როცა საქმეში მსაჯი ერევა

AutoSharing Option
ნამატჩევსაც ძნელია გაარჩიო, შეძლებდა კი "ვალენსია" დადებითი შედეგის შენარჩუნებას, მასპინძლებს იტურალდე გონსალესი რომ არ წახმარებოდათ და მოედნიდან თურქი მეჰმეთ თოფალი არ გაეგდო. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვებული "სევილიას" თავკაცი გრეგორიო მანსანო ჯიუტად ამტკიცებს, სანამ მეტოქეს კაცს გაუგდებდნენ, უკეთ ვთამაშობდითო, ხოლო უნაი ემერი ქულების დაკარგვაში ცნობილი არბიტრის გარდა დამნაშავეს ვერ ხედავს. სხვათა შორის, "მარკამ" 10-ბალიანი სისტემით 3-იანი მიაკუთვნა იტურალდე გონსალესს.

შეფასებები ვახსენეთ და... Goal.com -ის აზრით, 2:0 მომგები "სევილიას" რიგებში საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება: მეკარე ხავი ვარასი, ლუიშ ფაბიანო და ალვარო ნეგრედო (7-7). ყველაზე
დიდი შეფასება კი მარტინ კასერესმა მიიღო - 8. "ღამურებში" საუკეთესო მანუელ ფერნანდეში იყო - 7,5 ქულა.

ახლა იმ ინციდენტზეც ვთქვათ, რომელმაც შეცვალა (თუ ვერ) მატჩის ბედიღბალი - 22-ე წუთზე კასერესი ცდილობდა შუახაზში განემუხტა სიტუაცია, როცა მასზე "გაშლილი ფეხით" წავიდა მეჰმეთ თოფალი. ჯარიმა, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ წითელი ბარათი ამ დარღვევისთვის მეტისმეტი სასჯელი გვგონია.

გრეგორიო მანსანო (სევილია): "პირველი ტაიმის პირველ ნახევარში დიდებულად ვითამაშეთ. როცა 11-10-ზე ვთამაშობდით, რაღაც არ გამოგვდიოდა. შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა ალვარო ნეგრედომ გაიტანა სტუმართა კარში. ამის შემდეგ ყველაფერი გაცილებით იოლად წარიმართა ჩვენთვის. შინ უკვე კარგად ვთამაშობთ, ლიდერთა ჯგუფს ვუახლოვდებით".
 უნაი ემერი (ვალენსია): "მატჩის ბედი წითელმა ბარათმა გადაწყვიტა. რეფერი შეცდა, რითაც დიდი უპირატესობა მისცა მასპინძელთა გუნდს. ბიჭებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს გამარჯვებისთვის. ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო. მეოთხე ადგილი კი დავკარგეთ, მაგრამ მალე ისევ დავიბრუნებთ".

სამ ქულაზე უარესი დარტყმა სტუმრებმა სესარ სანჩესის დაკარგვით მიიღეს. გოლკიპერი უეჭველი გამოტოვებს "კოპა დელ რეის" მატჩს "ლოგრონიესის" წინააღმდეგ. სესარმა ტერფის ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის მიწურულს ითხოვა შეცვლა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გამოტოვებს მეკარე, ტესტები დღეისთვისაა დანიშნული.

"სევილია" და "ვალენსია" 17-17 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული