ტიტო ვილანოვა: მეტოქის გატეხვა პირველ ტაიმში შეგვეძლო, მაგრამ ყველა თამაშს ხომ ვერ მოვიგებთ [VIDEO]

AutoSharing Option
"მალაგასთან" სამეფო თასის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ "კამპ ნოუ" ბრწყინვალე ხასიათზე იყო - ლიონელ მესიმ თავისი 4 "ოქროს ბურთი" (მათ შორის, 7 იანვარს მოპოვებული) გამოფინა მინდორზე და ოვაციებიც დაიმსახურა.

თამაში, მოკლედ, ასე განვითარდა: "მალაგამ" ტიაგო ალკანტარას დაუფიქრებელი ქცევის წყალობით გახსნა ანგარიში, ალკანტარამ მეკარის პასი მიიღო, მაგრამ ზურგსუკან იტურა ვერ შეამჩნია და დაისაჯა.

"ბარსელონას" პასუხი იყო სწრაფი და სასტიკი - მესიმ მარჯვენა ფრთაზე გააბითურა ყველა, ვინც კი შემოხვდა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კუთხური შესანიშნავი თავურით გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში პედროს წაქცევისთვის მოედნიდან ნაჩო მონრეალი მიაბრძანეს, თუმცა 10 კაცით დარჩენილმა "მალაგამ" აქეთ გაუტანა "ბარსას" - კამაჩომ საჯარიმოდან ჩაწოდებულს მიუჩინა პინტოს კარში ადგილი - 2:2.

მანუელ პელეგრინის ამ ორი გუნდის წინა (საჩემპიონატო) დაპირისპირებიდან სწორი დასკვნები გამოუტანია - შეუძლებელია, "ბარსას" მისივე იარაღით ებრძოლო - "მალაგამ" ზონები გადაკეტა, ძალიან კი უჭირდა მესის და კომპანიის გაჩერება, მაგრამ თუ პირველი ტაიმის 2-წუთიან მონაკვეთს არ ჩავთვლით, "მალაგამ" მეტოქის გაჩერება მოახერხა და საბოლოოდ იდეალური ანგარიშიც დაიბევა 24 იანვრის საპასუხო მატჩისთვის.

ალექსის სანჩესმა საშინლად ითამაშა. 40 მილიონ ევროდ ნაყიდი ჩილელი ვერ ამართლებს იმედებს და პირველად "კამპ ნოუმ" დაკარგა მოთმინება და სანჩესს უსტვინა (თუმცა ზოგიერთმა გულშემატკივარმა მაინც სცადა ჩილელის გამხნევება).

ტიტო ვილანოვა (ბარსელონა): "პირველ და მეორე ტაიმებს შორის ისეთივე განსხვავება იყო, როგორც ცასა და დედამიწას შორის. პირველ ტაიმში ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მეტოქის წელში გატეხვაც შეგვეძლო. შეცდომებს ფეხბურთში დიდი ფასი აქვს, თუმცა ჩვენ ამას ვერ ავიცილებთ თავიდან. ტიაგომ გარისკა და შეცდა, თუმცა ასეთი რამ ყოველთვის ხდება.

ალექსის სანჩესს შესვენებისას ვუთხარი, რომ იოლად გავუგებ, თუ არაფერი გამოუვა მოედანზე, მაგრამ ვერ ვაპატიებ, თუ ბრძოლას და ცდას დააკლებს. რას ვიზამთ, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ".


მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ჩემი გუნდისგან ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ პირველი ტაიმის მერე არ დაიბნა და ძალები მოიკრიბა. ამ რაუნდის ბედი საპასუხო მატჩში გადაწყდება. "ბარსელონა" ჩვენზე კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ და გამოგვივიდა კიდევაც ამ თამაშში მათთვის წინააღმდეგობის გაწევა".

VideoSportall.Ge
ბარსელონა - მალაგა 2:2


ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა ნიუ იორკში სამკურნალოდ დიდი ხნით მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული