ლიონი-რეალი: "კარლეტოს" ნაძვის ხე ძალიან მწვანეა

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტი საფრანგეთში "რეალის" მწვრთნელის პოსტზე თავის პირველ მარცხს დაუძვრა, რისთვისაც ბრაზილიელი კაზემირუს მადლიერი უნდა იყოს. ამასობაში "რეალის" ტორსიდამ შვებით ამოისუნთქა: "სამეფო კლუბის" ყველაზე ნიჭიერმა ახალგაზრდამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა...

ადიოს, პიპა!
პირველ ამხანაგურ მატჩსა და მეორეს შორის "რეალმა" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი დაკარგა. 25 წლის "პიპა" (გუნდში რომ მივიდა, ჯერ "პიპიტას" ეძახდნენ) 6 სეზონი ერთგულად ემსახურა "სამეფო კლუბს". ამ ხნის განმავლობაში ლა ლიგაში 190 თამაშში 107 გოლი გაიტანა, რაც დიდებული მაჩვენებელია. "ბორნმუთთან" ამხანაგურ მატჩში მან უკანასკნელად გაიტანა "რეალის" თეთრი მაისურით.

ახლა უკვე "პიპა" "ნაპოლისთვის" გაიტანს, რომელიც მის კარიერაში სულ მესამე კლუბი იქნება (პირველი "რივერ პლეიტი" იყო). გონსალო "რეალს" მისთვის მშობლიურ ქვეყანაში (ის ფრანგულ ქალაქ ბრესტშია დაბადებული) აღარ გაჰყვა და ნეაპოლში გაფრინდა.

ბონჟურ, ბენზემა
სამაგიეროდ, ლიონში წავიდა "რეალის" მეორე ცენტრფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომლისთვისაც ეს ქალაქი და ამ ქალაქის კლუბი ბევრს ნიშნავს. ლიონის "ოლიმპიკი" ის გუნდია, სადაც დაფრთიანდა ფრანგი ფორვარდი. "სტად ჟერლანზე" მას 66 გოლი აქვს გატანილი "ლიონის" მაისურით. ერთხელ კიდევ გაიტანა მან ამ სტადიონზე, 2010/11 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში, მაგრამ უკვე "ლიონის" კარში.

წინდაწინვე ვიტყვით, რომ ამჯერად მას გოლის გატანა არ ეწერა, ტაიმი ითამაშა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

თამაში: გრენიეს სუპერგოლი, კაზემირუს თავური
კარლო ანჩელოტიმ ლიონში 20 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთაგანაც "ლიონთან" 19 ათამაშა. ამჯერად მოედანზე გასვლა არ მოუწია სათადარიგო გოლკიპერ ხესუსს, რომელმაც "ბორნმუთთან" მეორე ტაიმი ითამაშა. ანჩელოტის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ახალგაზრდა რუსი დენის ჩერიშევი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და გარკვეული როლი იმაშიც მიიღო, რომ "რეალმა" თამაში "შემოატრიალა".

რუსის გარდა, 90-90 წუთი მხოლოდ ანხელ დი მარიამ და ნაჩო ფერნანდესმა ითამაშეს. კარიერაში პირველად მოხვდა მადრიდის "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ასიერ ილიარამენდიც.

"ლიონი" რამდენიმე დღეში სეზონს იწყებს, გუნდი უკვე ფორმაშია, ამიტომაც არავის უნდა გაკვირვებოდა, რომ ფრანგები ესპანელებს ფიზიკურადაც სჯობდნენ და თამაშითაც. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა.

ანგარიში კი სუპერგოლით გაიხსნა, მარჯვენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა ალექსანდრ ლაკაზეტმა, მისი ჩამოწოდებული კი ყოველგვარი დამუშავების გარეშე, ელეგანტურად დიეგო ლოპესის კარში დაარტყა 22 წლის კლემან გრენიემ (მე-20 წთ).

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ის იყო, "რეალმა" ხელთ იგდო უპირატესობა, რომ აქეთ გაუშვა მეორე გოლი - ამჯერად ლაკაზეტმა საჯარიმოში თავით დაუგდო ბურთი ლისანდრო ლოპესს და არგენტინელმაც ანტონიო ადანი დაამწუხრა (62-ე წთ).

"რეალი" წაგებას მაინც გადარჩა, დენის ჩერიშევის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ალვარო მორატამ (78-ე წთ) აქცია. ანგარიში უკვე კაზემირუმ გაათანაბრა (84-ე წთ), რომელიც კუთხურს თავით შეეგება - 2:2.

დროა, კაზემირუზეც ვთქვათ, რადგან ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა წინა მატჩშიც გაიტანა. ბრაზილიელს "რეალის" ახალწვეულს მაინც ვერ ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ის "სამეფო კლუბმა" ამ ზაფხულს შეიძინა. 21 წლის კაზემირუ გასულ სეზონში "რეალის" სარეზერვო გუნდში თამაშობდა იჯარით "სან პაულოდან", ბოლო ტურში კი სულაც ლა ლიგაში ითამაშა. "რეალის" ამ ცოტა უცნაურმა ბრაზილიელმა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უკვე 5 მატჩის გამართვა მოასწრო.

რემი გარდი (ლიონი): "მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა იყო, რომ ჩვენ მოგებას ვიმსახურებდით. მეტის გატანაც კი შეგვეძლო. შესვენებაზე ბიჭები გავაფრთხილე, რომ მზად ყოფილიყვნენ "რეალის" შემოტევებისთვის, რადგან ეს ის გუნდია, რომელიც არასოდეს ნებდება".

კარლო ანჩელოტი (რეალი): "იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ორი კვირაც არ არის, რაც ვმუშაობთ, გუნდმა კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში სათანადოდ ვითამაშეთ და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი გუნდის მწვრთნელობა - "რეალი" მსოფლიოში საუკეთესოა".

ლიონი-რეალი 2:2
რეალი (4-3-2-1): დ. ლოპესი (46. ადანი) - კარვახალი (76. ქუინი), პეპე (63. ), ნაჩო, ჩერიშევი - ილიარამენდი (35. კაზემირუ), ისკო (62. კასადო), დი მარია - იოზილი (46. ხედირა), რონალდო (63. მორატა) - ბენზემა (46. მოდრიჩი)

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



4-3-2-1
მართალია, ანჩელოტი მაინც კმაყოფილი დარჩა, მაგრამ თავად ანჩელოტით არ დარჩა კმაყოფილი ესპანური პრესა. "მარკას" აზრით, იტალიელის სიახლემ ვერ გაამართლა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ჟოზე მოურინიოს "რეალი" უკვე ტრადიციად ქცეული 4-2-3-1 ტაქტიკური განლაგებით თამაშობდა. "ლიონთან" "კარლეტომ" 4-3-2-1 შემოგვთავაზა - ნაძვის ხე, როგორც მას იტალიაში უწოდებენ.

ყველაზე მეტად ცვლილება ანხელ დი მარიას შეეხო, რომელიც მარცხენა ნახევარმცველად გადაიყვანეს. "მარკას" მიაჩნია, სწორედ ამ ცვლილების გამო იყო კრიშტიანო რონალდო ინერტული, რომელიც იტალიელმა ე.წ. 9 ნომერზეც მოსინჯა, ისევე, როგორც თავად დი მარია. ცუდად გამოიყურებოდა ილიარამენდიც, სანამ შეცვლიდნენ (მცირე ტრავმა მიიღო).

როგორ გააგრძელებს ექსპერიმენტებს კარლეტო, ჯერ უცნობია, ერთი თამაშით დასკვნის გამოტანა კი - არასწორი...

ხესე დარჩა! დენისიც
ბოლო დროს მადრიდის "რეალის" ფანებს 20 წლის ხესე როდრიგეს რუისის ბედი ანაღვლებდათ. "რეალის" სარეზერვო გუნდის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდას ვერ გადაეწყვიტა, რა გზას დადგომოდა. მას ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მათ შორის, ინგლისური კლუბებიდანაც.

როგორც ჩანს, გადამწყვეტი იგუაინის წასვლა აღმოჩნდა, ხესემ დარჩენა გადაწყვიტა და მაშინ, როცა მისი თანაგუნდელები ლიონში ეშვებოდნენ, ფორვარდმა მშვიდად მოაწერა "რეალის" ოფისში ახალ, 4-წლიან ხელშეკრულებას ხელი.

ხესე 14 წლის კანარელი ბიჭუნა იყო, როცა "რეალის" აკადემიაში ჩაირიცხა. მაშინ ის კადეტთა "ბ" გუნდში მიიღეს. მას მერე ხესემ ყველა ეტაპი გამოიარა. 18 წლის ასაკში მას "რეალის" პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ხესე აცხადებს, რომ მისი კუმირი კრიშტიანო რონალდოა.

მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთი ტალანტი შეინარჩუნა, ისიც მომდევნო 4 წლით. საუბარია რუს უნივერსალ დენის ჩერიშევზე, რომელიც 12 წლის ასაკიდან "რეალის" აკადემიის წევრია. გასულ სეზონში "რეალ კასტილიას" შემადგენლობაში დენისმა 11 გოლი გაიტანა. 22 წლის ფეხბურთელი ცნობილი რუსი ფეხბურთელის, დმიტრი ჩერიშევის შვილია. დმიტრიმ 1996-2003 წლები ესპანეთში გაატარა, სადაც ხიხონის "სპორტინგის", "ბურგოსის" და "რეალ არანხესის" ღირსებას იცავდა.

ახალი საგარეო ფორმა
ამასობაში "რეალის" 2013/14 წლების საგარეო ფორმის პრეზენტაცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მესუთ იოზილმა, ქარიმ ბენზემამ, ალვარო მორატამ და სხვებმა მიიღეს. პირველად ამ ახალ ფორმას "რეალი" 27 ივლისს "პარი სენ-ჟერმენთან", კარლო ანჩელოტის ყოფილ გუნდთან მატჩში მოირგებს.

ფორმა ლურჯია. ბენზემა ხუმრობდა, თავი საფრანგეთის ნაკრებში მგონიაო. პრეზენტაცია ნაკლებად პომპეზური გამოვიდა, რადგან სანტიაგო დე კომპოსტელაში ტრაგედია მოხდა - მატარებლის ავარიას 80-მდე ადამიანი შეეწირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონი-რეალი 2:2 - "სამეფო კლუბი" მარცხს გადაურჩა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული