"მარკა" და სხვა ესპანური წყაროები სენსაციურ ამბავს იუწყებიან, რომლის თანახმადაც წლევანდელი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანი 2011 წლის დასაწყისიდან "სამეფო კლუბის" მაისურას მოირგებს. "რეალი" ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ჩამოდის, "ატლეტიკო" კი დაინტერესებულია გამოცდილი ფეხბურთელის ტრანსფერით ხელი მოითბოს. დიეგომ მართლაც დიდებულად ითამაშა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ დაიწყო ახალი სეზონი და მას ვეღარ იცნობთ - 12 თამაშია ფორლანს მეტოქეთა კარში ერთი გოლიც კი ვერ გაუტანია! მან თავი ვერც ბოლო მატჩში, მადრიდულ დერბიში გამოიჩინა.
"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას ფორლანის გაყიდვის ხარჯზე სურს სხვა სათამაშო
რგოლების რეორგანიზაცია, ახალი ფეხბურთელების მიწვევა. სხვათა შორის, ფორლანს კონტრაქტში ოფიციალურად უწერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის შეძენას რომელიმე სხვა გუნდი მოინდომებს, ამ გუნდმა "ატლეტიკოს" 36 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. თუმცა მედია ამტკიცებს, რომ "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო მზადაა ამ თანხის ნახევარსაც დაყაბულდეს, რადგან მას ეშინია, დროის გასვლასთან ერთად დიეგო ფორლანის რეალური საბაზრო ფასი დაიკლებს. ბოლო რამდენიმე კვირაა ფორლანს პრობლემები შეექმნა კიკე ფლორესთან ურთიერთობაში. ვერ ვიტყოდით, რომ მწვრთნელი 31 წლის ფეხბურთელს გადაეკიდა, მაგრამ მათ შორის მართლაც შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა.
"ოქროს ბუცის" ორგზის მფლობელის შეძენა სხვა კლუბებსაც სურთ. ინგლისში მისით "ტოტენჰემია" დაინტერესებული, ხოლო იტალიაში - "იუვენტუსი". "რეალის" ინტერესს კი ყველა ჟოზე მოურინიოს ფაქტორს უკავშირებს - როგორც ჩანს, "განსაკუთრებულმა" თავის სამომავლო სქემებში ფორლანის ადგილი აღმოაჩინა. პრინციპში, ჟოზეს არც დაუმალია, რომ ის "რეალში" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებითაა დაინტერესებულია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ პორტუგალიელ თავკაცს ფლორენტინო პერესმა ახალი ფორვარდის შეძენაზე უარი უთხრა და არსებული რესურსის გამოყენება ურჩია.