მეტისმეტი სასჯელი, თუ... "ფურია როხამ" მუნდიალის გზა გაიმრუდა

AutoSharing Option
ასტურიაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს ცივი შხაპი გადაავლეს - ესპანეთის ნაკრებმა ვერ შეძლო საკმაოდ სუსტი ფინეთის ნაკრების დამარცხება და ახლა ძალიან გაირთულა ბრაზილიის მუნდიალისკენ მიმავალი გზა.

სამშაბათს "ფურია როხას" პარიზში გამარჯვება მართებს თუკი პირველობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ სურს, პარიზში გამარჯვება რომ ძალიან ძნელია, ეს ჩვენ პარასკევს კარგად გამოვცადეთ.

VideoSportall.Ge
22.03.13 ესპანეთი - ფინეთი 1:1


ფინეთთან 1:1-ის შემდეგ საგონებელში იყო ჩავარდნილი ვისენტე დელ ბოსკე:

"ძალიან შეწუხებული ვარ, რადგან ისეთი რამ მოხდა, რაც თითქოს შეუძლებელი იყო. ჩვენ ვიყავით კარგად ორგანიზებულები, მთელი მატჩი
ვდომინირებდით მოედანზე, მაგრამ ბოლოს ეს ანგარიშში ვერ აისახა.

ამ შეხვედრის ვერმოგება იყო უდიდესი სასჯელი. ფინელთა დაცვის ხაზი მართლაც კარგად თამაშობდა, თუმცა ჩვენ მეტოქეს კონტრშეტევის საშუალებას არ ვაძლევდით. ამან კი ჩვენს მცველებს ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ დასაცავიც არაფერი იყო.

სამწუხაროდ, შეტევაში წარმატებულები ვერ ვიყავით.

მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, გუნდი ისევ ძლიერია და თავის თავში დარწმუნებული, საფრანგეთში მოგება შესაძლებელია. ჩვენ უნდა გაგვეტანა მეორე გოლი და მერე მეტოქე ვეღარაფერს გააკეთებდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით და ფინელებმაც დაიჯერეს, რომ შეუძლიათ გათანაბრება, ასეც მოხდა.

ბოლოსკენ სამ მცველზე გადაწყობას ვფიქრობდი, თუმცა მაინც სტაბილურობა ვარჩიე. ვწუხვარ, რომ ჟორდი ალბამ ტრავმა მიიღო".


ხელჩართული ბოლო წუთზე
90-ე წუთი იწურებოდა, როცა ესპანელების ძალზე სახიფათო შეტევა ფინელთა 28 წლის მეკარე ნიკი მაენპაამ გააუვნებელყო.

"ვენლოს" გოლკიპერს დავიდ სილვა ეუხეშა, რასაც წამიერი ხელჩართული ჩხუბი მოყვა ესპანელ და ფინელ მოთამაშეებს შორის. თუმცა სიტუაცია მალე დაწყნარდა, მსაჯმა ყვითელი ბარათები სილვას და ფინელთა კაპიტან მოისანდერს უჩვენა.

ალბას ტრავმა
მატჩის ბოლოსკენ ესპანეთის ნაკრებმა ჟორდი ალბა დაკარგა - "ბარსელონას" 24 წლის მცველის თამაში საფრანგეთში გამოირიცხა. მან კუნთი დაიზიანა.

ასტურიის გმირის უნიათო თამაში
ესპანეთის ნაკრების ამ ფორმაციაში ყველაზე მეტად ასტურიაში დავიდ ვილია უყვართ, "ელ გუახე" ხომ ასტურიელია. თუმცა ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლემ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა ფინელებთან მატჩში და დელ ბოსკემ ის მართებულად შეცვალა ალვარო ნეგრედოთი.

სხვათა შორის, ამან მაინც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია "ელ მოლინონზე" და მარკიზის გადაწყვეტილებას გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ.

ფანების ოპტიმიზმი
მიუხედავად იმისა, რომ ფინელებთან ფრე შოკი იყო ესპანელი გულშემატკივრებისთვის, ისინი ძირითადად მაინც ოპტიმისტებად რჩებიან.

"მარკას" გამოკითხვის მიხედვით, ესპანელ გულშემატკივართა 61% მიიჩნევს, რომ "ფურია როხა" მოიგებს პარიზში გადამწყვეტ მატჩს.

საინტერესო კომენტარი გააკეთა დავიდ ვილიამ: "ჩვენ ისედაც მოსაგებად მივდიოდით საფრანგეთში. ასე რომ, არაფერი იცვლება".

P.S. ასეა თუ ისე, ესპანეთის ნაკრებს ხშირად საყვედურობენ, რომ მისი თამაში გაუფერულდა, მოედანზე აპრიორი დომინაციის უკან იმალება მონოტონური, ხშირად ერთფეროვანი შეტევები და ბურთის გორება.

ასეთი იყო "როხას" თამაში საქართველოში და გუნდი კინაღამ დაისაჯა და ასეთი იყო შეხვედრა ხიხონშიც, სადაც ფინელებმა ჩვენზე მეტი ფხა გამოიჩინეს.

სამშაბათს, სენ დენიში, "სტად დე ფრანსის" მინდორზე გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია "ფურია როხას" პრობლემები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრებმა ჟორდი ალბა დაკარგა
ესპანეთი-ფინეთი 1:1 - შოკი სახელად პუკი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული