ჩავი: ბარსა რეალთან ფავორიტია!

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავიმ ჟურნალისტებთან ბოლო დროს გავრცელებული ხმები უარყო, რომელთა თანახმად ის ქვეყნის ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულებას აპირებს. კატალონიელს ჟურნალისტმა ტრავმასა და მოახლოებულ კლასიკოზეც ჰკითხა.

- ნაკრებს მართლა ემშვიდობებით?
- არ დაიჯეროთ, ეს სიცრუეა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მივრცელებს ასეთ ხმებს.

- ორი კვირის შემდეგ პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩია...
- ლისაბონში თამაში ძალიან მინდა. ვნახოთ, როგორ წარიმართება ტრავმის შემდგომი აღდგენითი პროცესი. ახლა ჩემთვის, რაც უფრო მეტ მატჩს ჩავატარებ, უკეთესია.

- თქვენი სიტყვები ეწინააღმდეგება "კოპენჰაგენთან" თამაშის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას,
რომლის თანახმად მყესის ტკივილმა ისევ შეგაწუხათ.
- სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე, რაც დიდწილად გაზონის მდგომარეობის ბრალია. სირბილი მიჭირდა და უსიამოვნო შეგრძნებები ამის გამო მქონდა. ფეხის ტკივილი თავს სულ უფრო ნაკლებად მახსენებს და ვფიქრობ, ჯობს არ გავჩერდე და ყველა მატჩში ვითამაშო, რომელშიც კი შესაძლებლობა მომეცემა.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან უძნელდება.
- მე კი ვფიქრობ, რომ ძალზე მაღალი დონის ფეხბურთს ინტენსიური გრაფიკით ვაჩვენებთ. თუკი თამაშს ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სეზონი გამოგვივა.

- მოურინიოზე რას ფიქრობთ?
- მას დიდი ხანია ვიცნობ.

- ვიცით და მაგიტომაც გეკითხებით - რას იტყვით მის ხასიათსა და პროვოკაციულ გამონათქვამებზე?
- მოურინიოს ასეთი მანერა აქვს და ვალდებული ვართ, ყველამ პატივი ვცეთ მას. მოურინიოს ხელში "რეალს" ყველა შესაძლებელი ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ვფიქრობ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარისთვის გასახარია, რომ "სამეფო კლუბში" ყველაფერი რიგზეა.

- ისევ თქვენს ტრავმას მივუბრუნდეთ. ამბობდნენ, რომ საქმე ოპერაციამდე მივიდოდა.
- რას ამბობთ, რა ოპერაცია - მე ხომ მხოლოდ ტენდინიტი მაქვს?! ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა ვარ, ამდენ ჭორს რომ მიგონებენ.

- "ხეტაფეს" წინააღმდეგ ითამაშებთ?
- გუნდთან ერთად მოვემზადები და თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ მინდორზე გასვლა შემეძლება, სიამოვნებით ვითამაშებ.

- არ ფიქრობთ, რომ გვარდიოლას იმიჯი ნელნელა უარესდება?
- ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ გვარდიოლა როგორც გუნდისთვის, ისე მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის, სამაგალითოა. ის, რაც სამშაბათის მატჩის შემდეგ მოხდა, სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელია.

- კლასიკოზე უკვე ფიქრობთ?
- დიახ, სამი კვირაღა დარჩა.

- და რას ფიქრობთ?
- ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ფავორიტია!


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული