ის შესაძლოა თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე იღბლიანი მოთამაშეა - ალვარო არბელოამ შეძლო სხვათა ჩრდილიდან გამოსვლა და ძირითადში დამკვიდრება, როგორც მადრიდის "რეალში", ისე ეროვნულ ნაკრებში.
მისი მაგალითი ამტკიცებს, რომ დიდ ოფლისღვრას ყოველთვის მოაქვს შედეგი, თუნდაც უმაღლეს დონეზე.
მაგრამ ახლა ალვაროს შრომით მოპოვებული ადგილი საფრთხეშია, როგორც "რეალში", ასევე - ეროვნულ გუნდში.
ერთხელ ჟოზე მოურინიომ არბელოას "ათბალიანი სისტემით ექვსიანი ფეხბურთელი"
ტექნიკურად არცთუ ურიგოდ აღჭურვილი არბელოა, რომელიც დაცვაში სტაბილურად გამოიყურება, არც შეტევაშია ურიგო, თუმცა ჩაწოდებები არასოდეს ყოფილი მისი საუკეთესო თვისება. ამავე დროს, ბოლო წლებში მან ფეხბურთის ეს კომპონენტი დახვეწა.
ევრო 2012-ის შემდეგ, რომლის საწყის მატჩებში არბელოა არეული იყო, იგი ვისენტე დელ ბოსკემ შეაქო, თუმცა არა იმიტომ, რომ მარკიზიც სალამანკელია: "ალვარომ იცის, რომ ის კარგი ფეხბურთელია", - თქვა დელ ბოსკემ.
არბელოას ყველაფერი აკმაყოფილებს კარიერაში: "მე ვთამაშობ საუკეთესო კლუბში და საუკეთესო ნაკრებში. მეტი რა უნდა ინატროს ფეხბურთელმა?!"
არბელოას კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა სერხიო რამოსმა. უფრო ზუსტად, მისმა ტრანსფორმაციამ ფლანგის ფეხბურთელობიდან ცენტრალურ მცველობამდე "რეალში" და ეროვნულ ნაკრებში.
ეს რომ არა, ალვარო არცთუ იღბლიანი მოთამაშე იქნებოდა. მოკლედ, როცა ჟოზემ სერხიო რამოსი ცენტრში "შესწია", არბელოა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ამას დაემატა დიდი ოფლისღვრა. 2009 წელს "ლივერპულიდან" სულ რაღაც 3,5 მილიონად ნაყიდი მცველი "სამეფო კლუბშიც" აღიარეს და "ფურია როხაშიც".
ახლა ის, სავარაუდოდ, ორივე გუნდში სუსტი რგოლია.
მან ახლახან მოირჩინა ტრავმა. ამიტომ არ არის უცნაური, რომ მწვრთნელმა პანამასთან არაფრისმომცემ თამაშში არ გამოიძახა, მაგრამ აქ მეორე მომენტია - თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა მონტოიას ეძლევა...
დელ ბოსკეს ადრეც დაუძახია მონტოიასთვის, თუმცა 21 წლისას ჯერ თამაში არ მოუწია. ახლა კი მას კარგი სეზონი აქვს "ბარსელონაში". მონტოია უფრო ნიჭიერია და მეტად შეუძლია "როხას" შემტევი პოტენციალი გააძლიეროს.
კატალონიური კლუბის ფანების ნაწილს უკვე მიაჩნია, რომ სჯობს მარჯვენა ფლანგზე მონტოიამ დაიწყოს, ვიდრე დანი ალვეშმა, რომლის მზეც ნელ-ნელა ესვენება. ასე რომ, მომავალში კლუბშიც და ნაკრებშიც ეს პოზიცია მისად გვესახება.
რაც კი პორტუგალიელი მწვრთნელი მადრიდშია, სულ ისმის, რომ მოურინიო მარჯვენა მცველს ეძებს. ფაქტია, ჯერ მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, ჟოზემ ხელი შეუწყო საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდის, დანი კარვახალის გაყიდვას.
მაგრამ ერთხელაც, როცა მწვრთნელი უკეთეს მცველს შეიძენს, ალვარო ნაკრებშიც და კლუბშიც სკამზე გადაინაცვლებს, მაგრამ ერთი ნაღდია - სალამანკელი იოლად არავის და არაფერს დაუთმობს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"