ჟოზე მოურინიოს გუნდმა საერთოდ წაგება "მოახერხა" ერთ-ერთ აუტსაიდერთან.
ბარსა-რეალობა
ლა ლიგის დასრულებამდე 16 ტურით ადრე 16 ქულა აშორებს "ბარსელონასა" და "რეალს". ამიტომ დროებით ტურის ტრადიციული შეჯამების ამ რუბრიკას ვწყვეტთ.
იმდენად დიდი გახდა კატალონიელთა უპირატესობა, რომ ამ ორი კლუბის დაპირისპირებას აზრი დაეკარგა.
მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ვალენსიასთან" 1:1 დასრულებულ მატჩში. მან 5-ჯერ დაარტყა კარისკენ, ერთხელ ზუსტად და 1 გოლი გაიტანა. მის
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "გრანადასთან" 0:1 წაგებულ მატჩში. მან 8-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, მის წინააღმდეგ ერთხელ იუხეშეს. გაიტანა ავტოგოლი.
რა თქმა უნდა, ეს ტური მესიმ მოუგო და მესი 16:9-ით დაწინაურდა. მართალია, არგენტინელის უპირატესობა უკვე აშკარაა, ამ რუბრიკას ჯერჯერობით მაინც დარჩა ინტრიგა.
იცით თუ არა, რომ...
* 28 წლის კრიშტიანო რონალდომ (5 თებერვალს გახდა) კარიერაში პირველი ავტოგოლი გაიტანა.
* ლიონელ მესიმ ზედიზედ 12 ტურში გაიტანა გოლი ლა ლიგაში
ტურის ფრაზები
მიროსლავ ჯუკიჩი: "რად უნდა ლაპარაკი - ადურისი გასაძევებელი იყო. მეოთხე მსაჯმა მითხრა, გაძევება ტრავმის სიმძიმეზეა დამოკიდებულიო. ეტყობა, ორი ნაკერი ეცოტავათ", "ვალიადოლიდის" თავკაცი.
მარსელო ბიელსა: "მეტოქემ გაგვაკვირვა, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ მოგებაზე ვითამაშეთ და შეგვეძლო კიდევაც მოგება", - "ბილბაოს" დამრიგებელი.
ლუის გარსია: "ბარადამ ლიდერობა იტვირთა, გაამართლა მეკარე კოდინამაც. უბრალოდ, ვერ გამიგია, როგორ ვერ გავიტანეთ მე-4 გოლიც", - "ხეტაფეს" მთავარი მწვრთნელი.
დომინგუშ პასიენსია: "თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ შემდეგ თამაში შეიცვალა და ამაში ჩვენ ვართ დამნაშავენი", - "დეპორტივოს" მწვრთნელი.
ხავიერ აგირე: "ბოლოს ძალიან გავრისკეთ და სავსებით შესაძლებელი იყო, მატჩი ფრედ დასრულებულიყო. გადავრჩით", - "ესპანიოლის" მექსიკელი თავკაცი.
ხუან იგნასიო მარტინესი: "მეტოქის მე-2 და მე-3 გოლები ძალიან მნიშვნელოვან დროს გავიდა. ძალიან ცუდია, 2 გოლი სტუმრად გავიტანეთ, ერთი ამდენი საგოლე მომენტიც გვქონდა და შინ 0-ით მივდივართ", - "ლევანტეს" დამრიგებელი.
ხოსე ლუის მენდილიბარი: "ახლა იმის მეშინია, არ მოვეშვათ და ტემპი არ დავკარგოთ", - "ოსასუნას" მთავარი მწვრთნელი.
პაკო ერერა: "ასე ცუდად ჩემს გუნდს არასოდეს უთამაშია", - "სელტას" მესაჭე.
ლუკას ალკარასი: "ერთადერთი, რაც ამ კვირის განმავლობაში ბიჭებს ვუჩიჩინებდი, იყო ფრაზა, რომ მათ მოგება შეეძლოთ და მათ ეს შეძლეს", - "გრანადას" დებიუტანტი მწვრთნელი.
ჟოზე მოურინიო: "როცა კარგად ვთამაშობთ და ვიგებთ, ინდივიდების დამსახურებაა, როცა არა - მწვრთნელის? ფეხბურთელების ნაწილი გადაღლილი იყო. რატომ? გაუგებარია - უმთავრესად ეს იმ ფეხბურთელებს ეხებათ, რომლებიც თასზე ან სკამზე ისხდნენ, ან - ტრიბუნებზე. შედეგი ძალიან მაფიქრებს და თან პირველად მოხდა, რომ გუნდი საშინლად თამაშობდა", - ვის ერჩოდა "რეალის" მწვრთნელი?
მანოლო ხიმენესი: "მალაგასთან" სტუმრად, შეიძლება ითქვას, 2 ქულა დავკარგეთ. სადღაც ეს სასიამოვნო შეგრძნებაცაა", - "სარაგოსას" ხელმძღვანელი.
ტურის მსხვერპლ(ნ)ი
რაფაელ ვარანი (რეალი)
ჩავი (ბარსელონა)
ჩაბი ალონსო (რეალი)
ამ ფეხბურთელებმა მიკროტრავმები მიიღეს და სანაკრებო ბატალიებს დააკლდნენ.
ტურის საუკეთესო გოლი
ოსკარ დე მარკოსი (ბილბაო) "ვალიადოლიდის" კარში
ტურის საუკეთესო პასი
სერხიო გარსია (ესპანიოლი) საგოლე პასი კრისტიან სტუანის.
ტურის სტატისტიკა
26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა. პირველად მოხდა ამ სეზონში, რომ სტუმრებს თამაში არ მოუგიათ. მსაჯებმა 61 ყვითელი ბარათი, 5 წითელი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: არავინ.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: აიმერიკ ლაპორტე (ბილბაო, 18 წლის).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 50 000 - "ვისენტე კალდერონი"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 18 - ბილბაო, რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 19 - გრანადა, ვალენსია
ყველაზე მეტი კუთხური:12 - სევილია, ოსასუნა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - მალაგა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 70% - რეალი
უცნაური ტურის სიმბოლური ნაკრები გამოგვივიდა: არც მესია და არც რონალდო. ის კი არა, რომ არა ვალდესის ყოჩაღობა, არც "რეალის" ფეხბურთელი იქნებოდა და არც "ბარსელონასი".
მოკლედ, არაგრანდული ტური გამოვიდა ესპანეთში.
მე-12 ფეხბურთელი: ადრიან კოლუნგა (ხეტაფე)
ტურის გმირი
ევერ ბანეგა (ვალენსია)
კაცი, რომელმაც უქმეები უცნაურად და სულელურად დაიწყო და დიდებულად დაასრულა - არგენტინელმა ნახევარმცველმა "ვალენსიას" ვარჯიშზე დაიგვიანა.
არათუ დაიგვიანა, ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, ნასვამიც კი იყო, მაგრამ ერნესტო ვალვერდემ აპატია და "ბარსელონასთან" ათამაშა.
არგენტინელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ვალდესის კარში გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, თავისუფლად შეიძლებოდა, სწორედ "ბარსას" მეკარე გამხდარიყო ტურის გმირი.
ბომბარდირები
34 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
ასისტენტები
12 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
გოლი+პასი
42 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
მომდევნო ტური
9 თებერვალი
მალიორკა-ოსასუნა, სელტა-ვალენსია, ლევანტე-მალაგა, რეალი-სევილია, დეპორტივო-გრანადა.
10 თებერვალი
ბარსელონა-ხეტაფე, სარაგოსა-რეალ სოსიედადი, ბილბაო-ესპანიოლი, რაიო ვალეკანო-ატლეტიკო.
11 თებერვალი
ბეტისი-ვალიადოლიდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXII ტური: კრიშტიანო რონალდოს კარი აერია [VIDEO]