ლა ლიგა. XXXI ტურის წინ: ვინ კი არა, როდის

AutoSharing Option
ამ უქმეებზე არცთუ გამორჩეული ტურია. ამ შემთხვევით ვისარგებლეთ და დარჩენილი 8 ტურის ანალიზს შემოგთავაზებთ. ტექსტის ტექნიკურ ნაწილში კი უპრობლემოდ ნახავთ წყვილების, დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელების სიას.

შეიძლება ითქვას, რომ რიგით 82-ე ლა ლიგა ფინიშის სწორზე გავიდა. მართალია, ბოლო ტურამდე, რომელიც 1 ივნისს გაიმართება, ჯერ კიდევ დროა, მაგრამ ბევრი რამ გამოიკვეთა, ბევრიც გადაწყდა, მათ შორის გაეცა პასუხი უმთავრეს კითხვას...

საჩემპიონო რბოლა... საკუთარ თავთან
კითხვა ასე აღარ დგას - ვინ გახდება ლა ლიგის ახალი ჩემპიონი. აქტუალური კითხვა ასეთია - რამდენ ტურში წაართმევს
ტიტო ვილანოვას
"ბარსელონა" ჟოზე მოურინიოს "რეალს" მოქმედი ჩემპიონის სტატუსს.

ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე "რეალი" "ბარსელონას" 13 ქულით ჩამორჩება. "სამეფო კლუბს" აქვს უპირატესობა, რომელიც ძნელი საფიქრალია, რომ გამოადგეს: თუ ორივე კლუბი ერთნაირი ქულებით დაასრულებს ჩემპიონატს, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო, ჩემპიონი გახდება მადრიდული გრანდი.

უფრო რეალური კი ისაა, რომ "ბარსამ" 4 ტურში გაინაღდოს ტიტული. თუკი ვილანოვას გუნდი მომდევნო 4 მატჩს მოიგებს, ასეც იქნება "კონკურენტის" შედეგის გაუთვალისწინებლად. ამ შემთხვევაში "კამპ ნოუზე" ზეიმს 5 მაისს უნდა ველოდოთ, "ბეტისთან" მატჩის შემდეგ.

შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს, თუ "რეალს" (და "ატლეტიკოს") ფეხი კიდევ დაუცდებათ.

ბარსელონას დარჩენილი მატჩები
სარაგოსა (სტ) 14 აპრილი
ლევანტე (შინ) 20 აპრილი
ბილბაო (სტ) 28 აპრილი
ბეტისი (შინ) 5 მაისი
ატლეტიკო (სტ) 12 მაისი
ვალიადოლიდი (შინ) 19 მაისი
ესპანიოლი (სტ) 29 მაისი
მალაგა (შინ) 1 ივნისი

დასკვნა:
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" მართლაც რთული კალენდარი აქვს (3 რთული გასვლა), მაინც წარმოუდგენელია, რომ ლიდერმა 8 თამაშიდან 4 წააგოს და ერთიც ვერ მოიგოს.

"ბარსა" ჩემპიონია 22-ედ, ის 2012 წელს დაკარგულ ტიტულს იბრუნებს.

საჩემპიონთალიგო ბრძოლა
აქ კი ძალზე საინტერესო ამბებია, თავად "რეალსაც" არ აქვს გარანტირებული ჯერ ოთხეულში მოხვედრა, თუმცა არარეალურია, ჟოზეს შეგირდებმა 16 -ქულიანი უპირატესობა (რომელიც მე-5 ადგილზე მყოფ "ვალენსიას" აშორებთ) გაფლანგონ.

ესპანური პრიმერადან ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდი გადის: 3 ჯგუფურ ეტაპზე და 1 საკვალიფიკაციო პლეი ოფში. "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე ოფიციალურად აქვს მოპოვებული. საბრძოლველია დარჩენილი სამი ადგილი, რომელთაგან ორი თითქმის გადაწყვეტილია: "რეალს" და "ატლეტიკოს" ერთადერთი ინტრიგა შერჩათ, რომელი დაიკავებს მე-2 ადგილს. ამჟამად "სამეფო კლუბი" 3 ქულით წინაა.

რადგან რეალური ბრძოლა მე-4 ადგილისთვისაა ჩვენც მხოლოდ მასზე შევჩერდებით. აქ ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ: "მალაგა", რომელიც ახლა მე-6 ადგილზეა და ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში სერიოზული კანდიდატი უნდა იყოს, უეფას მიერ მომავალი 4 სეზონი ევროთასებიდან მოკვეთილია.

ანდალუსიურმა კლუბმა საჩივარი შეიტანა, რომლის განხილვაც 14 მაისს არის დანიშნული. ასე რომ, ჩვემ "მალაგას" არც ლიგის და არც ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში არ განვიხილავთ.

თეორიულად ამ საგზურისთვის ბრძოლა ლამის ყველას შეუძლია, ვინც გასავარდნ ზონაში არ არის. თქვენი ნებართვით, მხოლოდ რეალურ კანდიდატებზე შევჩერდებით. ესენია: ფილიპ მონტანიეს "რეალ სოსიედადი" (მე-4 ადგილი, 51 ქულა), ერნესტო ვალვერდეს "ვალენსია" (მე-5, 49) და პეპე მელის "ბეტისი" (მე-7, 47).

არა გვგონია, ორ მოკრძალებულ მადრიდულ კლუბს, "რაიო ვალეკანოსა" და "ხეტაფეს", ჩვენი სიმპატიის მიუხედავად, რომელიც მათ აშკარად დაიმსახურეს, ამ ბრძოლაში ჩართვის რესურსი ჰქონდეთ. მით უფრო, რომ "რეალ სოსიედადს" ისინი 7-7 ქულით ჩამორჩებიან და ეს 8 ტურში ცოტა არაა.

ლიგის ბოლო საგზურისთვის მებრძოლ სამეულში არაა "მალაგა" (უეფას დისკვალიფიკაცია) და გვიან გამოფხიზლებული "სევილია". აი, "რეალ სოსიედადი" და "ბეტისი" კი ნამდვილი სენსაციები არიან. თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებთ, რომ "ბეტისი" მეორე სეზონია დაბრუნდა ესპანურ ელიტაში მხოლოდ, ხოლო "რეალ სოსიედადი" - მესამე.

რეალ სოსიედადის დარჩენილი მატჩები
ვალეკანო (სტ) 14 აპრილი
ოსასუნა (სტ) 21 აპრილი
ვალენსია (შინ) 28 აპრილი
ხეტაფე (სტ) 5 მაისი
გრანადა (შინ) 12 მაისი
სევილია (სტ) 19 მაისი
რეალი (შინ) 29 მაისი
დეპორტივო (სტ) 1 ივნისი

ვალენსიას დარჩენილი მატჩები
ესპანიოლი (სტ) 13 აპრილი
მალაგა (შინ) 21 აპრილი
სოსიედადი (სტ) 28 აპრილი
ოსასუნა (შინ) 5 მაისი
ვალეკანო (სტ) 12 მაისი
ხეტაფე (სტ) 19 მაისი
გრანადა (შინ) 29 მაისი
სევილია (სტ) 1 ივნისი

ბეტისის დარჩენილი მატჩები
რეალი (სტ) 20 აპრილი
დეპორტივო (შინ) 28 აპრილი
ბარსელონა (სტ) 5 მაისი
სელტა (შინ) 12 მაისი
მალიორკა (სტ) 19 მაისი
სარაგოსა (შინ) 29 მაისი
ლევანტე (სტ) 1 ივნისი

დასკვნა:
სხვათა შორის, სამივე გუნდს მძიმე გრაფიკი აქვს. თუმცა ჩვენი აზრით, "ბეტისის" ორი საგარეო შეხვედრა "რეალთან" და "ბარსელონასთან" საკმაო საფუძველს გვიტოვებს სევილიური კლუბი ლიგის საგზურისთვის ბრძოლას "გამოვრიცხოთ". ბასკურ კლუბს კი ვალენსიურთან 2-ქულიანი უპირატესობის გარდა ურთიერთშეხვედრაა, რომელიც "ანოეტაზე" უნდა გაიმართოს.

მოკლედ, ერნესტო ვალვერდეს ბიჭებმა სან სებასტიანში უნდა ივაჟკაცონ, სხვანაირად 10-წლიანი პაუზის შემდეგ "ჩური ურდინს" (თეთრ-ლურჯები ბასკურად) პირველად ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე.

ევროპალიგისათვის
სამეფო თასის ფინალში ორი მადრიდული კლუბია გასული: "რეალი" და "ატლეტიკო". ძალიან დიდია ალბათობა, რომ ორივე ლიგის საგზურს მოიპოვებს. ასე რომ, ჩემპიონატის მერვეადგილოსანს (!) შესანიშნავი შანსი ეძლევა გაისად ევროთასები დააგემოვნოს.

ეს იმ შემთხვევაში, თუ "მალაგას" უეფა არ შეიწყალებს (და ალბათ არც შეიწყალებს) ან ანდალუსიური კლუბი თავისით დაეშვება მე-7 ადგილზე ქვემოთ (ესეც ნაკლებად გვგონია).

მოკლედ, "დღევანდელი მდგომარეობით, 44-ქულიანი "ხეტაფე" ევროზონაშია!

ანუ სამი საგზურიდან ერთ-ერთს თუ "ბეტისს" ვუწინასწარმეტყველებთ, მეორეს კი "ვალენსიასა" და "რეალ სოსიედადის" დუელში წაგებულს, რჩება მესამე ვაკანტური პოზიცია, რომლისთვისაც ბრძოლა "ხეტაფეს", "რაიო ვალეკანოს", "სევილიას", "ლევანტეს" და "ესპანიოლს" შეუძლიათ.

დიახ, ხავიერ აგირეს მისვლამდე გასავარდნად განწირული ბარსელონური კლუბი შეიძლება ევროპალიგაზე მოხვდეს, "ესპანიოლი" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება "ხეტაფეს".

დასკვნა:
ჩვენი აზრით, სამეული შეიძლება ასეთი იყოს: "ვალენსია", "ბეტისი" და "სევილია".

ბრძოლა მზის ქვეშ ადგილისთვის
ლა ლიგაში ყოველთვის ცხოველი ბრძოლაა გამართული ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის, რადგან უკეთესი ეკონომიკური სიტუაციის ქვეყნებიდან განსხვავებით, ესპანეთში უმაღლესი ეშელონიდან გავარნა ნამდვილი ტრაგედიაა. შეიძლება კლუბმა ისეთი დარტყმა მიიღოს, რომ ვერასოდეს ვეღარ დადგეს ფეხზე.

ლა ლიგიდან სამი ვარდება, თუმცა კანდიდატი 6 გვგონია (ალბათ, "ბილბაო", რომელსაც ჯერ თავი ქუდში არა აქვს, გასავარდნ კანდიდატთა შორის მისათვლელი მაინც არ არის).

დღევანდელი მდგომარეობით, ლა ლიგას ტოვებს ორი გალისიური კლუბი, რომლებიც შარშან დაბრუნდნენ. ასე რომ, ლა ლიგის მოყვარულები გალისიურ დერბის ვკარგავთ და ვარდება "მალიორკა".

გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით უსწრებს მანოლო ხიმენესის "სარაგოსა", ორი ქულით "გრანადა", შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს "ოსასუნას" (+5 ქულა). ექვსივე გუნდის კალენდარს ვერ შემოგთავაზებთ, დიდ ფართს წაიღებს.

აქედან, "გრანადა", "სარაგოსა" და "სელტა" ძალიან ცუდ ფორმაში არიან, არც სხვები ბრწყინავენ, თუ არ ჩავთვლით, "დეპორტივოს", რომელმაც ზედიზედ ბოლო სამი მატჩი მოიგო.

დასკვნა:
მიუხედავად იმისა, რომ "დეპორტივოს" საკმაოდ მძიმე კალენდარი აქვს, მაინც გვგონია, რომ გალისიური კლუბი თავს დაიძვრენს. აი, "სელტას" შემთხვევაში კი ცუდი პროგნოზი გვაქვს. "გრანადას", "სარაგოსას" და "მალიორკას" ტრიოდან კი ერთს მოუწევს ბედნიერი ბილეთისთვის ბრძოლა, ორი კი "სელტას" ბედს გაიზიარებს.

ლა ლიგა. XXXI ტური
ბეტისი-სევილია 3:3

13 აპრილი
ვალიადოლიდი-ხეტაფე 18:00
დისკვალიფიკაცია: სერენო (ვალ)
ტრავმა: პერესი (?) - მოია, კოლუნგა, ლოპესი, მანე (?), პედრო ლეონი, ტორესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=2-4, (5-5)

ლევანტე-დეპორტივო 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაურე, პაბლო (?), რიკი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=1-6, (11-10)

ესპანიოლი-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლონგო - რუისი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15=7-15, (51-54)

მალაგა-ოსასუნა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაპტიშტა (?), ტულალანი, გამესი (?), მორალესი - სისი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +10=9-4, (38-24)

14 აპრილი
ვალეკანო-სოსიედადი 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტამუდო, როდრი - ილარამენდი (?), პარდო (?), პრიეტო (?), ზურუტუზა, ველა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +9=5-8, (35-35)

ატლეტიკო-გრანადა 19:00
დისკვალიფიკაცია: სუარესი - სიკეირა
ტრავმა: თურანი (?), ტიაგო (?) - ფ. რიკო, იებდა, ბენიტესი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (3-0)

სარაგოსა-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაცია: აბრაამი (სარ)
ტრავმა: სუკულინი, ალამო, აპონიო (?), ობრადოვიჩი - მასკერანო, მესი (?), პუიოლი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +8=4-27, (48-97)

ბილბაო-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: ადურისი, დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი (ბილ)
ტრავმა: გალარეტა, პერესი, ამორებიეტა (?) (ბილ)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +10=5-26, (40-96)

15 აპრილი
მალიორკა-სელტა 23:00
დისკვალიფიკაცია: ასპასი (სელ)
ტრავმა: ჟ. ვიქტორი, ალვარო, ლოპესი - ტუნიესი, ლიორკა, მალიო, ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7=3-9, (25-28)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 43 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 17 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული