ლა ლიგა. XXXII ტურის შეჯამება: იოზილშოუ ესპანეთში

AutoSharing Option
მომდევნო ტურში ბევრი რამ შეიძლება გაირკვეს. შესაძლოა, 82-ე ჩემპიონატის გამარჯვებულის სახელი ოფიციალურადაც შევიტყოთ; მადრიდულ დერბიში მე-2 ადგილის ბედი წყდება, ხოლო სან სებასტიანში ჩემპიონთა ლიგის მე-4, ვაკანტური საგზურის მფლობელის ვინაობა - "რეალ სოსიედადი" 2 ქულით უსწრებს "ვალენსიას" და მშობლიურ ანოეტაზე მასპინძლობს. მანამდე კი თქვენს წინაშეა ლა ლიგის 32-ე ტურის შეჯამება...

მთავარი
"ბარსელონამ" კვლავ ლეო მესის გარეშე ითამაშა და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ის კვლავ სესკ ფაბრეგასმა იხსნა. ახლა "ბარსას" სანუკვარ მიზნამდე 6 ქულაღა აშორებს ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე. თუკი
"რეალი" "ვისენტე კალდერონზე" დამარცხდება, ხოლო "ბარსელონა" "სან მამესზე" მოიგებს, კატალონიელები სულაც მომდევნო ტურში გახდებიან ესპანეთის ჩემპიონები.

დავანებოთ თავი "ბარსელონას" - "ბეტისთან" შეხვედრაში მესუთ იოზილმა "დახატა". გერმანელმა ძალიან მაგრად ითამაშა და "რეალის" მოგებაში ლომის წილი დაიდო. ამ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდოს გოლთა სერია შეწყდა, თუმცა პორტუგალიელს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია.

"ღამურებმა" პირველ წრეში მალაგაში სასტიკად წააგეს (0:4) და შურისძიება სწყუროდათ. შედეგი სახეზეა - 5:1 "ვალენსიას" სასარგებლოდ. მასპინძლებმა 4 გოლი 6 წუთის განმავლობაში გაიტანეს! რაც ყველაზე მთავარია, ამ მოგებით მათთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა რეალური გახდა.

მესი vs რონი
14:12

ვინ გავარდება
ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა - მე-15 "ოსასუნადან" ბოლო "სარაგოსამდე" სულ 5 ქულაა და არც მე-14 ადგილზე მყოფი "ბილბაოა" (36 ქულა) მთლად უსაფრთხოდ. ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ორშაბათს "სელტამ". მსაჯის მიერ დამატებულ დროში მარიო ბერმეხომ გალისიელებს მოაგებინა (2:1 "სარაგოსასთან") და გადარჩენის იმედიც გაჩნდა.

ცოტაც გვაცალეთ, კრედიტორებო...
ლა კორუნიის დეპორტივო ორ ფრონტზე იბრძვის: პირველი ზედა აბზაცში ვახსენეთ, მეორე კი ფინანსური ფრონტია - სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ამჟამად თითქმის გაკოტრებული კლუბი კრედიტორებთან მართავს შეხვედრებს, რათა ვალის გადახდის თარიღები გაიწეროს.

შესათანხმებელია თავად ვალის ოდენობაც კრედიტორებთან. ისინი 156 მილიონ ევროს ამბობენ, კლუბის ბორდი კი 93 მილიონს. ამასთან, "დეპორი" სეზონის ბოლომდე ვალდებულია, 1,5 მილიონი ევრო გაისტუმროს, კლუბის ხაზინაში კი ამხელა ფული არ არის. გალისიელები ითხოვენ, გვაცალეთ და ამ თანხას ტვ-ის შემოსავლებიდან გადავიხდითო. დათმობის იქით კრედიტორებსაც არ დარჩათ სხვა გზა - თუ ვერ გადაიხდის, "დეპორტივო" საბოლოოდ გაკოტრდება და ისინი ევროსაც ვეღარ მიიღებენ... ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.

ძნელია, ორ ფრონტზე ბრძოლა - ორივეგან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება...

იცით თუ არა, რომ...
* "ატლეტიკოსთან" მარცხით "სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
* 14-თვიანი პაუზის შემდეგ ერიკ აბიდალმა პირველად ითამაშა სრული მატჩი.
* დავიდ ვილიამ პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარე კეილორ ნავასმა იყოჩაღა. ეს "ბარსას" პირველი ვერგამოყენებული პენალტია სეზონში.
* ფერნანდო ლორენტემ სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონატში.

ტურის ფრაზები
პაკო ხემესი: "სირცხვილია, როცა ამხელა უპირატესობას ვერ იყენებ", - "რაიო ვალეკანოს" თავკაცი "მალიორკასთან" ფრის შემდეგ.

ლუკას ალკარასი: "ეს იყო მატჩი-მონოლოგი, სტუმართა მეკარემ სისხლი გაგვიშრო", - "გრანადას" მწვრთნელი "ვალიადოლიდთან" მატჩის შემდეგ.

პეპე მელი: "მადრიდელებს მესუთ იოზილის სახით ნამდვილი მარგალიტი ჰყავთ", - "ბეტისის" მწვრთნელი "რეალის" გერმანელი ლეგიონერის თამაშით აღფრთოვანებულია.

ერნესტო ვალვერდე: "ჩვენი მიზანი იყო მოგება და არა მეტოქის განადგურება", - თითქოს უბოდიშებსო მეტოქეს "ვალენსიას" თავკაცი.

უნაი ემერი: "ატლეტიკომ" მოიგო დაუმსახურებლად და მსაჯის დახმარებით", - "სევილიას" თავკაცი.

მანოლო ხიმენესი: "ეს გემი ჩაძირულია", - "სარაგოსას" თავკაცმა ხელი ჩაიქნია?

აბელ რესინო: "ეს მოგება გადარჩენისთვის ბრძოლაში ფრთებს შეგვასხამს", - "სელტას" თავკაცი.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
ლეო კარილიო (რაიო ვალეკანო)
მარსელო (რეალი)
სერხიო კანალესი (ვალენსია)

ტრავმები სხვებმაც მიიღეს, მაგრამ უფრო უმნიშვნელო. მარსელო ამის გამო "დორტმუნდთან" მატჩს გამოტოვებს. ლეო კარილიო ბაპტიშტაომ მეორე სეზონში მესამედ გაიტეხა ლავიწის ძვალი! ტრავმებისგან დატანჯული სერხიო კანალესი ძველებურად ათამაშდა და... ისევ ტრავმა. ამჯერად ვალენსიელი ორ კვირას გამოტოვებს.

ტურის საუკეთესო გოლი

ევერ ბანეგა (ვალენსია) "მალაგას" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ქარიმ ბენზემა (რეალი) საგოლე პასი მესუთ იოზილს.

ტურის სტატისტიკა

23 გოლი ტურში (2,3 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 66 ყვითელი, 3 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: მესუთ იოზილი (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).
პენალტი ვერ გაიტანა დავიდ ვილიამ (ბარსელონა) "ლევანტეს" კარში
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: საულ ნიგესი (ატლეტიკო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 75 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 27 - გრანადა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - ვალენსია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 27 - მალიორკა
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - ბარსელონა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 80% - ბარსელონა

ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით

Sportall.Ge

გასაგები მიზეზის გამო ერიკ აბიდალი პირველად არის სიმბოლურ ნაკრებში. "ვალიადოლიდის" გოლკიპერ ხაიმე ხიმენესსაც ახლა მიეცა თავის გამოჩენის შანსი და მან ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. აი, "მეფე ლომად" წოდებული ფერნანდო ლორენტე რომ პირველადაა რჩეულთა შორის, გასაკვირია. თუმცა 7-თვიანი უგოლო სერია ამის ახსნაა. მესუთ იოზილი მეექვსედ მოხვდა რჩეულთა შორის.
მე-12 ფეხბურთელი: სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

ტურის გმირი
მარიო ბერმეხო (სელტა)

"სელტას" 34 წლის ბერმუხა, რომელმაც 92-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა "სარაგოსას" კარში და გალისიურ კლუბს გადარჩენის იმედი ჩაუსახა. კაცმა რომ თქვას, სულაც არ ყოფილა რთულად შესასრულებელი დარტყმა, მაგრამ - როგორი მნიშვნელოვანი! ბერმეხო ამას წინათ, გალისიური დერბის პერიპეტიებისას ვახსენეთ, როცა მან კლუბის ახალგაზრდები, იაგო ასპასი და უგო მალიო (პირველი ასე საჭირო დროს სულელური გაძევებით დააკლდა გუნდს, მეორემ კი მეტოქე გუნდს შეურაცხყოფა მიაყენა) ბავშვური საქციელისთვის გაკიცხა, დროა, კაცებად იქცეთო.

ბომბარდირები
43 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
31- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
25 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
14 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
11 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
54 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
26 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

26 აპრილი:
რაიო ვალეკანო-ოსასუნა.

27 აპრილი:
ლევანტე-სელტა, ბილბაო-ბარსელონა, ატლეტიკო-რეალი, სარაგოსა-მალიორკა.

28 აპრილი:
ესპანიოლი-გრანადა, მალაგა-ხეტაფე, ვალიადოლიდი-სევილია, რეალ სოსიედადი-ვალენსია.

29 აპრილი:
ბეტისი-დეპორტივო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXII ტური: "ბარსელონა" ჩემპიონი - უკვე შემდეგ ტურში? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული