადგენლობაში და სამივეში "ელ გუახემ" გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული