გადაწყდა - ჩემპიონატის უმთავრესი დაპირისპირება - "ელ კლასიკო" - მაინც ორშაბათს გაიმართება - 29 ნოემბერს! თავიდან ესპანეთის ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ (LFP) "კამპ ნოუზე" გასამართი მატჩის თარიღად სწორედ ორშაბათი დათქვა. თუმცა ეს არ იყო ბრძანება, ეს იყო შეთავაზება, რომელიც "კლასიკოს" ჩვენების უფლების მქონე ტელევიზიებმა კატეგორიულად უარყვეს. მათ "ბარსელონა"-"რეალის" საუკეთესო თარიღად 28 ნოემბრის გვიანი კვირა მიიჩნიეს, მაგრამ პროფესიულმა ლიგამ გუშინ მაინც 29 ნოემბერი დაადგინა.
LFP მაინც იქიდან გამოდის, რომ კვირას მატჩის გამართვა იმავე დღის კატალონიის რეგიონის არჩევნებს ხელს შეუშლის. უფრო ზუსტად, ამ
არჩევნების გამო ვერ განხორციელდება სტადიონზე უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომები. ფეხბურთელები, მსაჯები, ოფიციალური პირები და გულშემატკივარი ბოლომდე დაცული ვერ იქნება. ტელევიზიები სწორედ არჩევნების გამო ითხოვდნენ მატჩის სათამოს 9 საათზე დანიშვნას, საარჩევნო უბნები კი ერთი საათით ადრე იკეტება, მაგრამ ეს საკმარისი არგუმენტი ვერ გამოდგა.
"კლასიკოს" ორშაბათს გამართვას ბევრი წინააღმდეგი კლუბებშიც ჰყავდა. მაგალითად, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს "დისკრედიტაციას უწევენ". ჩავიმ კი თქვა, რომ ამით "კლასიკოს" "სულს" უკარგავენ...
სხვათა შორის, ჟოზე მოურინიომ და ხოსეპ გვარდიოლამ თავიდანვე მშვიდად მიიღეს სიახლე, მათთვის მატჩის გამართვის თარიღს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. "კლასიკო" ორშაბათს ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიწყება.