ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტურის შეჯამება: ფეხბურთი და მსაჯობანა

AutoSharing Option
ბანალურ რამეს ვამბობთ, მაგრამ ესპანური ფეხბურთის მთავარი პრობლემა მართლაც მსაჯობაა - შაბათს მსაჯებმა ორი თამაში აშკარად გააფუჭეს, რამდენიმეს გაფუჭება კი სცადეს - "ოსასუნას" მოგება წაართვეს "მალაგასთან" შეხვედრაში, ხოლო "ვალენსიას" "ესპანიოლთან" - აჩუქეს.

"მესტალიაზე" დელ სერო გრანდემ სტუმართა კარში პენალტი მოიგონა, რისთვისაც "ესპანიოლის" ერთი ფეხბურთელისგან "უსირცხვილო", მეორისგან კი "გიჟი" დაიმსახურა.

ბუნებრივია, მან ორივე გააძევა, ბარსელონური კლუბი კი შინ გაწბილებული გაუშვა. მსაჯი "რეალისა" და "ბილბაოს" მატჩშიც შეცდა, როცა კოენტრაოს ხელით თამაში ვერ შეამჩნია 3:1-ზე. შეიძლება ამას ბევრი არაფერი შეეცვალა თამაშის მიმდინარეობისას, მაგრამ
ვინ იცის...

ბარსა-რეალობა

ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის წინ ორივე გრანდმა იმარჯვა. გაჭირვებით არც ერთს არ გასჭირვებია - "ბარსელონამ" უფრო მოკრძალებული ანგარიშით (3:1) დაამარცხა არაგონული "სარაგოსა", ხოლო "რეალმა" ბასკური "ბილბაო" მთლად მოსპო (5:1).

რამ გამოიწვია "ბარსას" გამარჯვება? "სარაგოსას" მწვრთნელ მანოლო ხიმენესს ასეთი პასუხი აქვს - თამაში მოიგო ლეო მესიმ, რაზეც ტიტო ვილანოვამ მიუგო, რომ ეს ძალიან მარტივი მიდგომაა, საკითხს უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთო.

რაც უნდა "სიღრმისეულად შევხედოთ" ამ მატჩს, მესიმ მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში - ეს ფაქტია. კარიერაში პირველი გოლი გაიტანა "ბარსას" მაისურით კამერუნელმა ალექს სონგმა, გუნდს კი კაპიტანი კარლეს პუიოლი დაუბრუნდა.

"რეალს" პრობლემა საერთოდ არ შექმნია - ქარიმ ბენზემამ, უბრალოდ, შესანიშნავად ითამაშა (ბევრის აზრით, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა). მის ანგარიშზე, ფაქტობრივად, ორი გოლი (ერთი ავტოგოლად გაფორმდა) და საგოლე პასია. ბრწყინვალე იყო სერხიო რამოსი და ლუკა მოდრიჩი.

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "სარაგოსასთან" 3:1 მოგებულ მატჩში. მან 3-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი, გააკეთა საგოლე პასი, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, ერთხელ კი თამაშგარეში მოხვდა.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ბილბაოსთან" 5:1 მოგებულ მატჩში. მან 11-ჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან 7-ჯერ ზუსტად.

მესი ჩვენს "ტურნირში" 8:6 დაწინაურდა.

ბერნაბეუ და ბასკები
ბასკური გუნდის გარემარბი მარკელ სუსაეტა ახლახან ესპანეთის ნაკრებში მიიწვიეს და დებიუტანტმა გოლიც კი გაიტანა პანამის ნაკრების კარში, მაგრამ მადრიდში მას სულ ჩაშხამდა მთელი ეს ბედნიერება. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ 1:5 მარცხს არ ვგულისხმობთ.

ნაკრებში გამოძახების შემდეგ სუსაეტა მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და მისი ინტერვიუებიდან მადრიდული გუნდის ფანებს რაღაც-რაღაცა არ მოეწონათ და... სამხრეთის ტრიბუნაზე დაბანაკებული გაერთიანება "უნა კოსას" მხრიდან სუსაეტას სრული ობსტრუქცია მოუწყვეს. მას ბასკი ტერორისტი და ნაბიჭვარი უძახეს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - მეორე ბასკს, ფერნანდო ლორენტეს იგივე "უნა კოსა" ფეხზეამდგარი ოვაციებით შეხვდა.

ლა კორუნია, პროტესტი და ნავსი

"ლევანტესთან" მატჩის წინ "დეპორის" უკმაყოფილო ფანებმა საპროტესტო "ცოცხალი ჯაჭვი" შემოარტყეს "რიასორს". შედეგმაც არ დააყოვნა...

ფანების პროტესტმა იმოქმედა თუ რა იყო, "დეპორტივო" დაინავსა - პირველ 15 წუთში ტრავმების გამო ორი ცენტრალური მცველი დაკარგა, შემდეგ რიკიმ პენალტი ვერ გაიტანა, ერთი საათის გასვლის შემდეგ კი მეკარე არანსუბია გაუძევეს და რადგან ლიმიტი ამოწურული იყო, კარში ნახევარმცველი ბერგანტინიოსი ჩადგა.

საბოლოოდ 0:2 და "დეპორი" გასავარდნ ზონაშია, ფანები კი ნანობენ თავიანთ საქციელს.

იცით თუ არა, რომ...

* "ბარსელონამ" "რეალის" 1991/92 წლების სეზონის მიღწევა გაიმეორა - 12 მატჩში 11 მოგება და ფრე. აბსოლუტურ რეკორდამდე საჭიროა კიდევ 2 გამარჯვება.

* ლეო მესი ლა ლიგის ისტორიაში ბომბარდირთა შორის მე-9 ადგილზეა. 186 გოლით ის კარლოს სანტილიანას (რეალი) გაუთანაბრდა.

* ჟერარდ პიკემ და კარლეს პუიოლმა ერთად სასტარტოში 7-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშეს.

* ხოსე ანტონიო რეიესმა (სევილია) "ბეტისის" კარში გოლი მე-12 წამზე გაიტანა. ეს ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი გოლია.

ტურის ფრაზები
ხოსე ლუის მენდილიბარი: "ამ თამაშში ორი გოლი გავიდა და მხოლოდ ჩვენი იყო ჩასათვლელი", - "ოსასუნას" მწვრთნელი "მალაგასთან" მატჩის 0:0 დასრულების შემდეგ.

მაურისიო პოჩეტინო: "კლუბმა ოფიციალურად უნდა გაასაჩივროს ეს შედეგი", - "ესპანიოლის" თავკაცი "ვალენსიასთან" 1:2 მარცხის შემდეგ.

მაურისიო პელეგრინო: "მოგება ნამდვილად არ დავიმსახურეთ", - "ვალენსიას" თავკაცი.

მანოლო ხიმენესი: "ამ მატჩის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი გუნდში მესი მეყოლებოდა", - "სარაგოსას" თავკაცი "ბარსასთან" 1:3 მარცხის მერე.

ტიტო ვილანოვა: "ძალიან ზერელე მიდგომაა, ვინც აცხადებს, რომ "ბარსა" - ეს ლეოა", - "ბარსას" მწვრთნელი მესის როლზე გუნდის წარმატებაში.

მარსელო ბიელსა: "გუნდებს შორის სხვაობა უზარმაზარი იყო", - "ბილბაოს" თავკაცი "რეალთან" 1:5 განადგურების მერე.

პეპე მელი: "სევილიასთან" მარცხში დამნაშავე მე ვარ მხოლოდ", - "ბეტისის" მწვრთნელის აღიარება.

მიჩელი: "მე ვნახე ჩემი გუნდის უნაკლო თამაში", - სევილიური დერბის შემდეგ.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
კარლოს გურპეგი (ბილბაო)
იკერ მუნიაინი (ბილბაო)
კარლოს მარჩენა (დეპორტივო)
ზე კაშტრო (დეპორტივო)

"რეალთან" მატჩში "ბილბაომ" ერთბაშად ორი მოწინავე ფეხბურთელი დაკარგა, გამოცდილი და ახალგაზრდა. ორი ფეხბურთელი დაკარგა "დეპორტივომაც" "ლევანტესთან" შეხვედრაში, თანაც მატჩის პირველივე წუთებზე.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა
ესტრადა ფერნანდესი (ოსასუნა-მალაგა): 3 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: "ოსასუნას" ფორვარდ კიკე სოლას წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.

დელ სერო გრანდე (ვალენსია-ესპანიოლი): 4 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: თამაშის მიწურულს "ესპანიოლის" კარში პენალტი მოიგონა და ორი ბარსელონელიც გააძევა.

ტურის საუკეთესო გოლი
ქარიმ ბენზემა (რეალი) "ბილბაოს" კარში

ტურის საუკეთესო პასი
გუსტავო მუნუა (ლევანტე) საგოლე პასი ობაფემი მარტინსს.

ტურის სტატისტიკა
31 გოლი ტურში (3,1 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 57 ყვითელი ბარათი და 6 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლეო მესი (ბარსელონა), ხოსე ანტონიო რეიესი (სევილია), ფედერიკო ფასიო (სევილია), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი).
რიკიმ (დეპორტივო) ვერ გაიტანა პენალტი "ლევანტეს" კარში.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფრანსისკო ალვარესი (ხეტაფე, 19 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 76 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 7 000 - "ალფონსი პერეს კოლისიუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 30 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 20 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 30 - ვალენსია
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - ოსასუნა, რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - მალაგა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 67% - დეპორტივო

მომდევნო ტური
23 ნოემბერი: რეალ სოსიედადი-ოსასუნა.
24 ნოემბერი: რაიო ვალეკანო-მალიორკა, ვალიადოლიდი-გრანადა, მალაგა-ვალენსია, ბეტისი-რეალი.
25 ნოემბერი: ესპანიოლი-ხეტაფე, ბილბაო-დეპორტივო, ატლეტიკო-სევილია, ლევანტე-ბარსელონა.
26 ნოემბერი: სარაგოსა-სელტა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით, 3-4-3

ვილი კაბალიერო (მალაგა) - სერხიო რამოსი 2 (რეალი), ფედერიკო ფასიო (სევილია), ალექსისი (ხეტაფე) - ხესუს ნავასი 3 (სევილია), ხოსე ანტონიო რეიესი (სევილია), რუბენ პარდო (რეალ სოსიედადი), კარლოს ველა 3 (რეალ სოსიედადი) - ლიონელ მესი 8 (ბარსელონა), ქარიმ ბენზემა 2 (რეალი), ობაფემი მარტინსი 3 (ლევანტე).

მე-12 ფეხბურთელი: ივან რაკიტიჩი (სევილია)
ლიონელ მესი 12 ტურიდან 8-ჯერ მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში. სიმბოლურში 5 დებიუტანტია: მეკარე, 2 მცველი და 2 ნახევარმცველი.

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

"ბარსას" სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა: 2 გაიტანა, ერთიც საგოლე პასი გადააწოდა.

ბომბარდირები
17 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
12- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
10 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
8 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
5 - ვიქტორ როდრიგესი (სარაგოსა)
5 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

გოლი+პასი
22 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
13 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
11 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული