ჩავი: მესიზე, მუნდიალზე, რონალდოსა და მოურინიოზე

AutoSharing Option
ფრაგმანეტი "ბარსელონას" პლეიმეიქერ ჩავის ინტერვიუდან, რომელიც ფიფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, გუშინვე შემოგთავაზეთ, სადაც ის თანაგუნდელ ლეო მესის დიეგო მარადონაზე წინ აყენებს. თუმცა ჩავთვალეთ, რომ ინტერვიუ საკმაოდ საინტერესოა და დღეს მას სრულად გთავაზობთ.

ეჭვსგარეშეა, რომ ჩავი ერნანდესის ინტელექტუალური თამაშის დიდი დამსახურებაა ბოლო დროს "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მიღწევები. როცა ჩავიმ 2010 წლის მუნდიალზე, სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს თასი აღმართა, ერთი დიდი ციკლი დაასრულა, რომელიც მან 1999 წელს დაიწყო. მაშინ ჩავი ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში ნიგერიაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 2010 წელს მან "ბარსელონასთან"
ერთად ლა ლიგა მოიგო, ამიტომ საკვირველი სულაც არაა, რომ ჩავი "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. "ოქროს" ბურთის მფლობელს ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" 10 იანვარს ციურიხში დაასახელებენ.

- წარმოგიდგენიათ თუ არა თქვენი თავი "ოქროს ბურთით" ხელში?
- გავიმეორებ იმას, რასაც ბოლო დროს ყოველ შემხვედრს ვეუბნები: მინდა, რომ ჯილდო ესპანელმა ფეხბურთელმა მოიგოს. თუ არადა მაშინ - ჩემმა თანაგუნდელმა ლეო მესიმ. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და "ოქროს ბურთს" კიდევ ბევრჯერ მოიპოვებს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის წლებში ამ ტიტულის მოპოვებისთვის საჭიროა გუნდმა მუნდიალზე გაიბრწყინოს. მე და ანდრეს ინიესტამ მოვიგეთ მუნდიალი, მესის "ალბისელესტემ" კი იმ შედეგს ვერ მიაღწია, რასაც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ.

- რამდენად კარგი ფეხბურთელია მესი?
- მესის დარი ფეხბურთელი ყოველ 50 წელიწადში ერთხელ თუ იბადება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სხვებს "ოქროს ბურთის" მოგების შანსი გვაქვს, მუნდიალია. ეს რომ არა, პრიზს მესი უპრობლემოდ მოიპოვებდა. ჩემი აზრით, ლეო დღეს დიეგო მარადონაზე უკეთესიცაა. უახლოეს წლებში მისგან კიდევ მეტს უნდა ველოდოთ. ახლა პლანეტაზე მსგავსი ფეხბურთელიც კი არაა. მე ლეოს იმ ხნიდან ვიცნობ, როცა ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ვაკვირდებოდი მის პროგრესს. მას ყველაფერი აქვს დიდი წარმატებისთვის.

- რას იტყვით ანდრეს ინიესტაზე?
- ის ცოტა სხვანაირი ფეხბურთელია - ანდრესი ფენომენია. შარშან ტრავმების გამო გაწვალდა, მაგრამ წლეულს დიდებულად თამაშობს. ვის დაავიწყდება, რომ სწორედ ანდრესის ოქროს დარტყმამ მოუტანა ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა. მე ძალიან მსიამოვნებს ანდრესთან ერთად თამაში, რადგან ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

- საკუთარ თავზე რას იტყვით?
- ბოლოს ტრავმების გამო დასვენება მომიწია, რადგან აქილევსის მყესი მართლა ძალიან მაწუხებდა. დასვენებამ მარგო - ასე ვთქვათ, ბატარეები გადავტვირთე და ახლა ისევ მწყობრში ვარ.

- ბოლომდე გაიაზრეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ხართ?
-  რა თქმა უნდა. ესპანეთის ნაკრებს ასეთი დონის ტიტული ჯერ არასოდეს მოუპოვებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვიყავით ევრო 2008-ის გამარჯვებულები. განსაკუთრებით მეამაყება, რომ გუნდმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა მუნდიალზე და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლაც არ მავიწყდება იოზეფ ბლატერის სიტყვები, რომელმაც თქვა - როგორც იქნა, ჩემპიონატი კარგად მოთამაშე ნაკრებმა მოიგოო. საბედნიეროდ, ფეხბურთში ნიჭი ჯერ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ძალა. ჩვენს ნაკრებს და "ბარსელონას" მართლაც ნიჭიერი თაობა მოუვიდა.

- სხვა კარგი რა დაინახეთ მუნდიალზე?
- ყველაზე პოზიტიური გერმანიის ნაკრების თამაში იყო. მე ძალიან მომწონდა მათი შემტევი ფეხბურთი. ვფიქრობ, ფინალზე არანაკლები ჯაფა ნახევარფინალში გადავიტანეთ, როცა გერმანიის ნაკრები დავამარცხეთ. ყველამ გაგვაკვირვა - მიულერმა, იოზილმა, ხედირამ... გამოცდილმა კლოზემ და პოდოლსკიმ. ჩვენი არ იყოს, მათი ნაკრებიც ერთი კლუბის ბაზაზე შეიქმნა - ჩვენს შემთხვევაში ეს "ბარსელონაა", გერმანიის ნაკრებში - მიუნხენის "ბაიერნი".

- შეძლებენ თუ არა იოზილი და ხედირა "რეალშიც" ასეთი წარმატებულები იყვნენ?
- ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, "რეალმა" საინტერესო შენაძენი გააკეთა.

- არგენტინის ნაკრებმა გული გაგიცრუათ?
- დიახ და არა. ძალიან კარგი გუნდი იყო, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ ტაქტიკურად სუსტი. გერმანიის ნაკრებმა მათ კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. საბრალო სანახავი იყო ხავიერ მასკერანო, რომელიც ცდილობდა ერთბაშად 3-4 მეტოქეს გამკლავებოდა. დიეგო მარადონა გენიოსია, მაგრამ ამ გუნდს რაღაც უფრო მეტი სჭირდებოდა. არგენტინამ ჩვენთან ამხანაგურ მატჩში კარგად დაანახა მსოფლიოს, რა შეუძლია.

- რას იტყვით ბრაზილიის ნაკრებზე?
- ეს გუნდი ფინალში უნდა გასულიყო. ბევრჯერ ველაპარაკე დანი ალვეშს და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰოლანდიასთან მარცხი სხვადასხვა გარემოების ერთობლიობამ მოიტანა და არა ევროპელთა უკეთესმა თამაშმა. დანი ალვეში, მაგალითად, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა, მაიკონსაც კი სჯობს.

- თქვენ ძალიან ბევრი კარგი ბრაზილიელი ფეხბურთელის გვერდით გითამაშიათ, ვინ იყო მათ შორის საუკეთესო?
- მე რივალდოს დავასახელებდი, რომელმაც იმის ნახევარი აღიარებაც ვერ მიიღო, რასაც იმსახურებდა. მხვდა ბედნიერება ორი გენიალური ფეხბურთელის, რონალდინიოს და დეკუს გვერდით მეთამაშა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა რომარიოს თამაშით ვიყავი აღფრთოვანებული, რა თქმა უნდა, არც რონალდოს დავიწყება შეიძლება.

- ჰოლანდიის ნაკრებზე რას იტყვით, როგორც ჩანს, მათ სხვებზე ნაკლებად აფასებთ...
- არა, ჰოლანდიის ნაკრებს დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ახლაც ვერ ამიხსნია, რატომ გადაწყვიტეს ფინალში ასე უხეშად თამაში. როცა მათ შეეძლოთ ისევე დიდებულად ეთამაშათ, როგორც ბრაზილიასთან ფანტასტიკურ მატჩში.

- მოდით, თქვენს მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე ვისაუბროთ. მისცემდით მას წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზს?
- აუცილებლად. ზოგიერთი მწვრთნელი წარმატებულია, მაგრამ თავის მერე არანაირ კვალს ტოვებს. გვარდიოლა განსხვავებულია. მე მას არიგო საკის და იოჰან კრუიფს შევადარებდი, სპეციალისტებს, რომელთაც გარკვეულწილად შეცვალეს ფეხბურთი. ამ დიდებულ სიას სერ ალექს ფერგიუსონსაც დავამატებდი.

- თქვენ ჟოზე მოურინიო არ ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა მის პერსონასთან დაკავშირებით?
- ასეთია ჟოზე და ჩვენ, დანარჩენებმა ეს ფაქტად უნდა მივიღოთ. ორი განსხვავებული მოურინიოა - ადამიანი და მწვრთნელი. მოურინიოს რთულ სიტუაციაში ყოფნა და იქიდან გამარჯვებული გამოსვლა უყვარს. ჩვენ თუ მოგება კარგი ფეხბურთით გვსურს, მოურინიო ასეთი არაა, მისთვის მთავარია გამარჯვება, სულ ერთია, როგორი! ხანდახან ჩვენ, "ბარსელონას" ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია გვჭირდება კარგად სათამაშოდ. მოურინიოს ფაქტორი დიდებული გამღიზიანებელია. ის, რომ "რეალმა" სპეციალურად გამოისყიდა მოურინიო, რომ ჟოზე ჩვენს გუნდში ნამუშევარია, გვიცნობს კარგად და ყველას დამარცხება სურს, კარგად შეიძლება გამოვიყენოთ.

- ისევ თქვენს პერსონას დავუბრუნდეთ, მოიგეთ ყველაფერი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე...
- მოდით, ასე ვიტყვი: ჩავი ერნანდესი დამოკიდებულია თანაგუნდელებზე. ჩემი თამაში, პასები აზრს კარგავს გუნდის გარეშე. ხანდახან მიფიქრია, როგორ ვითამაშებდი, ვთქვათ, მადრიდში - მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ იქ ჩემს შესაძლებლობებს ვერ გამოვავლენდი. ისინი უფრო შუიდან უტევენ, მე კი ისეთი თანაგუნდელები მჭირდება, რომლებიც ფლანგებზე კარგად იხსნებიან, არ ჩერდებიან და ცენტრში სივრცეს მითავისუფლებენ.

- მაგრამ, არა მგონია, უარყოთ, რომ კრიშტიანო რონალდო ძალიან ბევრ გოლს გაიტანდა თქვენი პასებით...
- კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია. ამას მაშინვე მიხვდებით, თუკი ერთხელ მაინც გადაეყრებით მოედანზე. სისწრაფე, ძალა, დარტყმა... არსენალში ყველაფერი აქვს. დღეისათვის, რონალდო და მესი სულ სხვა პლანეტაზე არიან, ჩვენ, დანარჩენები - სხვაზე. რონალდო სხვებს ერთი თავით გვჯობს, ლეო კი პორტუგალიელზე წინ არის, ის საუკეთესოა...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული