ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მოურინიო, მოურინიო, მოურინიო... ყველგან მოურინიო! ეს კაცი რაღაც მანქანებით ახერხებს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას მაშინაც კი, როცა სხვა ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდს ამხობს.

და მაინც, რა მოიმოქმედა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ უქმეებზე?

დერბის დაწყებამდე 40 წუთით ადრე ის იმ ტრიბუნასთან მიიჭრა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ფანები სხედან და მოსთხოვა მხარდაჭერა (მერე თქვა, გუნდის მხარდაჭერა მოვთხოვე, ჩემი კი არაო), რითაც ისინი უკიდურესად გააღიზიანა.

"ატლეტიკოს" ისე მოუგო, რომ კითხვა არავის გასჩენია, თუმცა თამაშისას წაეჩხუბა დიეგო სიმეონეს ასისტენტს. შემდეგ გადაწვა ყველა ხიდი (როგორც "მარკა" წერს)
პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან მისასვლელი და ამით მადრიდულ კარიერას კითხვის ნიშანი დაუსვა.

ასეთია მოურინიო - სკანდალური, მაგრამ საქმის ზედმიწევნით მცოდნე პროფესიონალი...

პორტუგალიელის თემამ გადაფარა "ვალენსიაში" მომხდარი ინციდენტი, როცა ბასკებთან 2:5-ის წაგების შემდეგ ფანებმა კლუბის ოფისის შუშები ჩაამსხვრიეს და რასაც მალე მაურისიო პელეგრინოს გაგდება მოჰყვა. დღეიდან "ღამურებს" ერნესტო ვალვერდე წვრთნის.

მართლაც, საოცრად გამოიყურება ლა ლიგის ცხრილის ქვედა ნახევარი: "სევილია", "ვალენსია", "დეპორტივო", "ესპანიოლი"... წესით, ამ გუნდებს იქ რა უნდა ესაქმებოდეთ, მაგრამ რეალობა ასეთია.

შენ მე ტიტო ხომ არ გგონივარ, თავს მოგაძრობ, ბიჭო!
ფაბრიკაცია არ გეგონოთ - "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ზუსტად ასე მიმართა ჟოზე მოურინიოს დერბის მსვლელობისას დიეგო სიმეონეს ასისტენტმა.

კამათის ეპიზოდი გულშემატკივარმა პირდაპირ ეთერშიც იხილა.

ხერმან "ელ მონო" ბურგოსი "ატლეტიკოში" მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. არგენტინის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი ბევრს ემახსოვრება, მან კარიერა "ატლეტიკოში" დაასრულა და ახლა დიეგო სიმეონეს თანაშემწეა. მებრძოლი ხასიათის მეკარემ კიბო დაამარცხა და კიდევ 1 სეზონი შეძლო თამაში. ის ცნობილი მუსიკოსია, როკ-ჯგუფის წევრი. "ელ მონო" კი მაიმუნს ნიშნავს. მოკლედ, ჟოზეს არ გაუმართლა, რომ მას წაეკინკლავა.

მოურინიო აპროტესტებდა, რომ "ატლეტიკოს" ტექნიკურ ზონაში ორი კაცი იდგა და არგენტინელმაც პორტუგალიელს შეუტია. როცა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ამ ეპიზოდზე დაეკითხნენ, აგდებული პასუხი მიიღეს: "ბურგოსი? ვინ? არ ვიცნობ ასეთს".

96 მეტრი 10 წამში!
გახდებოდა თუ არა კრიშტიანო რონალდო საქართველოს ჩემპიონი? რა კითხვაა ახლა ეს: პორტუგალიელი, აუტსაიდერ ფოთის "კოლხეთშიც" რომ ჩაირიცხოს, ალბათ, შეძლებს ამას (თუკი თეორიულად შესაძლებელია), თუმცა ჩვენ სპორტის სხვა სახეობა გვაინტერესებს, გახდება თუ არა რონალდო საქართველოს ჩემპიონი... 100 მეტრზე სირბილში?

ერთ ეპიზოდში "ატლეტიკო" უტევდა (კუთხურს აწოდებდა), რონალდოც კასილიასთან იდგა, როცა ბურთი "რეალმა" ჩაჭრა და შეუტია, კრიშტიანომ 96 მეტრი 10 წამში გაირბინა (!) და დარტყმაც შეძლო (ბურთი ძელმა აისხლიტა).

ბარსა-რეალობა
საოცარია, მაგრამ გუნდი, რომელმაც ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო სტარტი (40 ქულა 14 ტურში) გვაჩუქა და მწვრთნელი, რომელიც ამ ყველაფრის შემოქმედია - ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შემდეგ მაინც ჩრდილში მოექცა. მადრიდულმა ამბებმა და ვალენსიურმა ინციდენტმა გადასწონა.

"ბარსელონამ" "ბილბაო" 5:1 გაანადგურა. ბევრის თქმით, ეს ამ გუნდის საუკეთესო მატჩი იყო სეზონში. საუკეთესო სეზონის საუკეთესო მატჩი? ალბათ, უნაკლოს უნდა ნიშნავდეს. პრინციპში, ანდრეს ინიესტას (რომლისთვისაც ეს მე-500 მატჩი იყო) და ლეო მესის (350-ე მატჩი) თამაშმა კი დატოვა ასეთი შთაბეჭდილება.

რა ხდება კიდევ საინტერესო "ბარსელონაში", დავიდ "ელ გუახე" ვილია იუბილარია, მესის გერდ მიულერის რეკორდამდე 1 გოლიღა აკლია, ხოლო ერიკ აბიდალმა ვარჯიში დაიწყო!

"რეალმა" კრიშტიანო რონალდოს წყალობით ულაპარაკოდ აჯობა კარის მეზობელს და "ბარსელონას" კონკურენტი ჩამოუცილა.

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ "ბილბაოსთან" 5:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა (1 გოლი საეჭვო იყო. წესით, ამორებიეტას ავტოგოლად უნდა გაფორმებულიყო. "მარკა" არც უთვლის).

კრიშტიანო რონალდომ "ატლეტიკოსთან" 2:0 მოგებულ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

დუელში ვერც ერთს ვერ გამოვყოფთ - 1:1 და 10:7 "ტურნირში" არგენტინელის სასარგებლოდ.

ტურის ფრაზები
ხოსე ლუის მენდილიბარი:
"ხემესს უკვე ვუთხარი, რომ მისმა გუნდმა იმაზე მეტი დაიმსახურა, რაც მიიღო", - "ოსასუნას" თავკაცი "რაიო ვალეკანოსთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ.

პაკო ხემესი: "ჩემმა გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა", - "ელვების" მწვრთნელი "ოსასუნასთან" 0:1 მარცხის მერე.

მანუელ პელეგრინი: "ჩვენ წავაგეთ მატჩი, რომლის 90 წუთში მეტოქემ კარში ერთხელ დაარტყა", - "მალაგას" ჩილელი თავკაცი "ხეტაფესთან" მარცხზე.

მაურისიო პელეგრინო: "ჩემი გადაყენება დიდი უსამართლობაა", - "ვალენსიას" ექსთავკაცი.

მარსელო ბიელსა: "ბურთის ყოველ დაკარგვაზე ჩვენს კართან ხიფათი იქმნებოდა", - "ბილბაოს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩის მერე.

პეპე მელი: "ახლა მხოლოდ "ბარსაზე" ვფიქრობ", - "ბეტისის" თავკაცი.

პაკო ერერა: "რა ვქნა, ამაზე მეტს გუნდს ვერ მოვთხოვ", - "სელტას" მწვრთნელი "ლევანტესთან" 1:1 დასრულებული მატჩის მერე.

მიჩელი: "რეალისტები უნდა ვიყოთ და კარგად გავაცნობიეროთ, სად ვართ ახლა", - "სევილიას" მესაჭე "ვალიადოლიდთან" მარცხის მერე.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
სისი (ოსასუნა)
ნავარელთა ნახევარმცველმა მარჯვენა მუხლის მყესები გაიწყვიტა და 6-8 თვე დასვენება მოუწევს.

ტურის საუკეთესო გოლი
კრიშტიანო რონალდო (რეალი) "ატლეტიკოს" კარში

ტურის საუკეთესო პასი
დავიდ ზურუტუზა ("რეალ სოსიედადი") საგოლე პასი ალბერტო დე ლა ბელას.

ტურის სტატისტიკა
29 გოლი ტურში (2,9 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 57 ყვითელი ბარათი 4 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), რიკი (დეპორტივო), რობერტო სოლდადო (ვალენსია), რუბენ კასტრო (ბეტისი).
ვიქტორ კასადესუსმა (მალიორკა) ვერ გაიტანა პენალტი "სარაგოსას" კარში.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხოსე როდრიგესი (რეალი, 17 წლის).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 79 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 7 700 - "ონო ესტადი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 23 - გრანადა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - დეპორტივო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - მალიორკა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 73% - მალიორკა

Sportall.Ge

მე-12 ფეხბურთელი:
კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)
14 ტურში მესი მე-10-ედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში! მაშინ, როცა კრიშტიანო რონალდო რჩეულთა შორის "მხოლოდ" მეხუთედაა, თანაც 4-ტურიანი შესვენების შემდეგ პირველად.

ტურის გმირი
ჯოელ კემპბელი (ბეტისი)
კოსტარიკელი ფორვარდის გოლმა "რიასორზე" ჩატარებული მატჩის ბედი გადაწყვიტა, ხოლო "ბეტისი" მე-4 ადგილზე გადაიყვანა.

ბომბარდირები
21 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
13- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
6 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

გოლი+პასი
26 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
15 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
14 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა
14 13 1 0 48-16 40
2 ატლეტიკო 14 11 1 2 29-13 34
3 რეალი 14 9 2 3 34-10 29
4 ბეტისი 14 8 1 5 23-24 25
5 მალაგა 14 6 4 4 19-10 22
6 ხეტაფე 14 7 1 6 17-19 22
7 ლევანტე 14 6 3 5 16-21 21
8 სოსიედადი 14 6 2 6 21-18 20
9 ვალეკანო 14 6 1 7 18-30 19
10 ვალიადოლიდი 13 5 3 5 18-14 18
11 სევილია
13 5 3 5 18-18 18
12 ვალენსია 14 5 3 6 18-23 18
13 სარაგოსა 14 5 1 8 16-23 16
14 სელტა 14 4 3 7 16-19 15
15 ბილბაო
14 4 3 7 19-32 15
16 ოსასუნა 14 3 4 7 12-15 13
17 მალიორკა 14 3 4 7 14-23 13
18 გრანადა 14 3 3 8 11-20 12
19 დეპორტივო 14 2 5 7 21-31 11
20 ესპანიოლი 14 2 4 8 13-22 10

მომდევნო ტური
7 დეკემბერი:
ესპანიოლი-სევილია.

8 დეკემბერი:
რეალ სოსიედადი-ხეტაფე, მალაგა-გრანადა, ვალიადოლიდი-რეალი, ოსასუნა-ვალენსია.

9 დეკემბერი:
ლევანტე-მალიორკა, ბილბაო-სელტა, ატლეტიკო-დეპორტივო, ბეტისი-ბარსელონა.

10 დეკემბერი:
რაიო ვალეკანო-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური: კატალონიაში ყველაფერი იდეალურადაა, მადრიდში - ძველებურად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული