აქვე ვიტყვით, რომ ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდოს 9 გოლი "ჩავუთვალეთ", მაშინ როცა წყაროთა უმეტესობა 10-ს წერს (მათ შორის ესპანური "მარკა"), თუმცა ჩვენ მაინც 9 ბურთს დავწერთ, რადგან ასეა მითითებული. ესპანური პროფესიული ფეხბურთის ლიგის
მეკარე:
ხუან კალატაიუდი (ერკულესი): "ერკულესის" დამარცხება იოლი საქმე არაა, რაც დიდწილად მათი გოლკიპერის დამსახურებაა. "ალმერიასთან" სტუმრად 30 წლის კალატაიუდი თითქმის ბოლომდე უძლებდა ანდალუსიელთა შემოტევას. საბოლოოდ "ალმერიამ" გათანაბრება მაინც შეძლო, მაგრამ რომ არა კალატაიუდი, ალიკანტეელები ამ ქულასაც ვერ წაიღებდნენ შინ.
მცველები:
ნაჩო მონრეალი (ოსასუნა): მარცხენა მცველი ცდილობს ნაკრებში თავი დაიმკვიდროს და ვისენტე დელ ბოსკეს აჩვენოს, რომ ხოან კაპდევილას ღირსეული შემცვლელია. "მალაგასთან" 3:0 გამარჯვებაში მონრეალმა თავი კარგად დაგვამახსოვრა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. 24 წლის მცველის თამაშზე დიდად არის დამოკიდებული, შეძლებს, თუ არა ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.
კარლოს მარჩენა (ვილიარეალი): "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ისტორიაში საუკეთესო სტარტის ერთ-ერთი შემოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მარჩენაცაა. ექსვალენსიელმა არ ამოასუნთქა სერხიო აგუერო და მას საჯარიმოს მისადგომებთან გასაქანი არ მისცა. მარჩენა "ატლეტიკოსთან" მატჩში ტანდაბალი არგენტინელის აჩრდილად იქცა. ახლა "ვილიარეალის" წაუგებელმა სერიამ 9 მატჩს მიაღწია.
ივან რამისი (მალიორკა): კუნძულელებმა "მესტალიაზე" დიდი სენსაცია გამოაცხვეს. "მალიორკა" მეორე ტაიმში თითქმის სულ საკუთარ ნახევარზე იყო გამაგრებული, რამისი კი "მალიორკას" დაცვის გულში შეუცდომლად მოქმედებდა. მან თითქმის ყველა ჩაწოდება და სახიფათო პასი გააუვნებელყო. "მალიორკა" კიდერებთან დიდებულად თამაშობს, გავიხსენოთ "ბარსელონა", "რეალი"...
ნახევარმცველები
კოფი რომარიკი (სევილია): 70 წუთის განმავლობაში "სევილია" და რომარიკი აშკარად ჩაგრავდა ბილბაოს "ატლეტიკს". ფრანგული ფეხბურთიდან 2009 წელს გადმოსულ აფრიკელს ფანები ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ამჯერად რომარიკმა ბრწყინვალედ ითამაშა. გამოვყოფთ მის 40-მეტრიან პასს, რომელსაც ლუიშ ფაბიანოს ფანტასტიკური გოლი მოჰყვა.
გონსალო კასტრო (მალიორკა): შუახაზში მისმა თანაგუნდელმა ჯონათან დე გუზმანმაც კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც კასტრო გამოვარჩიეთ, მან ხომ "მესტალიაზე" დუბლი შეასრულა. თუმცა გოლებს თავი დავანებოთ (ერთი პენალტით გაიტანა, ერთიც დამატებაზე), 26 წლის ნახევარმცველმა გვაჩვენა, თუ რა შეუძლია, როცა ფორმაშია.
მესუთ იოზილი (რეალი): იოზილი მეორედ მოხვდა ჩვენს ნაკრებში. გერმანელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრწყინავს. იზოილმა რონალდოს უიოლესი გოლი გაატანინა და მეორე ტაიმში თავადაც გამოიჩინა თავი. ასე თუ გაგრძელდა, 21 წლის გერმანელის ამოგდება კაკას ძალიან გაუჭირდება.
ანხელ დი მარია (რეალი): "ლოს ბლანკოსის" სამი ვარსკვლავი მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, 6:1 გამარჯვების შემდეგ ეს ბუნებრივიცაა. დი მარია და იოზილი ისე უგებდნენ მინდორზე ერთმანეთს, თითქოს, მთელი კარიერა ერთად აქვთ გატარებული. "ბენფიკას" ყოფილი ვინგერი "რასინგთან" სამი საგოლე პასის ავტორია.
თავდამსხმელები:
კრიშტიანო რონალდო (რეალი): რა ვთქვათ იმაზე მეტი პორტუგალიელზე, რაც მან სანტანდერელებთან მატჩში მოედანზე მოიმოქმედა? ოთხი გოლი ერთ თამაშში და სუპერაქტიურობა საკმარისია საიმისოდ, რომ რონალდოს ტურის საუკეთესო ფეხბურთელობა მივანიჭოთ.
ლიონელ მესი (ბარსელონა): "ბლაუგრანა" "სარაგოსასთან" მატჩში ვერ იყო სათანადო ფორმაში, მაგრამ კიდევ ერთხელ, გუნდი მისმა თილისმანმა გამოიყვანა რთული მდგომარეობიდან - მესიმ "ბარსელონას" ორივე გოლი მიითვალა. მესი "ლა რომარედას" ნამდვილი რისხვაა.
ლუიშ ფაბიანო (სევილია): როგორც იქნა, ბრაზილიელმა ფორვარდმა ისე ითამაშა, როგორც მისგან ანდალუსიელი გულშემატკივრები ელიან. მართალია, პირველ გოლში ფაბიანოს გაუმართლდა, მეორე საფეხბურთო ხელოვნების ნიმუში იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"