გონსალო იგუაინის ყველაზე უცნაური გოლი კარიერაში

AutoSharing Option
"რეალმა" და "ბარსელონამ" მეტოქეებს 5-5 გოლი გაუტანეს, თუმცა "კოპა დელ რეის" საპასუხო მეთექვსმეტედფინალების რეკორდი მაინც "სევილიას" გადაულოცეს - ანდალუსიელებმა "რეალ უნიონს" 6:1 მოუგეს. ორი მატჩის ჯამშიც სწორედ გრეგორიო მანსანოს გუნდმა დაჩაგრა მეტოქე ყველაზე მეტად - 10 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი მიიღო. იმ ერთის ავტორ ენეკო რომოს, რომელიც "უხსოვარ" დროს ბილბაოს "ატლეტიკშიც" კი გამოდიოდა, დღევანდელი გადმოსახედიდან, სჯობდა არ გაეტანა. გაბრაზებულმა ანდალუსიელებმა ირუნელებს 6 "ტყვია დაახალეს", სამ-სამი თითო ტაიმში. აღსანიშნავია, თითო გოლით თავი "სევილიას" ამომავალმა ვარსკვლავებმა, როდრიმ და ბერნარდომ გამოიჩინეს. მოკლედ,
"სევილიამ" ტიტულის დაცვა (შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს გუნდი ფლობს სამეფო თასს) უპრობლემოდ და ბრწყინვალე სტილში დაიწყო. ალბათ, უკვე იმის დროცაა, რომ აღვნიშნოთ - გუნდს უკვე დაეტყო გამოცდილი სპეციალისტის ხელი.

სანამ "რეალისა" და "ბარსელონას" უხვგოლიან სათასო პერიპეტიებზე ვიტყვით, ისევ სევილიურ კლუბზე შევჩერდებით - ოღონდ "სევილიის" დაუძინებელ მტერ "ბეტისზე". სეგუნდადივიზიონის ერთპიროვნულმა ლიდერმა ჩემპიონატის აუტსაიდერი "სარაგოსა" სენსაციურად დაამარცხა და თასიდანაც გააგდო. "ვერდიბლანკოსი" "ლა რომალედაზე" თითქოს უიმედო მდგომარეობაში წარდგა - პირველი თამაში "ბეტისს" 0:1 ჰქონდა წაგებული, მაგრამ არაგონელებს საქმეები თავიანთმა გამოცდილმა იტალიელმა მცველმა მატეო კონტინიმ აურია - მატჩის დაწყებიდან 12 წუთი იყო სულ გასული, როცა კონტინიმ საკუთარ კარში გაიტანა ბურთი და "სარაგოსას" უპირატესობაც სადღაც გაქრა...

მოვლენები სწრაფად განვითარდა, მართალია, ირჟი იაროშიკმა თავისი მეწყვილის შეცდომა გამოასწორა და "ბეტისის" კარი აიღო, მაგრამ მალევე ანდალუსიელები თავიანთმა ბომბარდირმა რუბენ კასტრომ დააწინაურა. "ბეტისი" მერვედფინალშია მეტოქის მოედანზე გატანილი მეტი გოლის წყალობით.

"რეალმა" "მურსია" პირველ შეხვედრაში ვერ დაამარცხა და ესპანურ მედიაში "ალკორკონულ კრახზე" ალაპარაკდნენ. გახსოვთ, ალბათ, რომ შარშან "სამეფო კლუბი" მაშინ რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე "ალკორკონმა" დაიფრინა სამეფო ტიტულისთვის ბრძოლაში. ჟოზე მოურინიოც ერთობ სერიოზულად მიუდგა მეტოქეს და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა. მწვრთნელმა ამოსუნთქვის საშუალება კრიშტიანო რონალდოს, ანხელ დი მარიასა და ჩაბი ალონსოს მისცა, თუმცა მეორე ტაიმში ესენიც გამოიყენა. გამოიყენა კი არადა "რეალის" 5 გოლიდან 2 შეცვლაზე შემოსულთა ანგარიშზეა. "რეალმა" კი მოიგო ეს თამაში იოლად (5:1), მაგრამ შეხვედრა ისტორიაში არგენტინელი გონსალო იგუაინის უცნაურზე უცნაური გოლით შევა. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად: მე-5 წუთი დაიწყო თუ არა პედრო ლეონმა საჯარიმოს წინ დაუგორა ბურთი ესტებან გრანეროს, რომელმაც "ცხრიანში" სუპერგოლი გაიტანა. ტაიმის ბოლომდე არაფერი მომხდარა. 45-ე წუთზე კი სწორედ ის საკამათო ეპიზოდი იყო - მარცხნიდან ჩაწოდებულს საჯარიმოში ამხტართაგან ვერავინ მიწვდა, იგუაინმა კი გაიტანა, მაგრამ ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარეს... სერხიო რამოსი "ბლოკავდა" დაახლოებით იმ სტილში, როგორც ეს ეროვნულ საკალათბურთო ლიგაშია. მურსიელთა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო.  წარმოვიდგინეთ რა ბედი ელოდა მსაჯს ასეთი "გოლი" საქართველოს ჩემპიონატში რომ ჩაეთვალა.

თქმა არ უნდა, თამაში "გაფუჭდა". შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "მურსია" შეძლებდა "რეალის" გაგდებას, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ჯუჯებს ძლივს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ და მსაჯმა პარადას რომერომ ესეც მოუსპო. 75-ე წუთზე დი მარიამ ბურთი ისე დააბზრიალა საჯარიმოში ჩაწოდებისას, როგორც ბილიარდში და კრიშტიანოს ფეხის დახვედრების მეტი არაფერი დარჩენოდა. შემდეგ "მურსიამ" ერთი ბურთი პენალტით გაქვითა (პედრო), მაგრამ სტუმრებმა კიდევ ორი გაუშვეს, ბენზემამ (პენალტით) და ჩაბი ალონსომ (საჯარიმო დარტყმით) გაიტანეს.

ერთი რამ "დაგვავიწყდა" - პარადას რომერომ ერთხელაც გამოიჩინა თავი, როცა პირველ ტაიმში ჟოზე მოურინიო ტრიბუნაზე მიაბრძანა. ეს მოურინიოს პირველი წითელი ბარათია ესპანურ კარიერაში. თამაშის შემდეგ მოურინიო ცდილობდა ეხუმრა, რომ იმ ადგილიდან თამაში უკეთ ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალზე გაღიზიანებული იყო პარადას რომეროს საქციელით: "მოდი, მისი საქციელი სხვამ განსაჯოს, თუნდაც მისმა უშუალო ხელმძღვანელებმა, მაგრამ სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს. კაცს, რომელსაც 50 მატჩზე მეტის განსჯის გამოცდილება არა აქვს, ჯამში 250 ყვითელი ბარათი და 14-15 წითელი აქვს დარიგებული! "სარაგოსასა" და "მალიორკას" მატჩში კი სეზონის რეკორდი დაამყარა, 10 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს".

"რეალისგან" განსხვავებით "ბარსელონას" თავი ქუდში ჰქონდა, პირველივე თამაში სტუმრად 2:0 მოეგო. ამიტომაც, ხოსეპ გვარდიოლამ მეტ ექსპერიმენტს მიმართა, ვიდრე მისმა მადრიდელმა კოლეგამ, თუმცა ლეო მესის გამოყვანა მას მაინც დასჭირდა. მატჩის მე-2 წუთზე 23 წლის ნოლიტომ ისეთი გოლი გაიტანა (დაახლოებით ბრაზილიელი რონალდოს სტილში), რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. შემდეგ გაბი მილიტომ შეაგდო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვირტუოზულად მისმა ახალგაზრდა თანაგუნდელმა ტიაგო ალკანტარამ იმოქმედა. არადა, ჯერ 8 წუთიც არ იყო ჯერ გასული...

მალევე ბოიან კრკიჩი ეპიზოდის გმირი და შემდეგ ანტიგმირი გახდა, ის ბრწყინვალედ დაუსხლდა მცველებს, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ვიქტორ მორენომ ხელი ჰკრა. პენალტი ბოიანმავე შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მალევე ჟილსონ დე გუზმანმა ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ტაიმში აფრიკელთა კარი პედრომ, კრკიჩმა და მესიმ აიღეს. ერთ არასათამაშო ეპიზოდზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ - ჟერარდ პიკე ცნობილია უცნაური გამოხდომებით. გახსოვთ, ალბათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონობის ზეიმისას "ბარსელონას" მცველმა ვიღაც შუახნის მამაკაცს შეაფურთხა. "მურსიასთან" მას არ უთამაშია და კარლეს პუიოლთან ერთად ტრიბუნაზე იჯდა. პიკეს ბოლოსკენ მოსწყინდა თამაშის ცქერა და ახალი გასართობი მონახა, მზესუმზირას შეექცეოდა და მის წინა რიგებში მჯდომი მელოტი ამოიჩემა, რომელსაც პერიოდულად ესროდა მზესუმზირის მარცვლებს. როდესაც იმ კაცმა პიკეს საქციელი გააპროტესტა, მცველმა ყველაფერი კაპიტანს გადააბრალა. საბრალო პუიოლი უხსნიდა დაზარალებულს, რომ ის არაფერ შუაშია. თამაშის მიწურულს წამომდგარმა პიკემ მთელი პაკეტი ესროლა მელოტს და კიბეებზე გაუჩინარდა...

ძალზე დაძაბული გამოდგა ახლახან გავარდნილი "ხერესისა" და ახლახან შემოსული "ლევანტეს" დაპირისპირება. ვალენსიელები შინ 1:2 დამარცხდნენ და მხოლოდ იმის ხარჯზე გააგდეს სეგუნდადივიზიონის გუნდი, რომ მეტოქის მოედანზე მეტი გოლი გაიტანეს. "ლევანტეს" კარში ორივე გოლი ანტონიტომ გაიტანა, თუმცა, როგორც დავწერეთ, ეს საკმარისი არ გამოდგა.

პრიმერადივიზიონელთა დუელში "ალმერიას" ერთობ დაეხმარა ულოას გვიანი გოლი. ანდალუსიელებმა ჯამში 5:3 დაამარცხეს "რეალ სოსიედადი". ბილბაოს "ატლეტიკმა" "ალკორკონს", რომელიც წლეულს უკვე სეგუნდაშია, შარშანდელი გმირობის გამეორება არ აცადა, შინ 2:0 მოუგო, ორი მატჩის ჯამში კი - 3:0. მერვედფინალში "ვილიარეალი", "ატლეტიკო" და "დეპორტივოც" გავიდნენ... 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული