მადრიდის "რეალის" სამეფო ტური 2013

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" თავი დაედგა - კარლო ანჩელოტი შეეცდება, "სამეფო კლუბს" სანუკვარი "დესიმა", ანუ ისტორიაში მე-10 ჩემპიონთა თასი მოუპოვოს.

ესპანურმა გრანდმა უკვე დაალაგა ყველა გეგმა, თუ როგორ და სად მოემზადება 2013/14 წლების სეზონისთვის, თუმცა, ბუნებრივია, გუნდი საბოლოოდ ჯერ არ დაკომპლექტებულა და ტრანსფერები აუცილებლად იქნება.

"ტური 2013" იწყება 21 ივლისს და საერთო ჯამში, 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს ევროპასა და ამერიკაში.

პირველად "სამეფო კლუბი" ინგლისში გაემგზავრება, სადაც 21 ივლისს "ბორნმუთს" შეხვდება. შემდეგი გაჩერება საფრანგეთია - 24 ივლისს "სტად ჟერლანზე" "რეალი" "ლიონს" ესტუმრება. ტურის
ევროპული ნაწილი კი შვედურ გეტებორგში დასრულდება, 27 ივლისს იქ ესპანელთა მეტოქე "პარი სენ ჟერმენი" იქნება - კარლო ანჩელოტი პირველად დაუპირისპირდება ყოფილ გუნდს.

ამის შემდეგ "სამეფო კლუბი" ამერიკაში გაფრინდება, სადაც 4 მატჩს გამართავს. აქედან სამი ახალი ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გაიმართება.

ზედიზედ მეოთხე წელია, "რეალი" ამერიკაში ლოს ანჯელესში, UCLA-ს კემპზე ემზადება.

1-ელ აგვისტოს, ახალი ტურნირის პირველ მატჩში "რეალი" "ლოს ანჯელეს გელექსის" შეხვდება. ეს, პრაქტიკულად, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა - ბოლო სამი წელია, "თეთრები" აუცილებლად ეთამაშებიან "გალაქტიკებს".

ორ დღეში, 3 აგვისტოს ლოს ანჯელესში "რეალი" ან "იუვენტუსს" შეხვდება, ან "ევერტონს". მესამე მატჩი ახალ ტურნირზე 6 ან 7 აგვისტოს გაიმართება მაიამიში (მეტოქის ვინაობა ტურნირის შედეგებზე იქნება დამოკიდებული). მადრიდელები ტურს 10 აგვისტოს დაასრულებენ სენტ ლუისში - მეტოქე მილანის "ინტერია". ეს შეხვედრა აღარ არის საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით.

ეს იქნება მე-15 შემთხვევა, როცა "სამეფო კლუბი" აშშ-ს ეწვევა. პირველი ვიზიტი ჯერ კიდევ 1927 წელს შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წვრილ-წვრილი ტრანსფერები და ოპერაციები ლა ლიგაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული