ზედიზედ ორი თამაშია მსოფლიოს ჩემპიონისთვის სამი ქულა ერთი და იგივე ფეხბურთელს მოაქვს - ბილბაოს "ატლეტიკის" ტანმაღალ ფორვარდ ფერნანდო ლორენტეს. შეცვლაზე შესულმა ლორენტემ მთელ "ჰემპდენ პარკს" დაწყვიტა გული, როცა ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი (3:2) გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს მესამე საკვალიფიკაციო მატჩში მესამედ მოაგებინა. "ელ რეი ლეონ" - მეფე-ლომი, ასე უძახიან ფერნანდო ლორენტეს ესპანეთის ნაკრებში. მოკლედ, მეფე-ლომის კვირა იყო...
კრეიგ ლივაინმა, როგორც იქნა, უფორვარდო ტაქტიკას უგანა და შემადგენლობაში კენი მილერი დააყენა. შოტლანდიელებს შუა ხაზში დისკვალიფიკაცია მოხდილი ლი მაკალოხი დაუბრუნდათ, ხოლო მწვრთნელმა დებიუტანტი
"ფურია როხას" გამოჯანმრთელებული ჩაბი ალონსო დაუბრუნდა, რომელიც სერხიო ბუსკეტსს შეუწყვილდა შუაში. ამით ესპანელთა ტაქტიკურმა სქემამ 4-2-3-1 სახე მიიღო. სასტარტოში ადგილი კი ლიტველებთან მატჩის გმირმა ლორენტემ დაკარგა, დავიდ ვილია წინ ეულ ფორვარდად დარჩა, რომელსაც უკნიდან დავიდ სილვა, ანდრეს ინიესტა და სანტი კასორლა ეხმარებოდნენ.
მასპინძლებმა რომ რიხით დაიწყეს, იერიში ასეთი უნდა - მალევე მოინადირეს კუთხური, "ჰემპდენ პარკი" ლამის ჩამოინგრა. მაგრამ ეს იყო და ეს, მალე გამოჩნდა ესპანელთა სათამაშო უპირატესობა და სხვაობა გუნდების კლასში, სტუმრებმა ბურთის კონტროლი მთლიანად იგდეს ხელთ. პირველი სახიფათო მომენტიც მალე შეიქმნა, ალონსომ პასით დასარტყამ პოზიციაზე ვილია გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა სქოთთა კარს ააცილა.
რამდენიმე წუთში ვილიამ სამიზნე გაისწორა, მაგრამ მეკარე ალან მაკგრეგორმა ახლო კუთხე საიმედოდ "დაკეტა". შემდეგ სილვა დაუსხლტა შოტლანდიელ მცველებს და მაკგრეგორს ფეხით მოუწია ბურთის მოგერიება. როგორც იქნა, შოტლანდიელები მიხვდნენ, რომ ასე დიდ ხანს ვეღარ გაძლებდნენ და მათაც შეუტიეს - დარენ ფლეტჩერმა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებული ჯეიმს მორისონი მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმულს "როხას" მცველები გადაეღობნენ, კარლეს პუიოლმა კი სიტუაცია განმუხტა.
სქოთებმა ისევ უკან დაიხიეს, ალბათ შვეიცარიელთა წარმატების გამეორების იმედად. შეგახსენებთ, რომ 10 კაცით დაცვაში მოთამაშე შვეიცარიამ სამხრეთ აფრიკაში ესპანეთის ნაკრების დამარცხება შეძლო და მსოფლიო აალაპარაკა. ესპანელებმა თამაში გაშალეს, ინიესტას ჩაწოდებულს შეტევის მარჯვენა მხარეს სერხიო რამოსმა მიუსწრო, სტივენ ვიტაკერს აჯობა, მაგრამ კარში ზუსტად ვეღარ დაარტყა.
ესპანელები აუღელვებლად უტევდნენ, სილვასა და ვილიას კარგ კომბინაციას კვლავ მეკარე მაკგრეგორის ყოჩაღობა მოჰყვა. შემდეგ კიდევ ორჯერ აჯობა მაკგრეგორმა "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულს. შოტლანდიელები კი რა? თავს იცავდნენ და იგერიებდნენ. მორისონის ეპიზოდის შემდეგ "ტარტან არმის" სერიოზული შეტევა არ განუხორციელებია, ტაიმის მიწურულს დორანსის პასი რომ გამოეყენებინა მილერს, ესპანელთა კართან ხიფათი შეიქმნებოდა, მაგრამ მასპინძელთა ეულმა ფორვარდმა ვერ ივარგა და "ფურია როხამაც" უმალ დასაჯა მეტოქე: რამოსის დარტყმული აშკარად ცდებოდა კარს, მაგრამ ვიტაკერმა უნებლიედ ხელით ითამაშა და მაკგრეგორის კარში პენალტი დაინიშნა.
ბუნებრივია პენალტის ნიშნულთან დავიდ ვილია მივიდა, "ელ გუახეს" ხომ მხოლოდ ერთი გოლი აშორებდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირობამდე. ვილიამ მშვიდად შეასრულა თავისი მისია და ტაიმიც ამით მორჩა - I ტაიმი ცალკარა გამოვიდა, სადაც ესპანელთა შეტევებს შოტლანდიელთა მწყობრი დაცვა აყოვნებდა... ვიტაკერის შეცდომამდე.
სხვათა შორის, ვილიას შემთხვევაში წყაროები სხვადასხვას ამტკიცებენ: ერთნი ამბობენ, რომ მან 69-ე თამაშში 45-ე გოლი გაიტანა და ნაკრების უპირველესი ბომბარდირი გახდა, სხვები კი 68 თამაშს და 44 გოლს წერენ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვილია ნაკრების უპირველესი ბომბარდირია, რადგან რაულმა 102 თამაშში გაიტანა 44 გოლი, თანაბარი გოლების შემთხვევაში კი საშუალო მაჩვენებელს ენიჭება უპირატესობა. ჟურნალისტურ გამოძიებას არ ვიწყებთ, უბრალოდ ვუჯერებთ, "ელ გუახეს", რომელიც თავის ოფიციალურ საიტზე წერს, რომ 44-ე გოლი შევაგდეო...
მეორე ტაიმი ისევ სილვა-მაკგრეგორის დუელით დაიწყო - სილვამ კარგად ჩამოიღო ბურთი მკერდით და დაუშვებლად დარტყა შორეულ კუთხეში, მეკარემ ისევ ივარგა. ესპანეთის ნაკრები ისევ ჩვეულ რიტმზე გადაერთო - თამაშს აკონტროლებდა და ცდილობდა მეტოქის მცველთა გამოტყუებას საჯარიმოდან. რამოსის ჩაწოდებულს კასორლამ თავური დაახვედრა, მაგრამ არაზუსტი, შემდეგ მეორე გოლიც გავიდა: ალონსომ ხოან კაპდევილას გადააწოდა, რომლის დარტყმული კი მოიგერიეს, მაგრამ ინიესტას დამატებული კარში გავიდა - 0:2.
ყველანაირად შეიძლება გააკრიტიკო შოტლანდიელები, თქვა, რომ მათი ფეხბურთი ღრმა კრიზისშია, რომ ტაქტიკურად ღარიბ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ერთს ვერ წაართმევ - ისინი ბოლმდე იბრძვიან და არასოდეს ნებდებიან. მასპინძელთა შეტევას, მარჯვნიდან მილერის ჩაწოდება მოჰყვა, რომელმაც ერთნაირად დააბნია ჟერარდ პიკე და კარლეს პუიოლი, სტივენ ნეისმითმა კი კარიერაში პირველი გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით, თანაც ეფექტურად - დინამიკაში და ვარდნაში - 1:2.
ამით შოტლანდიელთა აფეთქება არ დასრულებულა, ესპანელთა დაცვის მარცხენა ფლანგი საბოლოოდ მოირღვა, მორიგ ჩაწოდებას კი... პიკემ მიუჩინა ადგილი ესპანელთა კარში - უნდა გენახათ იკერ კასილიასის გაოცებული სახე, როცა ის ავტოგოლის ავტორ თანაგუნდელს უყურებდა...
ვისენტე დელ ბოსკემ ეგრევე მოხსნა კასორლა და მის ნაცვლად "ვალენსიას" ვინგერი პაბლო ერნანდესი შეიყვანა. მალე მაკგრეგორმა, უდავოდ საუკეთესომ სქოთთა რიგებში, კვლავ ფეხით მოიგერია კაპდევილას დარტყმული. ბოლო 15 წუთი კი ესპანეთის ნაკრებმა შტურმში გაატარა. დელ ბოსკემ სილვას ნაცვლად ლორენტეს უხმო და ბასკმაც პირველივე მომენტი გოლად აქცია - კაპდევილას ჩაწოდება გამოიყენა. ბოლო წუთზე კიდევ ერთი ამბავი მოხდა, ვიტაკერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა, მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა - 2:3.
გლაზგოური სამი ქულა ესპანელებს ორი ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდათ: სერხიო რამოსი და დავიდ ვილია დაშავდნენ. ჯერჯერობით უცნობია მათი ტრავმები რამდენად სერიოზულია. ვილიამ თამაში კი ჩაამთავრა, მაგრამ მუხლს იტკიებდა. "ბარსელონას" ექიმები ფორვარდის მუხლს გულდასმით სწავლობენ. რამოსს კი ტრავმა სულაც გახურებისას მიუღია, თამაშის დაწყებამდე. მაგრამ თავადვე დაჟინებით მოითხოვა, არ შემცვალოთო.
ვისენტე დელ ბოსკე: "საერთო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა. ბევრი საგოლე შანსი შევქმენით ორივე ფლანგიდან და ცენტრიდანაც. ჩვენ კმაყოფილები ვართ, თუ არ ჩავთვლით დაცვაში დაშვებულ ორ ლაფსუსს. თუმცა ვიტყვი, რომ ამ შემთხვევებში შოტლანდიელებმა დიდებულად ითამაშეს. სხვა შემთხვევაში მართლაც დიდებულად ვითამაშეთ. შოტლანდიას ახასიათებს მებრძოლი სული და ვიცოდით, რომ იოლად ქულებს არავინ გამოგვატანდა. ამ გამარჯვებამ მარტამდე საფიქრალი შეგვიმცირა. ახლა ჩვენი მთავარი კონკურენტი ჩეხეთის ნაკრებია".
ფერნანდო ლორენტე: "ყველაფერი საოცრად მიეწყო ერთმანეთს, თავი ზღაპარში მგონია. თუმცა პირად წარმატებაზე მეტი გუნდის მოგებაა, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ".
ესპანელ ფეხბურთელთა შეფასებები (Goal.com)
იკერ კასილიასი - 6.0: ორივე გოლისას ვერ გადაარჩენდა გუნდს, ნეისმითის თავური ბრწყინვალე იყო, პიკეს შეცდომა კი - მოულოდნელი. სხვა შემთხვევაში იყო ერთი ჩვეულებრივი მაყურებელი.
სერხიო რამოსი - 6.5: თამაშის დიდი ნაწილი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გაატარა. პენალტი მოინადირა.
ჟერარდ პიკე - 4.5: თუკი რამე ხეირიანი სქოთებმა შექმნეს, სულ პიკეს ზონიდან. მეორე ტაიმში კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
კარლეს პუიოლი - 6.0: სოლიდურად ითამაშა, ერთი-ორჯერ თავით დაემუქრა მეტოქის კარს.
ხოან კაპდევილა - 6.5: პირველ ტაიმში მორისონის დარტყმას გადაეფარა, სულ შეტევებში იყო, საგოლე პასი მიითვალა.
სერხიო ბუსკეტსი - 6.0: ესპანეთის ნაკრების უმნიშვნელოვანესი ჭანჭიკი. მისი შრომის წყალობით გუნდი შეტევას შეტევაზე ახორციელებდა.
ჩაბი ალონსო - 8.5: ალონსო არც ისე პატარაა, მაგრამ თვალსა და ხელს შუა "იზრდება", როგორც ფეხბურთელი. პირველ ტაიმში ყველაზე ლამაზი რაც შეიქმნა, ეს იყო მისი პასი სილვას მისამართით. მეორე ტაიმში ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა მეტოქის შუა ხაზს.
სანტი კასორლა - 6.0: ინიესტას გოლისას მონაწილეობა მიიღო შეტევაში. 70-ე წუთზე შეცვალეს.
ანდრეს ინიესტა - 7.0: ჯერ მარცხენა ფრთიდან ააწიოკა მასპინძლები, შემდეგ - მარჯვნიდან. საკმაოდ იოლი გოლი შეაგდო.
დავიდ სილვა - 6.0: ვიტაკერი დაჩაგრა, მაგრამ მეკარე მაკგრეგორს ვერაფერი მოუხერხა.
დავიდ ვილია - 7.0: ძალიან ძნელი იყო მისთვის თავის გამოჩენა, რადგან, როგოროც წესი, ორი მცველი იჭერდა.
კარლოს მარჩენა: - 90-ე წუთზე შეცვალა ბუსკეტსი.
ფერნანდო ლორენტე - 6.5: გამარჯვების გოლის ავტორი. 13-14 წუთში მეტი რა უნდა მოესწრო?
პაბლო ერნანდესი: 70-ე წუთზე სანტი კასორლა შეცვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"