"ბარსელონას" წარმატების საიდუმლო - "ლა მასია"

AutoSharing Option
კვირას ჩემპიონატის ლიდერმა "ბარსელონამ" "ლევანტე" 4:0 გაანადგურა და ერთი მოგებაღა აშორებს ლა ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო სტარტთან. ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა - არგენტინელს 2012 წელს 82 გოლი გაუხდა; სამი გოლიც და ის ლეგენდარული გერმანელის, გერდ მიულერის რეკორდს დაეწევა. წინა დღით "რეალმა" წააგო, ასე რომ, "ბარსას" ახლა უმთავრეს კონკურენტთან 11-ქულიანი უპირატესობა აქვს...

მაგრამ აქ ჩამოთვლილი ამბები ახლოსაც ვერ მოვა იმასთან, რაც "სიუტატ დე ვალენსიაზე" 14-დან 75-ე წუთის ჩათვლით მოხდა.

ლა მასია - შესანიშნავი თერთმეტეული!

მე-13 წუთზე ტრავმა მიიღო "ბარსას" მარჯვენა
მცველმა დანი ალვეშმა და მან თამაში ვეღარ გააგრძელა.

მის ნაცვლად კი ახალგაზრდა მარტინ მონტოია ვიხილეთ და... მოედანზე ერთდროულად "ბარსელონას" აკადემია "ლა მასიას" 11 აღზრდილი ვიხილეთ.

ეს გაგრძელდა 75-ე წუთამდე, როცა მოედანზე კიდევ ერთი ბრაზილიელი, ადრიანო შევიდა. მაშ ასე, ევროპულმა გრანდმა საათზე მეტი მთლიანად საკუთარი სპორტსკოლის აღზრდილებით ითამაშა!

კარში: ვიქტორ ვალდესი, დაცვაში მონტოია, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ხორდი ალბა; ნახევარდაცვაში: ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა; თავდასხმაში: პედრო, ლეო მესი და სესკ ფაბრეგასი.

ასეთი რამ ევროპის ტოპ-5-ეულის ლიგებში, უბრალოდ, გამორიცხულია ("ბილბაოს" თუ არ ჩავთვლით, თუმცა ბასკური კლუბი საერთოდ სხვა ფენომენია) და არც უფრო დაბალი დონის ლიგებშია ხშირი.

სხვათა შორის, ამ ხნის განმავლობაში "ბარსამ" ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა "ლევანტეს" კარში, გუნდი კი აწყობილი ორგანიზმივით - უნაკლოდ მოქმედებდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ "ბარსელონას" უახლეს ისტორიაში ეს ფაქტი პირველად დაფიქსირდა.

პირველი გუნდის 24 წევრიდან 16 "ლა მასიას" აღზრდილია. "მშობლიურია" აგრეთვე მთელი სამწვრთნელო შტაბი.

გუნდის ოთხივე კაპიტანი (პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ვალდესი) ადგილობრივი კადრია. ამათში მხოლოდ ლეო მესია უცხოელი, მაგრამ, შეგახსენებთ, რომ "ლა პულგა" 13 წლის ასაკიდან "ბარსელონაშია" და თავისუფლად შეიძლება ამ კლუბის აღზრდილად ჩაითვალოს.

ვილანოვა ანტიჩს გაუთანაბრდა, ისტორიისთვის ბილბაოს დამარცხებაა საჭირო
რეკორდი ზემოთაც ვახსენეთ - ვალენსიაში მოგებით ტიტო ვილანოვას გუნდმა "რეალის" 21-წლისწინანდელი რეკორდი გაიმეორა - 13 საწყის ტურში 12 მოგება და 1 ფრე.

შაბათს "კამპ ნოუს" ბილბაოს "ატლეტიკი" ეწვევა და თუკი კატალონიელები კრიზისში მყოფ ბასკებსაც დაამარცხებენ, ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაემხობა. ამაზე უკეთეს სტარტს 44 წლის დებიუტანტი მწვრთნელი ვერც კი ინატრებდა.

მოდი, წარსულიც გავიხსენოთ - 1991/92 წლების სეზონში "რეალს" რადომირ ანტიჩი წვრთნიდა, სერბი სპეციალისტი, რომელიც 2010 წლის მერე უმუშევარია.

ანტიჩი უნიკალური ადამიანია. ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც "რეალი", "ბარსელონა" და "ატლეტიკო" გაუწვრთნია. სერბის თავკაცობით "რეალმა" 1991 წელს 13 მატჩიდან 12 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

აქამდე ეს ითვლებოდა ლა ლიგის საუკეთესო სტარტად ისტორიაში. გაინტერესებთ, როგორ დასრულდა ანტიჩის წარმატების ისტორია? მან კიდევ 6 ტური გაწვრთნა "სამეფო კლუბი" და... მოხსნეს.

როცა ანტიჩი გაუშვეს, "რეალი" 7-ქულიანი ჰანდიკაპით იგებდა ლა ლიგას და გასული იყო უეფას თასის მეოთხედფინალში! ანტიჩის სარეკორდო სვლა მე-14 ტურში "სარაგოსასთან" საგარეო ფრით დასრულდა. ის სეზონი კი "ბარსელონამ" მოიგო.

16-წუთიანი გაელვება და უკან მოტოვებული ამორი
ლეო მესი ყურადღების ცენტრშია, თუმცა "ლევანტესთან" შეხვედრაში იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც თვით არგენტინელი სუპერვარსკვლავი დაჩრდილა - ანდრეს ინიესტა.

ეს 28 წლის ნახევარმცველის დამსახურებაა, რომ "ლევანტეს" კარში 4 გოლი გავიდა. ანდრესმა სამი საგოლე პასი დაარიგა და ერთი გოლიც თავად გაიტანა, თანაც ბრწყინვალე სტილში.

სხვათა შორის, ეს პირველი გოლი იყო ინიესტასთვის ამ სეზონში. ეს ყველაფერი ანდრესმა 16-წუთიან მონაკვეთში მოახერხა!

ამ შეხვედრაში ინიესტამ 422-ედ მოირგო კატალონიური გრანდის მაისურა და გილერმო ამორს გადაასწრო.

ახლა ინიესტაზე მეტი მატჩი კლუბში მხოლოდ ხუთს უთამაშია: ჩავის (648), პუიოლს (565), მიგელს (549), ვალდესს (477) და რეშაკს (447).

ისევ მესის დავუბრუნდეთ - მან დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავას 19 გოლით უდგას სათავეში.

2012 წელს მის ანგარიშზე 82 გოლია და სულ რაღაც ხელის გაწვდენაზეა "დერ ბომბერ" გერდ მიულერის 1972 წლის რეკორდი - 85 გოლი ოფიციალურ მატჩებში.

სხვათა შორის, მესი ამას წინათ გამოტყდა, რომ გერდ მიულერის თამაში არასოდეს უნახავს და მის შესახებ მხოლოდ გაუგია, რომ უნიკალური საგოლე ალღო ჰქონდა.

ლიგა ჯერ არ არის მოგებული
მიუხედავად ამისა, ტიტო ვილანოვა ეიფორიაში არაა. მისი მთავარი "მესიჯი" პრესკონფერენციაზე იყო: "ლა ლიგა ჯერ არის მოგებული".

"ჯერ ძალიან ადრეა ასე ლაპარაკი, "ატლეტიკო" სულ რაღაც სამი ქულით ჩამოგვრჩება. ჯერ კიდევ დარჩა 75 ქულა გასათამაშებელი. არც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გვითამაშია ჯერ. წინ ძალიან გრძელი გზაა და საბრძოლველიც იმაზე მეტია, ვიდრე გამოვიარეთ"
, - თქვა "ბარსას" თავკაცმა.

"ლა მასიას" 11 აღზრდილის ერთდროულ თამაშზე: "ეს ისეთი რამაა, რითაც ამაყობა შეიძლება. თანაც ამ 11-დან 7 თუ 8 კატალონიელია. ძალიან სასიხარულოა".

"ატლეტიკოს" შესახებ: "წლეულს ძალიან სოლიდური და ძლიერი გუნდია. თუმცა მირჩევნია, ჩემს გუნდზე და მის უახლოეს მეტოქეზე მოვახდინო კონცენტრაცია. მომავალ ტურში მადრიდული დერბია, თუმცა, გამოგიტყდებით და გეტყვით, ჩვენთვის სულ ერთია, როგორ ითამაშებენ ისინი ერთმანეთში".

"ბარსას" ბასკური კვირეული ეწყება - ოთხშაბათს ესპანეთის თასზე "ალავესთან" მატჩია "კამპ ნოუზე", შაბათს კი - "ბილბაოსთან". შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ქალაქ ვიტორიაში (ბასკები ამ ქალაქს გასტეიზს უწოდებენ) "ბარსელონამ" 3:0 მოიგო და საპასუხო შეხვედრა უბრალო ფორმალობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვილიანოვამ გაამართლა იმედები ფანტასტიკური შედეგი აქვს ბარსას წელს იმედია ასე გაგრძელებენ
shota
12:55 27-11-2012
0

სიახლეები პოპულარული