ლა ლიგა. XX ტურის შეჯამება: ძალიან უცნაური ტურის ძალიან უცნაური ფაქტი

AutoSharing Option
ძალიან უცნაური რამ მოხდა ამ ტურში - ლეო მესიმ ლა ლიგის მატჩში გოლი გაიტანა და "ბარსელონამ" წააგო... ასეთი რამ აქამდე მხოლოდ ერთხელ, ოთხი წლის წინათ მოხდა. არადა, "ლა პულგას" ანგარიშზე ჩემპიონატში 121 გოლია!

ტოპ-5 ევროპულ ლიგებს "უკანასკნელი მოჰიკანი" დააკლდა - "ბარსელონამ" ყველაზე ბოლოს წააგო.

ბარსა-რეალობა
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრე საოცრად დაიწყო: "ბარსელონამ" სეზონში პირველი მარცხი იგემა, "რეალმა" კი პირველად ითამაშა ისეთ დონეზე, როგორც შეეფერება. ახლა პირველადგილოსანსა და მდევარ "ატლეტიკოს" შორის სხვაობა 8 ქულაა.

მართლაც უცნაური ტური იყო: "ბარსელონამ" წააგო, ხოლო
"რეალმა" არა მარტო იმარჯვა, არამედ ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა, თანაც სად - "მესტალიაზე".

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "რეალ სოსიედადთან" 2:3 წაგებულ მატჩში. მან 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაარღვიეს წესი, თავად ერთხელ დაჯარიმდა და თამაშგარეში მოხვდა.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ვალენსიასთან" 5:0 მოგებულ მატჩში. მან 3-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად 2-ჯერ დაარღვია წესი.

"ბარსას" მარცხის მიუხედავად, ლეო მესიმ ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა რონალდო ამ ტურში უკეთესი იყო და ჩვენს "ტურნირში" სხვაობა ოდნავ შეამცირა - 9:14.

იცით თუ არა, რომ...
* ლიონელ მესიმ ზედიზედ მე-10 ტურში გაიტანა გოლი.
* მარცხის მიუხედავად, "ბარსელონამ" მაინც გაიმეორა 2011 წლის რეკორდი: 55 ქულა 60 შესაძლებლიდან.
* ეს უკვე მეექვსედ მოხდა, რომ სწორედ "რეალ სოსიედადმა" შეძლო "ბარსელონას" წაუგებელი სვლის შეჩერება.
* ლეო მესის გოლი "რეალ სოსიედადის" ისტორიაში მე-3 000 მიღებული ბურთია.
* ლეო მესიმ ლა ლიგაში 121 გოლი გაიტანა და აქედან მხოლოდ 2-ში დამარცხდა "ბარსა" - ამ ტურში და 2009 წელს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ (3:4).
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 4 ჩემპიონატში დაამარცხა "მესტალიაზე" "ვალენსია". აქამდე ასეთი მიღწევა "სამეფო კლუბს" არ ჰქონია.

ტურის ფრაზები
ფილიპ მონტანიე: "ბიჭები არ შეეგუენ წაგებას. 0:2 კი არა, ლამის 0:3 გახდა და მაინც ბოლომდე იბრძოლეს. ისინი ამისთვის რაიმე მნიშვნელოვან ნომინაციაზე წარდგენასაც იმსახურებენ. "ბარსა" ფანტასტიკური გუნდია, 10 კაცითაც",  - "რეალ სოსიედადის" თავკაცი ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

ტიტო ვილანოვა: "პიკეს ჯარიმა იყო ძალიან ჩვეულებრივი. ასეთი 200-ია თითო მატჩში, ხშირად ყურადღებასაც არ აქცევენ ხოლმე. თავიდან შანსები გამოვიყენეთ, მაგრამ "რეალმა" ყურები არ ჩამოყარა. ყველა თამაშს ვერ მოიგებ, ეს ჯერ არავის გაუკეთებია. ერთ დღესაც ჩვენც უნდა წაგვეგო", -
"ბარსელონას" თავკაცი 2:3 მარცხის მერე.

უნაი ემერი: "თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგი მაღელვებს", -
"სევილიას" ახალი მესაჭე.

მანუელ პელეგრინი: "მოედანი უფრო საციგურაოს წააგავდა, ვიდრე საფეხბურთოს. ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს არ გვამართლებს, რადგანაც მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაში იყო", -
"მალაგას" ჩილელი მწვრთნელი "სელტასთან" 1:1-ის მერე.

პაკო ხემესი: "ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. მოიგო იმან, რომელმაც მეტოქის კართან უფრო იყოჩაღა", -
"რაიო ვალეკანოს" თავკაცი "გრანადასთან" 0:2 მარცხის მერე.

ანხელ დი მარია: "ჩემი თამაშით ძალიან ბევრს ხმა ჩავაკმენდინე", -
"ვალენსიას" კარში დუბლის ავტორი.

ერნესტო ვალვერდე: "იმედი მაქვს, სათასო შეხვედრას რევანშისთვის გამოვიყენებთ", -
"ვალენსიას" თავკაცი 0:5-ის შემდეგ.

აიტორ კარანკა: "ასეთი წაგების შემდეგ "ვალენსია" უფრო საშიშია. ის შეეცდება თავისი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას სათასო მატჩში", -
ჟოზე მოურინიოს ასისტენტი 5:0-ის შემდეგ.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
პატრიკ ებერტი (ვალიადოლიდი)
აპონიო (სარაგოსა)
გლენ ლოოვენსი (სარაგოსა)
რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

"ვალიადოლიდი"-"სარაგოსას" შეხვედრა მეტად ხიფათიანი გამოდგა. მხოლოდ პირველ ტაიმში 3 ფეხბურთელი ისე დაიმტვრა, რომ შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. კვირას კუნთი დაიზიანა "ატლეტიკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომაც.

ტურის საუკეთესო გოლი
კიკე სოლა (ოსასუნა) "დეპორტივოს" კარში

ტურის საუკეთესო პასი
კარლოს მარტინესი (რეალ სოსიედადი) საგოლე პასი იმანოლ აგირეჩეს.

ტურის სტატისტიკა
27 გოლი ტურში (2,7 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრედ დასრულდა და 1 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 62 ყვითელი ბარათი, 1 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: კრიშტიანო რონალდო (რეალი), ანხელ დი მარია (რეალი), გონსალო კასტრო (რეალ სოსიედადი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ტარსი (სარაგოსა, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 40 000 - "მესტალია"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 7 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ვალენსია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 7 - ესპანიოლი, რეალ სოსიედადი, მალაგა, რეალი, ვალიადოლიდი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ვალენსია
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ვალიადოლიდი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - ბარსელონა

Sportall.Ge

ლიონელ მესი - მე-15-ედ, ხოლო კრიშტიანო რონალდო მე-8-ედ მოხვდ სიმბოლურში. გვყავს სამი დებიუტანტიც: მარკ ვალიენტე - "ვალიადოლიდის" ცენტრალური მცველი, ახალგაზრდა რაფაელ ვარანი - "რეალიდან" და რაც ყველაზე საოცარია, "რეალ სოსიედადის" შემტევი ნახევარმცველი გონსალო "ჩორი" კასტრო. საოცარი კი ისაა, რომ სამხრეთამერიკელი პირველად მოხვდა რჩეულთა შორის.
მე-12 ფეხბურთელი: კოკე (ატლეტიკო)

ტურის გმირი
იმანოლ აგირეჩე
(რეალ სოსიედადი)
ფორვარდს ბევრი არ გაუკეთებია, შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა, მაგრამ ამ გოლმა ტოპ-5 ევროპული ლიგების უკანასკნელი ბასტიონი, "ბარსა" დასცა.

ბომბარდირები
29 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
18- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
12 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

გოლი+პასი
37 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური
26 იანვარი
სელტა-რეალ სოსიედადი, ლევანტე-ვალიადოლიდი, სარაგოსა-ესპანიოლი, დეპორტივო-ვალენსია.
27 იანვარი
რეალი-ხეტაფე, რაიო ვალეკანო-ბეტისი, ბარსელონა-ოსასუნა, ბილბაო-ატლეტიკო, მალიორკა-მალაგა.
28 იანვარი
სევილია-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XX ტური: "ბარსას" დამარცხების ბასკური ფორმულა: ჩორი, ჩორი, აგირეჩე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული