ესპანურ პრიმერამდე არცთუ ისე შორია

AutoSharing Option
ბოლო კვირაა, ესპანური გუნდები შვებულებიდან გამოვიდნენ და 83-ე ლა ლიგისთვის მზადება დაიწყეს.

გუნდებმა უკვე რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართეს. სწორედ მათზე შევჩერდებით მოკლედ. "რეალის" პირველ თამაშზე დღეს მხოლოდ სტატისტიკით შემოვიფარგლებით, "სამეფო კლუბზე" უფრო დაწვრილებით 23 ივლისს მოგიყვებით.

დაბრუნდება კი ჯარისკაცი სახლში?
"ვალენსიამ" თავისი მესამე ტესტ-მატჩი გერმანულ ქალაქ ლუდვიგსბურგში გამართა და "შტუტგარტთან" 0:1 დათმო. თამაშის დასაწყისშივე გამარჯვების გოლი შვაბთა მარჯვენა მცველმა დანიელ შვააბმა კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიტანა. "ვალენსიას" ძალიან ეტყობა რობერტო სოლდადოს არყოფნა (3 მატჩში 1 გოლი). "ღამურების" მთავარ მეგოლეს ჯერ შვებულება
აქვს, რადგან კონფედერაციათა თასზე ითამაშა.

აი, მერე დაუბრუნდება თუ არა "ვალენსიას" "ჯარისკაცი", უცნობია - "ტოტენჰემმა" 20-მილიონიანი შეთავაზება გაამზადა, რასაც ფინანსურად შეჭირვებული "ვალენსია" იოლად ვერ უარყოფს. "ღამურების" რიგებში ითამაშა "ჩელსიდან" განათხოვრებულმა ორიოლ რომეუმ.

ფეხბურთი და გუნდაობა
"კოპა ევროპამერიკანას" ეგიდით, "სევილია" ჩილეს "უნივერდისად კატოლიკას" შეხვდა და 2:0 მოუგო. დიდებულად მოერგო "სევილიას" გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მარკო მარინი. ექსჩელსელმა ამ შეხვედრაშიც გაიტანა ("სან ფერნანდოსთან" სულაც დუბლი შეასრულა). მეორე გოლი ხაიმე სამპერიოს ანგარიშზეა. არადა, სამხრეთ ამერიკაში ჩასულ "სევილიას" ესპანელთათვის უცნაური ამინდი დაუხვდა - სანტიაგოში თამაში თოვლ-ჭყაპში გაიმართა. "მარკა" წერს, რომ 12 ათასი გულშემატკივარი, მატჩის ყურებასთან ერთად, გუნდაობით ერთობოდა.

ვალვერდემ კარგად დაიწყო
მე-2 ტესტ-მატჩი გამართა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომპოვებელმა "რეალ სოსიედადმა" - ბასკურ ლოინაცში "ტულუზს" 1:1 დაუზავდა. ბასკების უპირატესობა აშკარა იყო, ანტუან გრიზმანმა ერთი გოლიც გაიტანა ფრანგი თანამემამულეების კარში, მაგრამ შემდეგ "რეალ სოსიედადმა" იმდენი "მოახერხა", რომ აქეთ გაუშვა.

ავსტრიულ კუფშტაინში ერნესტო ვალვერდემ პირველად დამოძღვრა ბილბაოს "ატლეტიკი", რომელმაც ბუნდესლიგაში აღზევებული ბრაუნშვაიგის "აინტრახტი" გაანადგურა - 4:0. პირველ ტაიმში გოლები მარკელ სუსაეტამ და ინიგო რუის დე გალარეტამ გაიტანეს, მეორეში - არიც ადურისმა და ოსკარ დე მარკოსმა.

ამხანაგური მატჩები

16 ივლისი
სან ფერნანდო-სევილია 1:4
გოლები: 1:0 კარიონი (30), 1:1 რეიესი (33), 1:2 მარინი (54), 1:3 რეიესი (63), 1:4 მარინი (90)

17 ივლისი
მანჰაიმი-ვალენსია 0:0

გენკი-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 დუდა (25-პენ)

ხეტაფე-ბრაიტონი 0:1
გოლი: 0:1 ორლანდი (12)

19 ივლისი
აიაქსი-ოსასუნა 1:0
გოლი: 1:0 კლაასენი (7)

კორია-ბეტისი 2:2
გოლები: 0:1 სევილია (4-პენ), 1:1 კურო (28), 1:2 სედრიკი (55), 2:2 კამპოსი (71)

20 ივლისი
შტუტგარტი-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 შვააბი (3)

ბეტისი-ბრაგა 0:0

ხიმნასტიკი-ვილიარეალი 1:2
გოლები: 1:0 ლუსენა (31), 1:1 ხ. პერეირა (43), 1:2 ხუანიტო (63)

ბრაუნშვაიგი-ბილბაო 0:4
გოლები: 0:1 სუსაეტა (20), 0:2 რუისი (28), 0:3 ადურისი (47), 0:4 დე მარკოსი (75)

ლეხია-ბარსელონა არ შედგა

ალკალა-რაიო ვალეკანო 0:1
გოლი: 0:1 საბალსი (53)

რეალ სოსიედადი-ტულუზი 1:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (10), 1:1 სილა (78)

უნ. კატოლიკა-სევილია 0:2
გოლები: 0:1 მარინი (61), 0:2 სამპერიო (84)

ვალიადოლიდი-ვალიადოლიდი II 8:0

სან როკე-ლევანტე 0:2
გოლები: 0:1 ბარალი (6), 0:2 როდასი (89)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული