ესპანეთი. ლა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი: "ღამურებმა" "ნავარა" სამ დღეში მეორედ დაიპყრეს

AutoSharing Option
"ღამურები" "რეინო დე ნავარას", პამპლონის "ოსასუნას" სტადიონს შემოეჩვივნენ - პრიმერა დივიზიონის მატჩში 1:0 გამარჯვების შემდეგ სამი დღე გავიდა და "ვალენსია" კიდევ ერთხელ ეწვია ამ სარბიელს და ამჯერად სათასო ბატალიაში სძლია "ოსასუნას".

მოკლედ, ერნესტო ვალვერდეს ფეხბედნიერი ნავარული დებიუტი აქვს "ვალენსიაში". 48 წლის ესტრემადურელი მწვრთნელი 3 დეკემბერს დაინიშნა "ვალენსიაში". მას მერე კლუბმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო, ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად დაამარცხა ფრანგული "ლილი", შემდეგ კი ორჯერ ზედიზედ "ოსასუნა", ასევე სტუმრად. ამ შეხვედრებში "ვალენსიამ" 4 გოლი გაიტანა და კარი სამჯერვე მშრალად
შეინახა.

მატჩის და, სავარაუდოდ, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი მე-2 ტაიმში გადაწყდა - მე-2 წუთზე დანი პარეხომ ოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი ცოცხალ კედელს შემოატარა. რიესგომ ვერაფერი გააწყო. უკანასკნელ წუთზე კი ანგარიშს წერტილი ვალენსიელთა მთავარმა მეგოლემ, რობერტო სოლდადომ დაუსვა - 2:0.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ბასკი არბიტრი პერეს ლასა შეცდა, როცა სტუმართა კარში პენალტი არ დანიშნა - რიკარდო კოშტამ აშკარად დაარღვია წესი საჯარიმოში.

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "ვალენსიას" სახით საჩემპიონო გუნდი გვყავდა მეტოქედ, მაგრამ მეტი აგრესია რომ გამოგვეჩინა, მოგებაც შეიძლებოდა.

მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქეს სივრცეები დავუტოვეთ. "ვალენსია" უკეთესი გუნდია და ამით ისარგებლა კიდევაც. ვალვერდე კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ვფიქრობ, ის გუნდს თავის ხელს დაატყობს".


ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, დაპირისპირების ნახევარი წინაა. ჩვენ მეოთხედფინალისკენ კარგი ნაბიჯი გადავდგით. ძალიან მიხარია, რომ პამპლონაში ორჯერ შევძელით და გოლი არ გავუშვით".

გაგოს ვალდესიც მი
ყვა
"ოსასუნასთან" პირველ მატჩში დაშავებულ არგენტინელ ფერნანდო გაგოს რადიოლოგიური ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც მარცხენა ფეხზე სერიოზული დაზიანება აღმოაჩინა. უახლოეს დღეებში კიდევ უფრო დაზუსტდება, რამდენი ხნით დააკლდება "ვალენსიას" 26 წლის გამთამაშებელი.

ამით "ღამურების" პრობლემები არ ამოწურულა - პარაგვაელმა ნელსონ ვალდესმა ორშაბათის ვარჯიშზე მარჯვენა ფეხი დაიზიანა. წლეულს რომელიმე მათგანის თამაში გამორიცხულია.

ოსასუნა-ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 პარეხო (47), 0:2 სოლდადო (93)
ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - ბერტრანი, ლოლო, რუბენი, ეჩაიდე (60. დამია) - ანანი, ტიმორი - სეხუდო, რ. ტორესი, ნანო (67. ნინო) - ომვუ (76. ლამა).
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, სისოკო - ალბელდა, ბანეგა - ფეგული (84. გუარდადო), პარეხო, ვიერა (64. ბერნატი) - ჟონასი (77. სოლდადო).

საპასუხო მატჩი - 8 იანვარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული