ჩავი: ისევ მტკივა...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზისას დასვენების შემდეგ "ბარსელონას" "ვალენსიასთან" მატჩში დაუბრუნდა ჩავი და დიდებულადაც ითამაშა - ორი საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო). მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ფეხბურთელი აცხადებს, რომ ჯერაც არ გრძნობს თავს 100 პროცენტით ჯანმრთელად და რომ მას ტკივილები ისევ აწუხებს.

"თითქოს კარგად ვარ, მაგრამ მცირე ტკივილს მაინც ვგრძნობ. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე ბოლომდე გამოვჯანმრთელდები. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, კუნთი მეჭიმებოდა და ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. ჩვენი ექიმების მეიმედება, ისინი ბოლომდე ფეხზე დამაყენებენ", -
განაცხადა ჩავიმ. გუშინ "ბარსას" ნახევარდაცვის ლიდერმა გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ჩავიმ კოჭის რეაბილიტაციის პროცედურები გაიარა და ტრენაჟორების დარბაზში ივარჯიშა, სადაც მას კაპიტანი კარლეს პუიოლი შეურთდა, რომელიც "ვალენსიასთან" მატჩში დაშავდა. 


ყველაზე უიღბლო დებიუტი
"სარაგოსასთან" მატჩში ბილბაოს "ატლეტიკის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 20 წლის შემტევ იბაი გომესს. ახალგაზრდა ბასკმა ამ შეხვედრაში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს, სულ მცირე, სამი თვით დააკლდა.

იბაი გომესმა გაისკა ტოკერო შეცვალა და ზუსტად 3 წუთში პასის მიღებისას ტრავმა მიიღო და დაეცა. დებიუტანტი უხერხულად დაეცა ფეხზე და მუხლი დაიზიანა, მან იმ წამსვე ანიშნა ექიმებს, რომ შესაცვლელი იყო. ბასკური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მუხლის ტრავმა დასტურდება, თუმცა იბაი გომესს შემდგომ ტესტებსაც ჩაუტარებენ. გომესმა თავი სარეზერვო გუნდში გამოიჩინა და ლა ლიგაში დებიუტიც დაიმსახურა.

ვალენსიას კიდევ ერთი სატკივარი
"ვალენსიას" 20 წლის ფრანგ ნახევარმცველ სოფიან ფეგულის სამ კვირამდე იძულებითი დასვენება მოუწევს ტრავმის გამო. დაზიანება მან ვარჯიშზე მიიღო და ფეხი ისე გაუსივდა, რომ ორი დღის განმავლობაში ტესტების ჩატარება ვერ შეძლეს. კლუბის ექიმების ვერდიქტით, კუნთი ერთ ადგილზე სანტიმეტრზეა ჩახეული. პლეიმეიქერმა 3 კვირა მაინც უნდა დაისვენოს, რომ კუნთი მთლიანად აღდგეს. ალჟირული წარმოშობის ფეგული "მესტალიაზე" ზაფხულში გამოჩნდა ფრანგული "გრენობლიდან". მან "ღამურებთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული