ლა ლიგა. XXXVI ტურის წინ: დარჩენილი კითხვები და სავარაუდო პასუხები

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტური ნაკლულია - თასის ფინალის გამო ორი შეხვედრა ადრე გაიმართა.

კონკრეტულად ამ ტურის პერიპეტიებზე უფრო მნიშვნელოვანი კი ის მთავარი კითხვებია, რომლებზეც ბოლო სამმა ტურმა უნდა უპასუხოს, ჩვენც მათ განვიხილავთ...

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
სამი საგზურის მფლობელი კარგა ხანია გაირკვა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ: "ბარსელონა", "რეალი" და "ატლეტიკო". "ატლეტიკო" 3-წლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება ყველაზე მაგარ საკლუბო ტურნირს. აი, მეოთხე ვაკანსია ჯერ არ შევსებულა - საგზურისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა, ორი კლუბი იბრძვის: "რეალ
სოსიედადი" და "ვალენსია".

მართალია, თეორიული შანსი "მალაგასაც" შერჩა და "ბეტისსაც", მაგრამ პირველი უეფას მიერ დისკვალიფიცირებულია, სევილიური კლუბი კი მეოთხეადგილოსნებს 7-7 ქულით ჩამორჩება, დარჩენილ სამ ტურში კი ეს უზარმაზარი ჩამორჩენაა. ასე რომ, "ბეტისის" შანსებს რეალურად არ განვიხილავთ.

დარჩენილი მატჩები
18 მაისი
ხეტაფე-ვალენსია
სევილია-რეალ სოსიედადი

29 მაისი
ვალენსია-გრანადა
რეალ სოსიედადი-რეალი

1 ივნისი
სევილია-ვალენსია
დეპორტივო-რეალ სოსიედადი

ორივე გუნდს 59-59 ქულა აქვს და თუ ჩემპიონატიც თანაბარი ქულებით დაასრულეს, ლიგის საგზურს ბასკური კლუბი დაეუფლება, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლის გამო. "ვალენსიამ" სან სებასტიანელებთან დაპირისპირება პირწმინდად წააგო: 1 დეკემბერს შინ, "მესტალიაზე" 2:5 დათმო, ხოლო 28 აპრილს სან სებასტიანში 2:4 წააგო. აღსანიშნავია, რომ 9 გოლიდან 3 ლევანტელთა კარში იმანოლ აგირეჩემ გაიტანა, ვალენსიელი რობერტო სოლდადოს ანგარიშზეც სამი გოლია (4-დან). ასე რომ, თუ გუნდებმა თანაბრად გაიარეს ეს მოკლე დისტანცია, საგზურს "რეალ სოსიედადი" მიიღებს.

ორივეს 2 მატჩი სტუმრად და 1 შინ დარჩა, თან "სევილიას" ორივე სტუმრობს. "ვალენსია" სტუმრად "ხეტაფეს" ხვდება, რომელიც ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო "რეალ სოსიედადი" - დარჩენისთვის მებრძოლ "დეპორტივოს". შინ კი "ვალენსია" აუტსაიდერ "გრანადას" მასპინძლობს, ხოლო "რეალ სოსიედადი" გრანდ "რეალს" (მაგრამ უმოტივაციოს). ვფიქრობთ, ლიგის მე-4 საგზურისთვის ბრძოლაში ჯერ არაფერი გარკვეულა. არადა, სულ რაღაც ორი ტურის წინ ბასკებს უპირატესი მდგომარეობა ჰქონდათ, მაგრამ გაანიავეს. ბოლო 5 მატჩში "ვალენსიამ" 10 ქულა მოიპოვა, ხოლო "რეალ სოსიედადმა" - 8.

ჩვენი პროგნოზი:
60% - "ვალენსია"
40% - "რეალ სოსიედადი"

ევროპალიგის საგზურებისთვის
ესპანეთის თასის ფინალში "რეალი" და "ატლეტიკო" ითამაშებენ. კლუბები, რომელთაც უკვე განაღდებული აქვთ ჩემპიონთა ლიგის საგზურები. ასე რომ, თასზე გასათამაშებელი საგზური ემატება ჩემპიონატს. ვინაიდან, "მალაგა" (ჯერჯერობით) მოკვეთილია ევროასპარეზიდან, ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს მერვეადგილოსანიც კი! ეს იმ შემთხვევაში, თუ "მალაგა" 8 ადგილზე მაღლა დაასრულებს ტურნირს (ალბათ, ასეც იქნება). დღეისათვის, ამ ზონაში შედიან: "ვალენსია", "ბეტისი" და "სევილია".

შევთანხმდეთ, რომ პირველ საგზურს ზედა ქვეთავში აღწერილი ბრძოლის დამარცხებული მოიპოვებს. რჩება ორი საგზური. აი, აქ კი დიდი კონკურენციაა.
ორი საგზურისთვის იბრძვიან: "ბეტისი", "სევილია", "ხეტაფე", "რაიო ვალეკანო", "ესპანიოლი", "ვალიადოლიდი", "ლევანტე" და "ბილბაო". "ბეტისი" მე-9 ადგილზე მყოფ "ხეტაფეს" 5 ქულით უსწრებს და მშვიდად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს.

რჩება ერთადერთი საგზური, რომლის მოპოვებაც 7 კლუბს შეუძლია. მათ შორის, ერთი ისეთიცაა, რომელსაც მათემატიკურად ლა ლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია. "სევილია" და "ხეტაფე" 47-47 ქულით და "რაიო ვალეკანო" 46 ქულით ამ ბრძოლის ფავორიტები არიან. დანარჩენებს კი შედარებით ნაკლები შანსები აქვთ.

ჩვენი პროგნოზი:
1. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დამარცხებული (სავარაუდოდ, "რეალ სოსიედადი").
2. "ბეტისი".
3. "სევილია" ან რომელიმე მადრიდული კლუბი (ვალეკანო, ხეტაფე).

ბრძოლა ლა ლიგაში დარჩენისთვის
ლა ლიგიდან 3 კლუბი ვარდება, გავარდნის საფრთხე კი 7-ს ემუქრება. აქედან, "ბილბაოსთვის" ეს საფრთხე იმდენად თეორიულია, რომ ბასკურ კლუბს გამოვრიცხავთ ამ სიიდან, რჩება მხოლოდ 6.

"ოსასუნა" და "გრანადა" 36-36 ქულით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე სხვები. "სარაგოსას" 34 ქულა აქვს და გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოსაა. თავად ზონაში იმყოფებიან: "დეპორტივო" (32 ქულა), "სელტა" (31) და "მალიორკა" (29). ამასთან, "სელტას" მდგომარეობას ამძიმებს ერთით მეტი ჩატარებული თამაში.
ამ სიტუაციაში ვერ ავცდებით კალენდარის განხილვას:

დარჩენილი მატჩები

18-19 მაისი
გრანადა-ოსასუნა
დეპორტივო-ესპანიოლი
სარაგოსა-ბილბაო
მალიორკა-ბეტისი
(ამ ტურში "სელტას" ნათამაშები აქვს)

26 მაისი
ვალენსია-გრანადა
ოსასუნა-სევილია
მალაგა-დეპორტივო
ვალიადოლიდი-სელტა
ატლეტიკო-მალიორკა
ბეტისი-სარაგოსა

1 ივნისი
გრანადა-ხეტაფე
რეალი-ოსასუნა
დეპორტივო-რეალ სოსიედადი
სელტა-ესპანიოლი
მალიორკა-ვალიადოლიდი
სარაგოსა-ატლეტიკო

"სელტას" ძალიან ცუდად აქვს საქმე: დარჩენილ ორ მატჩში მაქსიმუმის მიღწევის შემთხვევაშიც 37 ქულა უგროვდება, რომელიც შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. გალისიელები ჯერ "ვალიადოლიდს" ესტუმრებიან და შემდეგ "ესპანიოლს" მასპინძლობენ. "მალიორკას" მაქსიმუმი 38 ქულაა, თუმცა ბალეარელთა სათამაშო ფორმა და კალენდარი არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს გუნდი მაქსიმუმის აღებას შეძლებს.

გასავარდნ ზონაში მყოფთანაგან უკეთესი შანსი "დეპორტივოს" აქვს (მაქსიმუმი 41 ქულა). გალისიელები უკეთეს ფორმაში არიან, თუმცა კალენდარი იოლი არ აქვთ. უფრო რთული გრაფიკი აქვს "სარაგოსას", რაც "დეპორტივოს" შანსია. ამ ტურში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ანდალუსიაში, "გრანადასა" და "ოსასუნას" შორის გამარჯვებული დიდი ალბათობით თავს საფრთხისგან დაიხსნის, წაგებული კი განსაცდელში ჩაიგდებს თავს.

ჩვენი პროგნოზი
გავარდებიან: 1. "მალიორკა", 2. "სელტა", 3. "სარაგოსა".

P.S. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ევროტურნირების ლიცენზია არ მისცა "ესპანიოლსა" და "რაიო ვალეკანოს", მაგრამ ამ გუნდებს შეუძლიათ გაასაჩივრონ გადაწყვეტილება. ამასთან, ფედერაციამ "მალაგას" ასეთი ლიცენზია მისცა, იმ შემთხვევისთვის თუ უეფა შეიწყალებს ანდალუსიურ კლუბს.

ლა ლიგა. XXXVI ტური

18 მაისი
ხეტაფე-ვალენსია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ესკუდერო, ტორესი - კანალესი, კოსტა, ბარაგანი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +6=3-11, (28-39)

გრანადა-ოსასუნა 22:00
დისკვალიფიკაცია: პუნიალი (ოსა)
ტრავმა: იებდა, სიკეირა (?), ბენიტესი, ფ. რიკო - ფლანიო, ანანი, სისი, ლოლო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (4-4)

სევილია-სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: გონსალესი (სოს)
ტრავმა: რეიესი, ტროხოვსკი, ფასიო (?) - ილარამენდი (?), ელუსტონდო
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=7-11, (29-33)

19 მაისი
ლევანტე-ვალეკანო 14:00
დისკვალიფიკაცია: დიოპი, ლოპესი (ლევ)
ტრავმა: ხუანფრანი, ბარკერო - ტიტო, როდრი, კასადო, ლეო კარილიო
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +6=2-3, (14-14)

დეპორტივო-ესპანიოლი 19:00
დისკვალიფიკაცია: სანჩესი, კაპდევილა, ფორლინი (ესპ)
ტრავმა: სალომაო, მარჩენა - ლონგო, მატიონი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +15=9-15, (44-41)

სარაგოსა-ბილბაო 21:00
დისკვალიფიკაცია: ლოოვენსი - ირაოლა
ტრავმა: ალამო, ობრადოვიჩი, ორიოლი, სუკულინი - გალარეტა, ლაპორტი, პერესი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +10=11-14, (39-48)

ბარსელონა-ვალიადოლიდი 23:00
დისკვალიფიკაცია: რუკავინა (ვალ)
ტრავმა: პუიოლი, მესი (ბარ)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +21=5-3, (72-22)

20 მაისი
მალიორკა-ბეტისი 00:00
დისკვალიფიკაცია: ნავარო, ფონტასი (მალ)
ტრავმა: ბიგასი, ალვარო, ჟ. ვიქტორი, ლოპესი - მოლინა (?), მარიო (?), კასტო, პერკისი, იგიებორი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +12=5-10, (32-30)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 34 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 20 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული